სამეგრელო სტიქიიდან ერთი თვის შემდეგ

სოფელი ოდიში

სამეგრელოში მიმდინარე წლის ივნისის სტიქიის შედეგებს დღესაც ებრძვიან. მაშინ უხვმა ნალექმა სამეგრელოს დიდი ნაწილი დააზარალა. სოფლებში ძლიერი წვიმების შედეგად ჩამოწოლილი მეწყერის გამო შიდა და ცენტრალური გზები ჩაიკეტა, დაინგრა ხიდების ნაწილი და დაიტბორა მოსახლეობის სახნავ-სათესი მიწები. ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესი“, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თენგიზ შანავას განცხადებაზე დაყრდნობით, წერდა, რომ სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 8 მილიონ ლარს გადააჭარბა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ობუჯში იყო. 29 ივნისს, სტქიიდან მეორე დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბაქოში ვიზიტი შეწყვიტა და სოფელ ობუჯში ჩავიდა. ის ადგილობრივ მოსახლეობას დაზიანებული სახლების აღდგენას და ფულადი კომპენსაციის გაცემას დაჰპირდა.

„დღეს მოვა ტექნიკა, გაგიწმინდავთ ყველაფერს, მერე სოფლის გამგებელი და გეოლოგები ნახავენ ზარალს, თუ რა უნდა აღვადგინოთ. შემდეგ მოგცემთ კომპენსაციას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 29 ივნისს, სოფელ ობუჯში ვიზიტისას.

ახლა ხიდის აღდგენა მიმდინარეობს მდინარე „ოჩხომურზე“. გარახა–ჩხოროწყუ–ნაკაიანის ხიდიც არის ჩანგრეული და მაგის აღდგენა მიმდინარეობს ...
მერაბ შელია

სტიქიიდან ერთი თვის შემდეგ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ნაწილი დასრულდა. გამგებელმა მამუკა ქარდავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პირველი ეტაპი გზების დასუფთავებასა და ხიდების დროებით აღდგენას მოიცავდა, მეორე ეტაპი კი უახლოეს მომავალში დაიწყება და ის ახალი ხიდების აშენებას გულისხმობს. რაც შეეხება დაზარალებულ მოსახლეობაზე ფულადი კომპენსაციის გაცემას, გამგებლის ცნობით, ზარალის ოდენობა დადგენილია და ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხების გადმორიცხვის შემდეგ კომპენსაციის გაცემა დაიწყება:

„დრო გვჭირდებოდა. ახლა შევადგინეთ ჩვენ, ვის რა ზარალი მიადგა, გადაგზავნილია ცენტრში და ველოდებით... 100%–ით ბოლომდე განადგურებული ჩვენთან არ არის, როგორც კახეთში. ჩვენთან ასეა: 50%, 60%, 30% და 20%. პროცენტის მიხედვით დაადგენენ თანხას.“

მამუკა ქარდავას განცხადებით, ივნისში სტიქიამ მარტო წალენჯიხის მუნიციპალიტეტს 5 მილიონი ლარის ზარალი მოუტანა. რაც შეეხება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს, გამგებელ მერაბ შელიას ინფორმაციით, სტიქიამ მას 250 000 ლარის ზიანი მიაყენა. გამგებლის განცხადებით, ხიდებისა და გზების აღდგენითი სამუშაოები ამ დროისთვისაც გრძელდება:

„ახლა ხიდის აღდგენა მიმდინარეობს მდინარე „ოჩხომურზე“. გარახა–ჩხოროწყუ–ნაკაიანის ხიდიც არის ჩანგრეული და მაგის აღდგენა მიმდინარეობს. შემოვლითი გზა გაკეთებულია და ეს კეთდება ახლა კაპიტალურად. სოფელ ლეწურწუმეში 12 ოჯახი იყო გზის გაღმა დარჩენილი, გზა წყალმა წაიღო და ის ახლა აღდგენილია. მისთვის დაიწყება ჯებირის გაკეთება, რათა წყალმა არ წაიღოს.“

მერაბ შელიას განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო და უახლოეს მომავალში თანხის ნაწილს ცენტრალური ბიუჯეტიდანაც ელოდებიან. მერაბ შელია დახარჯული თანხის რაოდენობას არ აკონკრეტებს, რადგან, მისი თქმით, ჯერ ხარჯთაღრიცხვა დასრულებული არ არის.

რაც შეეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩატარებულ სამუშაოებს, მასზე საუბრისგან თავს იკავებენ ზუგდიდის გამგეობაში. გამგებლის მოადგილის რუსლან კილასონიას თქმით, სტიქიის შემდეგ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ზეპირი კომენტარის გაკეთებას ვერ შეძლებს და მხოლოდ წერილობით გაგვცემს პასუხს. იგივე განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ზუგდიდის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა თენგიზ შანავამ. მან აღნიშნული საკითხის შესახებ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა გვირჩია, რომელზეც პასუხი ათი დღის ვადაში იქნება.