ზუგდიდის სოფელ ზედაეწერში სამი იძულებით გადაადგილებული და ერთიც ადგილობრივი ოჯახი ხანძრის შედეგად განადგურებული დევნილთა ჩასახლების რემონტს ითხოვს. დევნილების თქმით, საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი შვიდი თვის წინ გაუჩნდა და მას შემდეგ დახმარებას უშედეგოდ ითხოვენ. ელექტროსადენების გაუმართაობის მიზეზით გაჩენილმა ხამნძარმა სოფლის მეურნეობის ყოფილ შენობაში ჭერი გაანადგურა. კედლებიდან, რომელიც წვიმის მიზეზით მოირღვა, ბათქაში ცვივა. ოთახების ნაწილში აყრილია იატაკი, ნაწილი კი სახურავიდან ჩამოსულმა წყალმა გააფუჭა. ბინები საცხოვრებლად უვარგისია. აქ მცხოვრები ოჯახების ნაწილმა თავი დროებით მეზობლებსა და ახლობლებს შეაფარა.
„სახანძრო გამოვიძახეთ, მაგრამ ჩაქრობა ვერ მოვასწარით, ამას ზევით სულ ბაიკები აქვს და ცეცხლი წაეკიდა. სახურავი ხომ, საერთოდ, კაპიკად არ ვარგა. ამ კორპუსს სააკაშვილის დროს გაუკეთდა რემონტი, მაგრამ ამას შედეგი არ აქვს, რადგან ყველაფერი გააკეთეს უხარისხო, იაფიანი და იყრება უკვე ყველაფერი. ნუ, ხანძარმა რაც დაწვა, დაწვა, მაგრამ სხვაგანაც ცუდი ვითარებაა. კაბელი კი არა, აქ რას არ მოეკიდებოდა, ყველაფერი თვითნებურად იყო გარემონტებული“, - ამბობს რიტა შელია.
ანალოგიური პრობლემა აწუხებთ იძულებით გადაადგილებულ ეკა ძიგუას და გულნაზ ქავთარაძეს. ისინი მთავრობის შეუსრულებელ დაპირებებზე ლაპარაკობენ:
„2-3 ჯერ იყვნენ თბილისიდან ჩამოსული და ბოლოს გვითხრეს, ყველაფერი რამდენიმე დღეში მოგვარდებაო, მაგრამ რამდენი ხანია ველოდებით და არაფერი არ არის. ჩენც როდემდე ვიცხოვროთ სხვის სახლში?!“
„არჩევნების პერიოდში მოვიდნენ. გვითხრეს, ყველაფერი იქნებაო, მაგრამ არაფერია. შვიდი თვე დამთავრდა, რაც ასე ვართ“.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიულ ორგანოში დევნილების საპასუხოდ აცხადებენ, რომ პრობლემის მოგვარებაზე სამინისტრომ მუშაობა დაიწყო. საკითხზე საუბრისას, აი, რა განუცხადა სამსახურის უფროსმა,მალხაზ ჟვანიამ, ინტერნეტგამოცემას livepress.ge-ის:
„შეფასდა ყველაფერი. მომზადდა პროექტი.თვითონ ის შენობა ძალიან ძველია და მთლიანი რეაბილიტაცია მოითხოვა. ახლა ამისთვის ვამზადებთ ყველაფერს. იქ ერთი ადგილობრივი ოჯახი ცხოვრობს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, მაგას მაინც გავარემონტებთ. თვითონ მოსახლეობა იქ ამბობს, რომ კოსმეტიკური რემონტი საკმარისია, მაგრამ ეს ასე არ არის“.
მალხაზ ჟვანიას განმარტებით, ისინი ჩასახლებაში მცხოვრებ სამ დევნილ ოჯახს ქირისთვის 150 ლარს უხდიან მანამ, სანამ სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდება. მისივე განცხადებით, ზამთრისთვის დევნილები უკვე გარემონტებულ შენობაში დაბრუნდებიან.