თბილისის საქალაქო სასამართლომ დაიწყო ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული სამი პირის წინასასამართლო პროცესი. პროკურატურა მათ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას ედავება. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ჟურაბ ჟვანიას საქმის ხელახალი გამოძიების დაწყებაში პოლიტიკურ სარჩულს ხედავენ, მაშინ როცა ამჟამინდელი ხელისუფლება აცხადებს, რომ ისტორია უნდა დაიწეროს პირუთვნელად და საზოგადოებამ კითხვებზე პასუხი უნდა მიიღოს.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ორი წინასასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 სექტემბერს, დილიდან, პარალელურად დაიწყო. ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით ბრალდებული სამი პირი - მისი დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია, დაცვის უფროსი კობა ხარშილაძე და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა -გამოძიებამ რამდენიმე თვის წინ დააკავა. პროკურატურა მათ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას ედავება. მაგალითად, მიხეილ ძაძამიას ბრალდება გვამცნობს, რომ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კანონის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამტკიცებული იყო სავალდებულო გეგმა, რომლის თანახმადაც, პრემიერ-მინისტრის დაცვას არ შეიძლებოდა მიეტოვებინა დასაცავი ობიექტი. ძაძამიამ კი, გამოძიების თქმით, ყოფილი პრემიერი 2005 წლის 3 თებერვალს ღამით დაცვის გარეშე დატოვა და სწორედ იმ ღამეს გარდაიცვალა ზურაბ ჟვანია. ექვსი თვის წინ ინტერნეტში გავრცელებული სკანდალური ფოტოკოლაჟის შემდეგ დაკავებულ ექსპერტ ლევან ჩაჩუას პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით ედავება, რაც საქმის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას გულისხმობს. გავიხსენოთ, რომ ფოტოკოლაჟი, რომელზეც ცხედრის ექსპერტიზის კადრები იყო ასახული, მარტში „ჰაკიმ ფაშას“ სახელით გავრცელდა. პროკრატურის ინფორმაციით, ფოტოები ყოფილ პროკურორ მურთაზ ზოდელავას სამუშაო ოთახში საქმის მასალებისგან განცალკევებით იყო შენახული.
თუ კითხვებზეა საუბარი, კი ბატონო, მთელი ამ ხნის განმავლობაში სულ ვამბობთ, თუკი ამ ხელისუფლებას აქვს იმის კომპეტენცია და უნარი, გაარკვიოს რა მოხდა და როგორ მოხდა და ისინი ამბობენ, რომ ჟვანიას საქმეს ბოლომდე მიიყვანენ და, ფაქტიურად, გახსნილი აქვთ და ყველა დეტალი იციან, გვაინტერესებს ჩვენც...გიგი წერეთელი
სწორედ „ჰაკიმ ფაშას“ სახელით გავრცელებული ფოტოები გახდა მიზეზი იმისა, რომ გასულ გაზაფხულზე ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიებას ე.წ. მეორე სუნთქვა გახსნოდა და საზოგადოებას ამ საქმეზე არაერთგზის დაპირებული სიმართლე შეეტყო. თუმცა რადიო თავისუფლებასთან საუბარში საპარლამენტო უმცირესობის წევრი და ზურაბ ჟვანიას მეგობარი გიგი წერეთელი ამბობს, რომ „ეს საქმე პოლიტიკური სპეკულაციების თემად იქცა და ყველა საარჩევნო ციკლი თუ რთული პერიოდი ჟვანიას საქმის ხელახალი წამოწევით იწყება“. ის ამბობს, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნა, რომლის მიხედვითაც, პრემიერი მხუთავი აირის გაჟონვის შედეგად მოიწამლა, მისთვის მისაღებია, მაგრამ, ამასთანავე, დასძენს, რაკი საზოგადოებაში არსებობს კითხვები პრემიერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მაშინ მოახერხოს ხელისუფლებამ და გასცეს ამ კითხვებს პასუხიო:
თუ ვინმეს არ უნდა, რომ სიმართლე გამჟღავნდეს, ის მიზანმიმართულად დამალავს მტკიცებულებებსაც და ფაქტებს ფალსიფიცირებასაც გაუკეთებს. ამიტომ ძალიან ძნელია ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემა და იმის მოლოდინი, რომ ბოლომდე დადგინდება ჭეშმარიტება...გედევან ფოფხაძე
„უამრავი ვერსია ვრცელდებოდა, რომ ვიღაცამ საფერფლე ესროლა და სხვაგან გარდაიცვალა და შემდეგ გვამი მიიტანეს... მართლა ძალიან ძნელია ამ ყველაფერზე ლაპარაკი. თუ კითხვებზეა საუბარი, კი ბატონო, მთელი ამ ხნის განმავლობაში სულ ვამბობთ, თუკი ამ ხელისუფლებას აქვს იმის კომპეტენცია და უნარი, გაარკვიოს რა მოხდა და როგორ მოხდა და ისინი ამბობენ, რომ ჟვანიას საქმეს ბოლომდე მიიყვანენ და, ფაქტიურად, გახსნილი აქვთ და ყველა დეტალი იციან, გვაინტერესებს ჩვენც. ეს არის ჩვენი მთავარი კითხვაც“, - ამბობს გიგი წერეთელი.
ძალიან კარგად მესმის, რომ ყველა კითხვას პასუხი ვერ გაეცემა, მაგრამ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას ცდა არ უნდა დავაკლოთ, - ასე ეხმაურება ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე. როგორც დეპუტატი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, მას აქვს გარკვეული ვარაუდები და სურს, რომ ამ ვარაუდებზე პასუხი მოისმინოს: „თუ ვინმეს არ უნდა, რომ სიმართლე გამჟღავნდეს, ის მიზანმიმართულად დამალავს მტკიცებულებებსაც და ფაქტებს ფალსიფიცირებასაც გაუკეთებს. ამიტომ ძალიან ძნელია ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემა და იმის მოლოდინი, რომ ბოლომდე დადგინდება ჭეშმარიტება, პირადად მე არ მაქვს, მაგრამ თუ ცდას დავაკლებთ, მაშინ არ ვიქნებით მართალი. შინაგანი განწყობა, რომ უნდა ვეცადოთ, რომ ამ კითხვებზე პასუხი ვიპოვოთ, არის ძალიან სწორი“, - მიაჩნია გედევან ფოფხაძეს.
გარდაცვლილი პრემიერის ძმამ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგლა ჟვანიამ ექსპერტიზის ფოტოების ინტერნეტში გავრცელების შემდეგ გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საქმეში ძალიან ბევრი ისეთი ახალი მტკიცებულება არსებობს, რომლის შესახებაც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ინფორმაცია არ ჰქონდათ და რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია: „გამოძიებაში ძალიან ბევრი ახალი მტკიცებულება არსებობს და ის მასალა, რომელიც არსებობს გამოძიებაში და რომელმაც გაჟონა, იყო სრულიად მოულოდნელი ბევრისთვის, იმიტომ რომ იქ არის დაფიქსირებული ისეთი დაზიანებები და ის კადრები, რომლის არსებობა, როგორც ჩანს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მათმა ბელადებმა არ იცოდნენ, იმიტომ რომ ეს დაზიანებები იყო დაფიქსირებული იმ ვიდეოკასეტაზე, რომელიც, როგორც ჩანს, ყურადღებით არ გააანალიზეს და რომელიც ინახებოდა სეიფში. ამიტომაც არიან შეშფოთებულები, იმიტომ რომ ვერანაირად ვერ ხსნის ეს კადრები იმ სულელურ ვერსიებს, რომლებზეც ისინი საუბრობენ“.
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მიხეილ ძაძამიასა და კობა ხარშილაძის სასამართლო პროცესი 30 სექტემბრისთვის გადაიდო. პროცესის გადასადებად შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა. რაც შეეხება კიდევ ერთი ბრალდებულის, ექსპერტ ლევან ჩაჩუას, პროცესს, 22 სექტემბრის სხდომაზე მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და "ჰაკიმ ფაშას" სახელით გავრცელებული ვიდეომასალა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე მისაღებად ცნო როგორც მტკიცებულება. გარდა ამისა, 25 სექტემბერს გახდება ცნობილი, შეეცვლება თუ არა ლევან ჩაჩუას აღმკვეთი ღონისძიება არასაპატიმრო ღონისძიებით.