ზუგდიდის გამგეობას უმოქმედობაში ადანაშაულებენ

ზუგდიდი

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამეგრელოს ხმა“ ადგილობრივ თვითმმართველობას უმოქმედობასა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის თენგიზ ჯგუშიას განცხადებით, პარლამენტის არჩევნების შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში თანამდებობები უკანონოდ „მიიტაცეს“ .
მისი განმარტებით, ახალი კადრებით დაკომპლექტებულ გამგეობას ქალაქისთვის სასიკეთო არაფერი გაუკეთებია. მეტიც, კვლავ გრძელდება ქალაქის ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა:

„ადგილობრივი დროებით მოვალეობის შემსრულებლები, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ძალიან საეჭვო და ბინძური გარიგებებით, მშვენიერ კოაბიტაციურ პირობებში აგრძელებენ მათთან მუშაობას. გადასხდნენ მხოლოდ ძვირად ღირებულ მანქანებზე. მოსახლეობის ჯიბიდან იღებენ ფულს. ოჯახის წევრებს ატარებენ პირად ღონისძიებებზე. მათი შერჩევა არ მომხდარა საკონკურსო კომისიის მიერ. მიტაცებული აქვთ თანამდებობა არაპროფესიონალებს“.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ქალაქის გამგეობა ასევე უყურადღებობას იჩენს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში დაუდგენელი პირების მიერ გასული წლის დეკემბერში წყლის მთავარი მილების ამოღების საქმის მიმართ. თენგიზ ჯგუშია აცხადებს, რომ გამგეობა არ ცდილობს მოძებნოს ალტერნატიული გზები მოსახლეობისთვის წყლის მომარაგების აღსადგენად.
მისივე ცნობით, წყლის მილების საქმე რომ არ გახმაურებულიყო, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაშა გოგია სოფელ რიყის მოსახლეობას ემუქრებოდა:

დღევანდელი „ოცნების“ თავმჯდომარე ჩავიდა სოფელ რიყეში, სადაც სოფლის მოსახლეობამ მილების მიტაცების გამო აქცია მოაწყო, და უთხრა მათ, აქცია არ მოაწყოთ, თორემ დაისჯებითო...
თენგიზ ჯგუშია
„დღევანდელი „ოცნების“ თავმჯდომარე ჩავიდა სოფელ რიყეში, სადაც სოფლის მოსახლეობამ მილების მიტაცების გამო აქცია მოაწყო, და უთხრა მათ, აქცია არ მოაწყოთ, თორემ დაისჯებითო“.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გურგენ სართანიამ „სამეგრელოს ხმის“ ხელმძღვანელის ბრალდებები უარყო და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირშიც თავად ის დაადანაშაულა:

„თენგიზ ჯგუშია არის დაქირავებული და ახლა აგრესიაზეა გადასული, ჩვენ გვლანძღავს. რაც შეეხება რა გავაკეთეთ ჩვენ, თუ იქნება მოთხოვნა, ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ მიერ განხორციელებულ სამუშაოს წარუდგენთ მოსახლეობას. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გამოითხოვოს ინფორმაცია“.
გურგენ სართანიას განცხადებით, ზუგდიდში იგეგმება სხვადასხვა პროექტების განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს თანდათან წყლის მიწოდებაც აღუდგებათ.

რაც შეეხება გამგეობის თანამშრომელთა მანქანებს და საწვავის არამიზნობრივ ხარჯვას, გურგენ სართანიამ განაცხადა, რომ ძვირად ღირებული მანქანები გამგეობაში მოსულ ახალ კადრებს წინა ხელისუფლებისგან დახვდათ. მისი თქმით, ხშირად ლიმიტით გათვალისწინებულ საწვავს ვერც ხარჯავს და უკან აბრუნებს.

თენგიზ ჯგუშიას ბრალდებები ასევე უარყო პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლაშა გოგიამ. ის მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:
„ეს არის აბსურდული ტყუილი“.

თენგიზ ჯგუშიას განმარტებით კი, „სამეგრელოს ხმა“ გააგრძელებს ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიურ კონტროლს და არ მისცემს მათ უფლებას საზოგადოებას ზურგი აქციონ.