უკავშირდება თუ არა ზურაბ ჟვანიას საქმის გააქტუალურება არჩევნებს?

ზურაბ ჟვანია

მთავარ პროკურატურაში ადასტურებენ ახალი მტკიცებულებების არსებობას, მაგრამ ვერ ასახელებენ კონკრეტულ ვადებს, თუ როდის გაეცემა პასუხი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებულ შეკითხვებს. ოჯახი დარწმუნებულია, რომ გამოძიების განახლების შემდეგ გამოკვეთილი ახალი ვერსია ზურაბ ჟვანიას მკვლელობის ფაქტს დაასაბუთებს. იგივე სიტუაციაა რაულ უსუფოვის საქმესთან დაკავშირებითაც. ხელისუფლება ადასტურებს, რომ 2005 წლის 3 თებერვალს მომხდარი ამბის გამოძიება პრიორიტეტულია მისთვის, თუმცა ბევრი შემთხვევითობად არ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების საქმე განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს არჩევნების წინ.

საზოგადოების დიდი ნაწილისთვის იმთავითვე არადამაჯერებელი იყო ვერსია, რომ თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე, პრემიერ-მინისტრი და გუბერნატორის მოადგილე ერთ პატარა, ჩვეულებრივ ბინაში, ჩვეულებრივი გაზის გამათბობლიდან გაჟონილმა ნახშირჟანგმა გაგუდა. ამ ვერსიის არ სჯერათ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუფოვის ოჯახის წევრებს და ისინი უკვე დიდი ხანია ირწმუნებიან, რომ საქმე პოლიტიკურ მკვლელობასთან გვაქვს და რომ პრემიერ-მინისტრის მკვლელობა პრეზიდენტ სააკაშვილის გარემოცვას აძლევდა ხელს.

ადრესატები ბრალდებას ბინძურ ცილისწამებად აღიქვამენ. იმხანად მმართველი პარტიის - ”ნაციონალური მოძრაობის” - წევრებს არასოდეს გამოუხატავთ უნდობლობა ოფიციალურად გახმაურებულ ვერსიასთან დაკავშირებით, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო და ასეთ რწმენას ისინი დიდწილად გამოძიების პროცესში ამერიკელი ექსპერტების მონაწილეობით ხსნიდნენ. ასეთივე იყო კომენტარი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა 17 ოქტომბერს ქუთაისში გააკეთა. მან თქვა, რომ ზურაბ ჟვანიას სახელი მისთვის ”წმინდათა წმინდაა” და რომ ყველა შეკითხვას გასცა პასუხი აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დასკვნამ, ხოლო ცილისწამება ცილისმწამებლების სინდისზე დარჩება. თუმცა, მაგალითად, თავის საგამოძიებო ფილმში -”ტყვიის გარეშე” - ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე მტკიცებულებების შესაძლო გაყალბების კონტექსტში აღნიშნავს, რომ ქართულმა მხარემ არაზუსტად თარგმნა ამერიკელების დასკვნა.

შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საქმეში არის ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რაც ჩვენ აქამდე არ ვიცოდით. ეს მტკიცებულებები გახდა ხელმისაწვდომი გამოძიებისთვისაც და ოჯახებისთვისაც...
გოგლა ჟვანია
საქმეზე, რომელიც თითქმის უკვე 9 წლის წინ მომხდარ ამბავს უკავშირდება და რომელიც დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტ კითხვის ნიშანს წარმოშობს, დისკუსიები ბოლო ორი დღის განმავლობაში განახლდა მას შემდეგ, რაც რაულ უსუფოვის მამამ, იაშირ უსუფოვმა, და ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგლა ჟვანიამ, განცხადებები გააკეთეს გამოძიების პროცესში ახალი - მკვლელობის დამადასტურებელი - მტკიცებულებების გაჩენის თაობაზე. იაშირ უსუფოვი გარკვეულ მინიშნებებს აკეთებს და, მაგალითად, აღნიშნავს, რომ ბუნდოვან ვითარებაში გამოჩნდა მისი შვილის დაკარგული ცალი ფეხსაცმელი. მაგრამ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალები არ კონკრეტდება. ასევე კონკრეტიკის გარეშე, იმედს გამოთქვამს ზურაბ ჟვანიას ძმა - გოგლა ჟვანია:

”შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საქმეში არის ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რაც ჩვენ აქამდე არ ვიცოდით. ეს მტკიცებულებები გახდა ხელმისაწვდომი გამოძიებისთვისაც და ოჯახებისთვისაც მას შემდეგ, რაც გამოძიების პროცესი განახლდა. და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს დეტალები გახდება წინა პირობა იმისა, რომ ეს საქმე უახლოეს მომავალში გაიხსნება”.

"შემიძლია იმის თქმა, რომ საქმეში ნამდვილად არის ახალი მტკიცებულებები, ახალი გარემოებები და, შესაბამისად, - ახალი ვერსია. გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და ხდება მათი შემოწმება, დადგენა", - განუცხადა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა 17 ოქტომბერს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“.

თუმცა შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა გამოძიების მიხედვით განხილული ახალი ვერსია ბუნებრივი აირით გაგუდვის ვერსიას, მთავარი პროკურორი პასუხობს, რომ მათ არც ერთი ვერსია არ გამოურიცხავთ და რომ ”მრავალფეროვნებით ხასიათდება" მტკიცებულებები და გარემოებები, რაც ამჟამად არსებობს. ამავე საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას არჩილ კბილაშვილი აღნიშნავს, რომ დარჩენილი საგამოძიებო პროცედურების შედეგები, დროის თვალსაზრისით, არაპროგნოზირებადია და, შესაბამისად, არაპროგნოზირებადია საქმის გახსნისა და საზოგადოების ინფორმირების ვადებიც.

თეორიულად შეიძლება ეს იყოს მიზეზი. სხვანაირად ვერ ავხსნი, რადგან ბოლომდე არაფერს ამბობენ - რაღაც კონკრეტული რომ იყოს, დადებდნენ შედეგებს... მაგრამ შეიძლება ამან გარკვეული, თუნდაც მცირედი, გავლენა მოახდინოს არჩევნებზე...
კორნელი კაკაჩია
ამასთან, მთავარი პროკურორი, მაგალითად, არაფერს ამბობს იმის შესახებ, გადაწყვეტილია თუ არა ცხედრების ექსჰუმაცია და თუკი ეს ასეა, რა უდევს საფუძვლად ასეთ გადაწყვეტილებას. ამ და სხვა საყურადღებო დეტალებთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებამ, მცდელობის მიუხედავად, 17 ოქტომბერს ვერ მოიპოვა პასუხები მთავარი პროკურატურიდან, თუმცა ექსჰუმაციის შესახებ თავის კომენტარში ყურადღება გაამახვილა იუსტიციის მინისტრმა. ჟურნალისტებთან საუბრისას თეა წულუკიანმა 17 ოქტომბერს გაიხსენა დრო, ვიდრე საპროკურორო უფლებამისილება მისგან გადაეცემოდა მთავარ პროკურორს და აღნიშნა, რომ მაშინაც არსებობდა ინფორმაციები, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ოფიციალურ ვერსიას. შემდეგ კი პროცესი კიდევ უფრო შორს წავიდა:

„როგორც ჩანს, ამ მხრივ მუშაობა კიდევ უფრო სწრაფი ტემპით წავიდა და, როგორც მთავარი პროკურორი ამბობს, მალე იქნება ხელშესახები შედეგები. მათ შორის, მანამდე უნდა მოხდეს, ოჯახებთან შეთანხმებით, გვამების ექსჰუმაცია“.

იმის გარდა, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გამოძიების თემა ”ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებების ერთ-ერთ მთავარ აქცენტს წარმოადგენდა და ამას ხშირად ესმებოდა ხაზი 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინაც, საზოგადოებას შეექმნა მოლოდინი, რომ პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების საქმის დეტალები ლამის წუთი-წუთზე უნდა გამოქვეყნებულიყო. თუმცა მას შემდეგ 1 წელიწადი გავიდა და ახლა, ამჯერად უკვე საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ეს თემა კვლავაც გააქტუალურდა. მოვლენათა ამგვარმა თანმიმდევრობამ და იმ ფაქტორმა, რომ გოგლა ჟვანია ”კოალიცია ქართული” ოცნების დეპუტატია პარლამენტში, გააჩინა შეკითხვა, ხომ არ გამოიყენება ეს თემა წინასაარჩევნო პოლიტიკურ კოზირად. ამას არც კორნელი კაკაჩია გამორიცხავს და, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, პოლიტოლოგმა უთხრა რადიო თავისუფლებას, შესაძლოა, ამ თემის გააქტიურება მერყევ ამომრჩეველზეც იყოს გათვლილი:

”შეიძლება ამით კიდევ ერთი არგუმენტი მისცე ამომრჩეველს, რომ, გასაგებია, არც ერთი არ მოგწონს, მაგრამ, აი, ამათ ამის გამო არ უნდა მისცე ხმა... თეორიულად შეიძლება ეს იყოს მიზეზი. სხვანაირად ვერ ავხსნი, რადგან ბოლომდე არაფერს ამბობენ - რაღაც კონკრეტული რომ იყოს, დადებდნენ შედეგებს... მაგრამ შეიძლება ამან გარკვეული, თუნდაც მცირედი, გავლენა მოახდინოს არჩევნებზე”.

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე კომენტარის გაკეთება მოუწია პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსაც 17 ოქტომბერს მედიის წარმომადგენლების ერთ ნაწილთან შეხვედრის დროს. საზოგადოებას მან ურჩია, რომ მოთმინება გამოიჩინოს, რადგანაც კვალიფიციურ გამოძიებას დრო სჭირდება.