თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია, როცა მოზარდებს შორის კონფლიქტს ორი მოსწავლის სიცოცხლე შეეწირა, რუსთავის სკოლებში აქტიური განხილვის საგანი გახდა. ლაპარაკობენ იმაზე, რომ უნდა გაღრმავდეს ნდობა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მანდატურებს შორის, კიდევ უფრო მეტი სიხშირით უნდა ტარდებოდეს შეხვედრები სკოლებში თემაზე „არა ძალადობას”. თბილისის 51-ე ექსპერიმენტული სკოლის სიახლოვეს გახმაურებული მკვლელობის შემდეგ ერთი ასეთი შეხვედრა რუსთავშიც ჩატარდა.
Your browser doesn’t support HTML5
რუსთავის სკოლებს პერიოდულად სტუმრობენ სამართალდამცველები სხვადასხვა თემაზე სასაუბროდ. ლაპარაკობენ, მაგალითად, ოჯახში ძალადობის პრობლემასა თუ ძალადობის პრევენციის მნიშვნელობაზე. რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი თამარ ხეჩიკაშვილი ამბობს, რომ დიდწილად ასეთი შეხვედრებისა და პედაგოგთა ყურადღების შედეგია, რომ რუსთავის სკოლებში პრაქტიკულად სერიოზული ინციდენტები არ ხდება.
თუმცა, თამარ ხეჩიკაშვილის თქმით, თბილისში მომხდარი ტრაგედიის გათვალისწინებით, ის მიესალმებოდა სკოლის მანდატურის უფლების გაფართოებას, მაგალითად, მისი სამოქმედო არეალის გაფართოებას სკოლის პერიმეტრამდე. რადიო თავისუფლებასთან საუბრის შემდეგ თამარ ხეჩიკაშვილი რუსთავის მე-18 სკოლაში გაემგზავრა, სადაც რუსთავიდან პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე სკოლის პედაგოგებსა და უფროსი კლასის მოსწავლეებს ხვდებოდა.
პარლამენტარი სკოლის საკონცერტო დარბაზში მოსწავლეებს ქურდული მენტალიტეტისა და ორგანიზებული დანაშაულის მავნებლობაზე ესაუბრებოდა - ეუბნებოდა, რომ ის ანგრევს არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ ახალგაზრდების ფსიქიკასა და მომავალს.
პაატა მხეიძემ მოსწავლეებს ისიც უთხრა, რომ ჩხუბის დროს დანის ტრიალი მიუღებელია ქართული რაინდული სულისთვის და ეწინააღმდეგება ქრისტიანობას. შემდეგ სკოლის დირექტორმა ნატალია ჯავახიშვილმა მოსწავლეებს ჰკითხა, როგორ მოიქცეოდნენ თავად თანატოლებს შორის მოსალოდნელი ან უკვე მიმდინარე მწვავე კონფლიქტის დროს - შეატყობინებდნენ თუ არა მასწავლებელს, მანდატურს ან დარეკავდნენ თუ არა 112-ზე. დარბაზში, სადაც, დაახლოებით, 70 მოსწავლე იყო, სიჩუმე ჩამოწვა, რის გამოც დირექტორს კითხვის რამდენჯერმე გამეორება მოუხდა. ბოლოს, ერთმა ახალგაზრდამ ჩურჩულით და მორიდებით განაცხადა, რომ ის მასწავლებელს ეტყოდა. მის ამ ნათქვამს მოჰყვა ახალგაზრდა პედაგოგის, ნინო ზაქაშვილის, ემოციური განცხადება, რომ მოსწავლე არ იყო გულწრფელი. ნინო ზაქაშვილის ამ შეფასებამ პარლამენტარ პაატა მხეიძის აღშფოთება გამოიწვია.
პაატა მხეიძემ საკუთარი აზრის გამოთქმა იქვე დარბაზში მჯდომ მანდატურსაც სთხოვა - ჰკითხა, როგორ უყურებს ის მანდატურებისთვის უფლებების გაზრდას, რაზეც გიორგი სიყმაშვილმა უპასუხა, მთავარია არა მანდატურის უფლების გაზრდა, არამედ ახალგაზრდების მეტი ინფორმირებულობა და დარწმუნება, რომ დაუშვებელია ძალადობაო. გიორგი სიყმაშვილმა სკოლაში ძალადობის პრევენციის მთავარ ფაქტორად დაასახელა ნდობა მასწავლებელს, მოსწავლესა და მანდატურს შორის, რითაც, მისი სიტყვებით, მე-18 სკოლა ნამდვილად ამაყობს.