რა საკითხების გადაჭრას ითხოვენ გლეხები სოფლის მხარდაჭერის პროგრამით

ზუგდიდი

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სადაც მოქალაქეები თავად ირჩევენ მოსაგვარებელი საკითხების ნუსხას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის ქვეყნის ბიუჯეტიდან ერთი მილიონ რვაას ოთხი ათასი ლარია გამოყოფილი.

რადიო თავისუფლებას ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა გიორგი თოდუამ განუცხადა, რომ სხვადასხვა სოფლებსა თუ თემებში თანხები წინასწარ შემუშავებული პროგრამის საშუალებით გადანაწილდება. მისივე განცხადებით, სოფლის რწმუნებულებმა დავალება უკვე მიიღეს და მთავარი პრობლემები უახლოეს დღეებში გამოვლინდება:

„იმ სოფლებში, სადაც მცხოვრებთა რაოდენობა არის 200 სულამდე, აქ გამოყოფილია 4 000 ლარი, 400-1000 სულამდე სოფლისთვის - 8 000 ლარი, 1000-ზე მეტ სულიანი სოფლისთვის -12 000 ლარი“, – განაცხადა გიორგი თოდუამ, რომლის ცნობითაც, მიმდინარე თვეში სოფლებში კრება გაიმართება, სადაც მოქალაქეები შეჯერდებიან და უმთავრეს პრობლემას დაასახელებენ. მისივე განცხადებით, გასულ წელს ამ პროგრამის განხორციელებისას ძალიან ბევრი რამ არასწორად გაკეთდა, რაც წელს არ მოხდება:

„ადრე შესაძლებელი იყო ერთ პირთან მოლაპარაკებით შესრულებულიყო სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოები, დღეს ეს ყველაფერი გაკეთდება ტენდერით, როგორც სხვა შემთხვევაში ხდება“.
მე სოფელ ოქტომბერში ვცხოვრობ. ჩვენ ხიდი არ გვაქვს, რომ ყანაში შევიდეთ. ხიდი წყალმა წაიყო და მის გაკეთებას სპეციალური ტექნიკა სჭირდება, ამის საშუალება კი ჩვენ არ გვაქვს...

გიორგი თოდუა ასევე აცხადებს, რომ წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მეტად გამჭვირვალე იქნება და პროცესში მაქსიმალურად ჩაერთვებიან მოქალაქეები. კრებებს დაესწრება ზუგდიდის გამგეობის წარმომადგენელი, მოხდება შეკრებების ვიდეო-ფოტო გადაღება და მათ სურვილისამებრ გააშუქებენ ჟურნალისტები.

გიორგი თოდუას განმარტებით, გამგეობაში ამ დროისთვის მიღებული 150 განცხადებიდანაც კარგად ჩანს მოსახლეობის ძირითადი საჭიროებები. მისი ცნობით, სოფლის მკვიდრნი ძირითადად სასმელი წყლით უზრუნველყოფას, ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებასა და გზების შეკეთებას ითხოვენ.
რადიო თავისუფლება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თაობაზე ზუგდიდში გაესაუბრა სოფელ ოქტომბერში, ოირემესა და ინგირში მცხოვრებ მოქალაქეებს. მათი ნაწილი აცხადებს, რომ გასულ წელს პრობლემების შესახებ სოფლის მოსახლეობისთვის არაფერი უკითხავთ. რესპონდენტები იმედოვნებენ, რომ ამჯერად მაინც მოგვარდება მათ მიერ დასახელებული საკითხები. სოფლის მკვიდრნი უმუშევრობის შემდეგ გლეხის მთავარ პრობლემად მეწყერის შედეგად დაზიანებულ ყანებსა და ცუდ გზებს ასახელებენ:

„მე სოფელ ოქტომბერში ვცხოვრობ. ჩვენ ხიდი არ გვაქვს, რომ ყანაში შევიდეთ. ხიდი წყალმა წაიყო და მის გაკეთებას სპეციალური ტექნიკა სჭირდება, ამის საშუალება კი ჩვენ არ გვაქვს. ხანდახან ჩვენს სოფელში ტარდებოდა ეს კრებები. გვითხრეს, გაგიკეთებთო, მაგრამ არავინ მოსულა მაგის შემდეგ. სტადიონები გაგვიკეთეს, მოსაცდელებიც, მაგრამ ძირითადი – ხიდი - არ გვაქვს“.

„პირველი პრობლემა არის გზა. გზა არ აქვს სოფელ ოირემეს. 15 წუთის გზაა და ერთი საათი გვჭირდება. ხალხს სამუშაო არ აქვს, ხალხი ქუჩაში ზის, ეს არის ყველასთვის მთავარი პრობლემა. მე ოირემეში სამი კაცი არ ვიცი, რომ სადმე ორგანიზაციაში მუშაობდეს“.

„ჩაით გამდიდრდა საქართველო და ეს ჩაი ძირფესვიანად ამოყარეს, მიწები გაუყიდეს ხალხს და როგორ უნდა შეუწყოთ ახლა სოფლის მეურნეობას ხელი?!“

„ჩემი აზრით, პირველი საკითხი მაინც დასაქმებაა. ყველას სოციალური პრობლემა აქვს“, – ამბობენ სოფლის მკვიდრნი.

რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ სოფლად არსებულ პრობლემებს სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ვერ მოაგვარებს, რადგან ეს ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

გამგეობაში აცხადებენ, რომ იმ საკითხებს, რომლებიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ვერ გადაიჭრება, უწყება ჩაინიშნავს და ისინი სხვა პროექტის ბიუჯეტით მოგვარდება.