სირიის ოპოზიციური ჯგუფი ჟენევის მოლაპარაკებების დატოვებით იმუქრება

29 იანვარს ჟენევაში გაიხსნა სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომელიც სირიის კრიზისის მოგვარებას ისახავს მიზნად.

სირიის ყველაზე დიდი ოპოზიციური ჯგუფის, „მოლაპარაკებების უზენაესი კომიტეტის“ დელეგაცია ჩავიდა ჟენევაში, გაეროს შუამავლობით მოწყობილ მოლაპარაკებებზე, რომლის მიზანია სირიის კონფლიქტისთვის ბოლოს მოღება. მაგრამ ჯერჯერობით არ არის ნათელი, მიიღებს თუ არა ის მოლაპარაკებებში მონაწილეობას. როგორც იტყობინებიან, 31 იანვარს ჯგუფის წარმომადგენლები გაეროს მედიატორს შეხვდნენ, მას შემდეგ, რაც დაიმუქრნენ, რომ დატოვებენ ჟენევას. „მოლაპარაკებების უზენაესი კომიტეტი“ დამასკისგან მოითხოვს, ხელისუფლებამ პატიმრობიდან გაათავისუფლოს ქალები და ბავშვები და ალყაშემორტყმულ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანის ნებართვა გასცეს. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც გასულ თვეში იქნა მიღებული, მოითხოვს, რომ ყველა მხარემ დაუყოვნებლივ გახადოს შესაძლებელი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ყველა ალყაშემორტყმული რეგიონისთვის, გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული პატიმრები და შეწყვიტოს სამოქალაქო რაიონებზე იერიშები. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი, შეთანხმდნენ, ჟენევის მოლაპარაკებები შეაფასონ მიუნხენის საერთაშორისო შეხვედრაზე 11 თებერვალს.