საკრებულომ ქალაქ ზუგდიდის ბიუჯეტი დაამტკიცა

თვითმმართველი ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ 2014 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მისი მიღება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც თვითმმართველობის არჩევნებამდე არსებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ორ თვითმმართველ ორგანოდ გაიყო. ბიუჯეტის პროექტი დეპუტატებს გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნანი მიქენაიამ გააცნო. მისი განცხადებით, მუნიციპალიტეტსა და ქალაქს შორის თანხები თითქმის თანაბრად გაიყო:

„მთლიანობაში, ზუგდიდის გაუქმებული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გახლდათ ოცდაცამეტი მილიონ სამას ცხრამეტი ათასი ლარი. მე მოგახსენებთ დამრგვალებულ ციფრებს, 100 ლარებში არ დავწვრილმანდები. ქალაქის მერიის ბიუჯეტი წარმოდგენილია 17 მილიონით და თემის ბიუჯეტი 16 მილიონ შვიდასი ლარის ოდენობით“.

ქალაქ ზუგდიდის 2014 წლის ბიუჯეტის შედგენასა და ქალაქსა და თემს შორის სამსახურების დაყოფასთან დაკავშირებით სხდომაზე წინა მოწვევის საკრებულოს მიმართ პრეტენზიები გამოთქვა ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ:

„ტრანსპორტის სამსახური მიაკუთვნეს რაიონს, ასევე ქორეოგრაფიული ცენტრი „ოდიშიც“ და ზუგდიდი საერთოდ კულტურის გარეშე დატოვეს. 21 ავტობუსია და ქალაქში დადის ცამეტი, შვიდი კი რაიონში და იქედანაც 2 დოტაციურია. ჩვენ უკვე თვითმმართველი ქალაქი ვართ და ტრანსპორტის დარეგულირების წესი ამოქმედდება და მაშინ ტენდერი უნდა გამოვაცხადო? ფული უნდა გადავახდევინო? არ ვიცი, საერთოდ რითი იხელმძღვანელა წინა საკრებულომ ან რა ლოგიკით, ჩემთვის გაუგებარია“.

მერის განცხადებით, ქალაქსა და თემს შორის სამსახურების ამგვარი გადანაწილება გარკვეულ სირთულეებს შექმნის და თანდათან ბიუჯეტში გარკვეული ცვლილებების შეტანა იქნება საჭირო. ირაკლი გოგოხიას საპასუხოდ საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძემ განაცხადა, რომ წინა მოწვევის საკრებულომ გადაწყვეტილება არა დამოუკიდებლად, არამედ გამგეობასთან ერთად მიიღო. მისი თქმით, პროექტი სწრაფ ტემპში შემუშავდა, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობა არ შეფერხებულიყო:

„საგანგაშო არ არის არაფერი. გაგრძელდება და თანდათან შეიცვლება. რაც ქალაქს სჭირდება, დარჩება ქალაქს და რაც რაიონს სჭირდება, დარჩება რაიონს“.

ამასთან, ანა წითლიძემ მერს კითხვა დაუსვა, თუ როგორ გეგმავს ის არსებული მწირი ბიუჯეტით ზუგდიდის ეკონომიკურ განვითარებას, მით უფრო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმისგან საზოგადოება სწორედ ეკონომიკურ და ფინანსურ დეცენტრალიზაციას ელოდება. ირაკლი გოგოხიას განცხადებით, მისი გუნდი სწორედ ამ საკითხზე მუშაობს და კონკრეტულ შემუშავებულ გეგმას საკრებულოს მომდევნო სხდომებზე წარუდგენს:

„ტრანსპორტის რეგულაციის კანონი შევიდა ძალაში და ჩვენ ტრანსპორტითაც შეგვიძლია დიდი თანხები მივიღოთ, პლუს ამას, ქალაქს ადრე ტროტუარები არ ჰქონდა და ახლა გადაეცა გარეგანათება, პარკირება... რესურსი არის ძალიან დიდი და მოგაწვდით ჩემი ეკონომიკური სამსახური, თუ რას და როგორ ვმუშაობთ“.

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას განცხადებით, ქალაქსა და თემს შორის ქონების გაყოფაში ცვლილებების შეტანა მომავალშიც შესაძლებელი იქნება:

„საბიუჯეტო წლის დასრულებამდე კიდევ არის დრო დარჩენილი. ჩვენ უკვე პრაქტიკაში ვნახავთ, თუ რა უკმარისობებია და გამოვასწორებთ. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა უკვე 2015 წლისთვის ყველაფერი გავასწოროთ“.

მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოში დეპუტატთა დიდი ნაწილი, მთლიანობაში, ბიუჯეტის არსებულ პროექტს არ დაეთანხმა, თვითმმართველობის მუშაობის გასაგრძელებლად მისი დამტკიცების გადაწყვეტილება მიიღო.