სამეგრელო-ზემო სვანეთის განვითარების გეგმა

ზუგდიდი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის უახლოესი 4 წლის განვითარების სტრატეგიის პროექტზე მუშაობა დასრულდა და ახლა დოკუმენტი რეგიონალური განვითარების საბჭომ უნდა განიხილოს, რის შემდეგაც დასამტკიცებლად რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეგზავნება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონალური განვითარების სამსახურის უფროსის გელა სვირავას განცხადებით, რეგიონის განვითარების სტრატეგიის პროექტი შედგენილია ხალხის საჭიროებებიდან გამომდინარე და არა მუნიციპალიტეტების გამგებლების სურვილების მიხედვით.

მისივე თქმით, დოკუმენტში მთავარ პრიორიტეტებად სოფლის მეურნეობის, სოციალური სფეროს, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება სახელდება:
„ადამიანებს ყველაფერი ერთად უნდათ, მაგრამ რესურსები ამის საშუალებას არ იძლევა. მუნიციპალიტეტები გამოდიან იმ აუცილებლობიდან, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებთ. ეს შეიძლება იყოს წყალი, ეს შეიძლება იყოს გზა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სოციალური სფერო არ განვითარდება. ყველაფერი მოხდება პროპორციულად“.

გელა სვირავას განცხადებით, სამუშაო ჯგუფმა, რომელიც ექსპერტების, ბიზნესსექტორის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შედგებოდა, დოკუმენტის შემუშავებამდე რეგიონის მთავარი პრობლემები და საჭიროებები შეისწავლა, გააკეთა დეტალური ანალიზი და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო პროექტზე მუშაობა.

რეგიონალური განვითარების სამსახურის უფროსს ამ საკითხში არ ეთანხმება არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო მონიტორინგის და კვლევების ცენტრის“ წარმომადგენელი გურამ ჩიხლაძე. ის სამუშაო ჯგუფის რამდენიმე შეხვედრას დაესწრო:

სანამ ამ დოკუმენტის შემუშავებას დაიწყებდნენ, კარგი იქნებოდა ჩატარებულიყო რეგიონში ფართომასშტაბიანი მოკვლევა მოსახლეობაში გასვლითა და მოსახლეობის აზრის გამოკითხვით...
არჩილ თოდუა
„ეყრდნობიან იმ ინფორმაციას, რომელიც ისედაც საჯაროა, უბრალოდ, შეკოწიწებულია და კონკრეტული ანალიზი არ არის გაკეთებული. ძირითადად ეყრდნობიან სტატისტიკის დეპარტამენტის ვებგვერდს, ეყრდნობიან გუბერნატორის აპარატს...“

მიუხედავად შენიშვნებისა, „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრში“ აცხადებენ, რომ ანალიტიკური თვალსაზრისით დოკუმენტი საკმაოდ საინტერესოა, რადგან შედგება მრავალმხრივი სტატისტიკური მონაცემებისგან.

პროექტის დადებით მხარედ ამასვე ასახელებენ ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისში, თუმცა აქვთ შენიშვნებიც. ორგანიზაციის ანალიტიკოსის არჩილ თოდუას განცხადებით, დოკუმენტში არ არის ასახული მოქალაქეთა რეალური საჭიროებები:

„სანამ ამ დოკუმენტის შემუშავებას დაიწყებდნენ, კარგი იქნებოდა ჩატარებულიყო რეგიონში ფართომასშტაბიანი მოკვლევა მოსახლეობაში გასვლითა და მოსახლეობის აზრის გამოკითხვით, რათა გამოვლენილიყო ის კონკრეტული პრობლემები, რაც მოსახლეობას აწუხებს“.

არჩილ თოდუას თქმით, დოკუმენტში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ჩამოთვლილი საკითხები.

გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონალური განვითარების სამსახურის უფროსის გელა სვირავას განცხადებით, სტრატეგიული დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ დაიწყება მუშაობა სამოქმედო გეგმაზე, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი დასახელებული პრიორიტეტული საკითხების განხორციელების გზები. მისივე თქმით, სამოქმედო დოკუმენტი არ იქნება, უბრალოდ, სურვილების ნუსხა და აქ რეალურად იქნება გაწერილი სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო თანხები და ვადები.

რეგიონალური განვითარების სამსახურის უფროსის ცნობით, ამ მხრივ გარკვეული სამუშაოები უკვე მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში.