ქალაქ ზუგდიდის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვზე კონტროლი მკაცრდება - შესაბამისი გადაწყვეტილება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო. ქალაქის მერის ირაკლი გოგოხიას განცხადებით, დაწესდება შესაბამისი სამსახურების მორიგეობა. ისინი იზრუნებენ, რომ ქალაქი გასუფთავდეს ქუჩის ძაღლებისა და ასევე მსხვილფეხა პირუტყვისგან.
„ქალაქს ერთი ძაღლის მოშორება 25 ლარი უჯდება, მაგრამ თუ საჭირო იქნება, დავამატებთ კიდევაც. ძროხებს რაც შეეხება, ჩვენ არ გვქონდა ნორმატიული აქტები, რომ დაგვეჯარიმებინა. იყო ალიკა ქობალიას დროინდელი (ზუგდიდის ყოფილი გამგებელი ავტ.) 2007 წლის ბრძანება, ამიტომ სასწრაფოდ უნდა გამოგვეტანა ეს. უკვე მასიურად დაიწყება გასუფთავება-გაწმენდა. პირველ საათამდე დასუფთავების სამსახურთან ერთად იქნება მერიის სამსახური. ისინი ქუჩებში იმორიგევებენ საწვავით და მანქანით და, ალბათ, ძალიან მალე შედეგს იგრძნობს ქალაქი“, - განაცხადა ქალაქის მერმა.
რაც შეეხება ჯარიმებს, ისინი ისეთივე რჩება, როგორიც ადრე ჰქონდა გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს. მოქალაქე, რომლის პირუტყვიც დაფიქსირდება ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, სკვერებსა თუ ბაღებში, პირველ ჯერზე დაჯარიმდება 50 ლარით, იმავე ფაქტის ორჯერ გამეორების შემთხვევაში - 100-100 ლარით. თუ 20 დღის ვადაში არ გადაიხადა მფლობელმა ჯარიმა, შინაური ცხოველი გასხვისდება.
„მოხდება პირუტყვის რეალიზება უფრო მეტ თანხაში, ვიდრე სამსახურს დაუჯდა მისი შენახვა, ანუ დღეში 10 ლარზე მეტი, რჩენის საფასური. თუ იმაზე მეტ თანხად გაიყიდება, მაშინ დარჩენილი თანხა დაუბრუნდება მეპატრონეს“, - განაცხადა საკრებულოს წევრმა კახა ფარცვანიამ.
სხდომაზე საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძე გამოვიდა ინიციატივით, ქალაქში სისუფთავის უზრუნველსაყოფად დაწესდეს ჯარიმა მოქალაქეებზე, რომლებიც დაანაგვიანებენ ზუგდიდს:
„შეუძლიათ დალიონ კოკა-კოლა, შეჭამონ ხაჭაპური და მოისროლონ პირდაპირ ქუჩაში. თან ისე, რომ არც კი შერცხვეთ. თუ ჩვენ შემოვიტანთ ჯარიმას და ნელ-ნელა შევაჩვევთ, რომ არ შეიძლება ამის გაკეთება, იმიტომ რომ შენი ქალაქია და, პირველ რიგში, შენ უნდა გაუფრთხილდე, ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად შევამცირებთ ამას. მაგრამ ამ შეჩვევას დრო სჭირდება“.
საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ამ თემაზე კომისია უნდა შეიკრიბოს და შეიმუშაოს კონკრეტული წინადადება:
„შევისწავლოთ ეს საკითხი, რა თქმა უნდა. მივმართოთ კომისიას, რომ გაამკაცროს, მაგრამ მერწმუნეთ, ქალაქი არ იქნება სუფთა, თუ საზოგადოება არ დაიცავს სისუფთავის ნორმებს. მე თავად ვარ მოწმე: ჩვენ ერთობლივად რამდენჯერმე გავასუფთავეთ მდინარე ჩხოუში, თუმცა რამდენიმე დღეში ანალოგიურ მდგომარეობაში იქნა მოყვანილი, მე ვიტყოდი, საზოგადოების უპასუხისმგებლო ნაწილის მიერ“.
რაც შეეხება ქალაქის მერის წინადადებას მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვზე კონტროლის გამკაცრების შესახებ, შესრულება ამ კვირაში უნდა დაიწყოს. ირაკლი გოგოხიას განცხადებით, ზუგდიდელები კონკრეტულ შედეგებს ძალიან მალე ნახავენ.