დაკარგული ანაბრის მოლოდინში

ზუგდიდი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულმა განცხადებამ, მთავრობამ საბჭოთა ანაბრების თემაზე აქტიური მუშაობა დაიწყოო, კუთვნილი თანხის დაბრუნების იმედი მისცა ზუგდიდის მკვიდრს, შორენა ჩიქოვანს.

33 წლის ქალბატონის მამამ 80-იან წლებში სამ შვილს ბანკში ანაბარი გაუხსნა, სადაც წლების განმავლობაში ოჯახის დანაზოგს აგროვებდა. შორენა ჩიქოვანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ, შვილების მომავალზე ფიქრით, მამა ყოველთვიურ შემოსავალს ხელმომჭირნედ ხარჯავდა და ცდილობდა მეტი ფული ანგარიშზე შეეტანა. მიუხედავად იმისა, რომ 90-იან წლებში ჩიქოვანებმა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მცხოვრები ბევრი სხვა ოჯახის მსგავსად, დაგროვილი თანხა დაკარგეს, მაინც იმედი ჰქონდათ, რომ ოდესმე კომპენსაციას მიიღებდნენ.

„მახსოვს, 25 ათასი მანეთი იყო. როცა გაიზრდებით, კარგი ფული იქნებაო, გვეუბნებოდნენ. 18 წლის როცა გავხდებოდით, მაშინ გვერგებოდა. ჩაკეტილი ანგარიში იყო და პროცენტები ემატებოდა. მამამ იფიქრა, შვილები თვითონ იყიდიან რამესო. მახსოვს, მამა მეტყოდა, ოდესმე რომელიმე მთავრობა ამ თანხას დააბრუნებს და არ დაკარგოთო. ახლა, ამდენი ხანი რომ ველოდეთ, მინდა შესაფერისი თანხა იყოს, ისეთი, რაც მინდოდა, იმის ყიდვას რომ შევძლებ“, - გვითხრა შორენა ჩიქოვანმა.

რა ფორმით და როგორ უნდა მოგვარდეს დაკარგული საბჭოთა ანაბრების საკითხი, ამაზე სამართლებრივ მოკვლევას თებერვლიდან აწარმოებს ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“. ისინი ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის კონკრეტული რეკომენდაციების წარდგენას ერთ თვეში გეგმავენ.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ წლების განმავლობაში საბჭოთა ანაბრების კომპენსირების საკითხი იყო მხოლოდ ლოზუნგი, საარჩევნო დაპირება და არც ერთ ეტაპზე ის პრიორიტეტული არ ყოფილა. კაიკაციშვილის თქმით, მათი ორგანიზაცია ცდილობს მოამზადოს დოკუმენტი, რომელიც სახელმწიფოს სწორი სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება:

„ვფიქრობთ, რომ კომბინირებული ვარიანტი უნდა შევთვაზოთ სახელმწიფოს. ღირსეული კომპენსირების დროს სახელმწიფოც თმობს და მოქალაქეც. ანუ კომპენსირება ერთი ერთზე არ ხდება. მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ იმის მოლოდინი, რომ სახელმწიფო ხვალ ან ზეგ ერთიანად დაფარავს მას. ყველა სხვა ქვეყანამ - თუ ჩვენ ამ ქვეყნების მაგალითს გავიზიარებთ - ეს პრობლემა 5-10 წლის ვადაში გადაწყვიტა“.

არჩილ კაიკაციშვილის თქმით, კვლევაში თავმოყრილი იქნება პრობლემის გადაწყვეტის საბჭოთა კავშირის იმ 14 ქვეყნის მაგალითი, რომლებსაც ეს საკითხი შეეხო. მათ შორის არის აზერბაიჯანი.

„ძალიან კარგია აზერბაიჯანის მაგალითი, როცა აზერბაიჯანმა საბჭოთა ანაბრები შიდა ვალად არ აღიარა, თუმცა გამოხატა პოლიტიკური, სამოქალაქო ნება და ეს ფული აღიარა თავისი მოქალაეების ფულად და გამოთქვა ნება, რომ თვითონ აუნაზღაურებდა თავის მოქალაქეებს ამ თანხას. 2013 წელს დაიწყო ეს პროცესი და 2015 წლამდე გაგრძელდება“, - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის სახელმწიფოს ინფორმაცია არ აქვს თუ რამდენი საბჭოთა მეანაბრეა საქართველოში. „ახალგაზრდა ადვოკატები“ კვლევის დასრულების შემდგომ რეკომენდაციების გაცემას ამ რიცხვის დადგენის მეთოდებზეც გეგმავენ.

საბჭოთა ანაბრების საკითხზე მუშაობას რომ საკმაოდ ბევრი სირთულე ახლავს, ეს ფინანსთა მინისტრის საუბრის ჟურნალისტებთან დროსაც აღინიშნა. ნოდარ ხადურის თქმით, ანაბრების შესახებ ძალიან ბევრი ინფორმაციაა დაკარგული, რაც სამუშაო პროცესს ართულებს. მისივე თქმით, საბჭოთა ანაბრები სახელმწიფომ შიდა ვალად აღიარა და საკითხის შესასწავლად უკვე სამთავრობო კომისიაა შექმნილი.