ზუგდიდის თეატრი, დანგრევის საშიშროების გამო, შესაძლოა დაიხუროს

ზუგდიდის თეატრი

145 წლის ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი დანგრევის პირასაა. მისი ხელმძღვანელობა თეატრის დახურვის საფრთხეზე საუბრობს.

შენობას აწვიმს, კედლები გაბზარულია და ბათქაში ცვივა. სიძველის გამო სცენისა და ოთახების იატაკის ნაწილი დაიშალა. ჭერის ჩანგრევის საშიშროების მიზეზით, თეატრის თანამშრომლები ოთახების დიდი ნაწილით ვერ სარგებლობენ. მსახიობებს არ გააჩნიათ საგრიმიორო.

თეატრის ხელმძღვანელის მაია კალანდიას განცხადებით, შენობის გადარჩენასთან ერთად ახლა უკვე თანამშრომლებისა და მაყურებლის უსაფრთხოების საკითხზეცაა საუბარი:

„აქ დიდი ოთახია, სადაც თეატრის არქივია განთავსებული. სამხატვრო ხელმძღვანელი ამ ოთახში როცა ფოტოებს ათვალიერებდა, ჩაიმტვრა იატაკი და ჩავიდა პირველ სართულზე. როდესაც პრემიერა „თოვლის დედოფალი“ ვითამაშეთ, წავედით „ვა ბანკზე“ მაყურებელთან, წინა კარი გადავკეტეთ და გავხსენით გვერდიდან, რადგან წინა კარებიდან ისინი ვერ შემოვიდოდნენ. გავიდა „თოვლის დედოფალი“. სცენის მუშა მიჰყვება მსახიობს, დეკორაცია რომ გამოცვალოს. უკან ჩაინგრა იატაკი და, მადლობა ღმერთს, გადარჩა სცენის მუშა. ზუგდიდის თეატრი იმ ზღვარზეა, რომ ან უნდა დავიკეტოთ, ან უნდა მოხდეს რეაბილიტაცია“.

დრამატულ თეატრში ამჟამად 41 თანამშრომელი მუშაობს. აქედან 15 მსახიობია. მაია კალანდიას თქმით, მიუხედავად მძიმე სამუშაო პირობებისა, დასმა მოახერხა და 2013 წლის განმავლობაში სხვადასხვა სპექტაკლები შესთავაზა მაყურებელს.

მისივე განმარტებით, თეატრის კვლევისა და მარკეტინგის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში მოქმედი 28 თეატრიდან ზუგდიდის თეატრი, მუშაობის ხარისხის თვალსაზრისით, მეხუთე ადგილზეა.

ზუგდიდის თეატრი

„მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ერთი დღეც არ გავჩერებულვართ. დავიწყეთ 23 დეკემბერს და 8 იანვრამდე ვთამაშობდით ბავშვებისთვის სპექტაკლებს. მსახიობები ყველანაირად ვცდილობთ არ გავჩერდეთ და რაღაც გავაკეთოთ, მაგრამ, აი, ხომ ხედავთ, რა მდგომარეობაა“, - ამბობს მსახიობი ნანა ბუკია, რომელიც ზუგდიდის თეატრში 28 წელია მუშაობს.

სწორედ ასეთი მუშაობისთვის და იმის გამო, რომ „მძიმე 90-იან წლებშიც არ დატოვეს თეატრი“, მადლობა გადაუხადა მსახიობებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ. ის ზუგდიდში ნოემბერში იმყოფებოდა და თეატრს დახმარება აღუთქვა.

ზუგდიდის თეატრი

„სამინისტროს, სამწუხაროდ, არ შეუძლია შენობას რესტავრაცია ჩაუტაროს და ამიტომაც მინისტრი დაჰპირდა მათ, რომ სხვადასხვა შესაბამის უწყებებთან დაიწყებდა შეთანხმებას და ასეთი უკვე არსებობს ნარმანიას უწყებასთან. შესაბამისად, კიდევ, ალბათ, სხვა უწყებებსაც დაეკონტაქტება მინისტრი“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ირმა ცქიტიშვილმა. ის მინისტრს ზუგდიდში ვიზიტისას ახლდა და თეატრში არსებულ მდგომარეობას მასთან ერთად გაეცნო. ირმა ცქიტიშვილის თქმით, სამინისტრო ეცდება შენობის რეკონსტრუქციის საკითხი მიმდინარე წელს მოაგვაროს.

ზუგდიდის თეატრში კი ამბობენ, რომ თუ შენობას დახმარება დროულად არ აღმოუჩინეს, შესაძლოა ის მთლიანად დაინგრეს, ამიტომ პრობლემაზე რეაგირებას კულტურის სამინისტროსგან გონივრულ ვადაში ითხოვენ. მაია კალანდია უწყებისგან ასევე თეატრებისადმი თანაბარ დამოკიდებულებას ითხოვს, რადგან, მისი ცნობით, თელავის თეატრმა გასულ წელს 65 ათასი ლარი მიიღო, მაშინ როცა 145 წლის ზუგდიდის თეატრის ავარიული შენობის შესაკეთებლად ფული საერთოდ არ გადარიცხულა.