სისტემა უნდა დაინგრეს 2.0

„შურდული, რომელიც პირველ ეპიზოდიონში კედელზე კიდია, მესამეში აუცილებლად გაისვრის.“

არისტოტელე, „პოეტიკა“, მეორე ტომი

„ხოლო ძენი ადამისანი განიყოფიან ორად: რომელთაც დამბაჩა უპყრიათ და რომელნიცა მიწას თხრიან.“

სერჯო ლეონე, „კეთილი, ბოროტი, საზიზღარი“

„დემოკრატია ლობიოობა ხომ არ გგონიათ?“

არისტოტელე, „პოლიტიკა“

2012 წელს, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, გაიმართა დიდი აქცია სახელწოდებით „სისტემა უნდა დაინგრეს“. ამ აქციაში მონაწილეობდა ბევრი სხვადასხვა ადამიანი, რომელთაგანაც ზოგი დღეს პირდაპირ თუ ირიბად უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“, ზოგი კი ამომრჩეველსა და პარტიებს მოუწოდებს, ხმა საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ მისცენ. საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ იმ ხალხის ნაწილიც ილაშქრებს, ვინც მაშინ აკრიტიკებდა და დასცინოდა აქციას „სისტემა უნდა დაინგრეს“, შეურაცხყოფას აყენებდა მის მონაწილეებს.

წინასწარვე ვიტყვი, რომ მთლიანად ვიზიარებ იმ აზრს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა საქართველოსათვის დამღუპველი თუ არა, უკიდურესად საზიანოა. ვისაც ამ აზრის სასარგებლო არგუმენტი არ აინტერესებს და მიაჩნია, რომ უმალ ხელი მოტყდება, ვიდრე ხუთ ნომერს შემოხაზავს, შეუძლია, დრო ტყუილად აღარ დაკარგოს. დანარჩენებისთვის გავაგრძელებ:

გამონათქვამი „სისტემა უნდა დაინგრეს“ ნიშნავდა (და ახლაც ნიშნავს), რომ პრობლემა, რომელიც საქართველოს წინაშე იდგა 2012 წლის შემოდგომაზე და დღესაც დგას, იყო არა პიროვნული, არამედ სისტემური.

მაგალითისათვის რომ წარმოვიდგინოთ, სულ ერთია, ვის დავსვამთ გაფუჭებული მანქანის საჭესთან − ჭიჭიკოს თუ ბიჭიკოს. მართალია, ორივემ შეიძლება დაიჩემოს საუკეთესო მძღოლობა, ორივე შეიძლება დაგპირდეთ, რომ მშვენივრად ჩაგიყვანთ დანიშნულების ადგილამდე, შეიძლება მანქანა ვარდისფრად ან ცისფრად შეღებოს, ახალი სარკე გაუკეთოს, ახალი საბურავები შეიძინოს, თქვენ გთხოვოთ, მანქანას ცოტა მიაწვეთ, მაგრამ გაფუჭებულ მანქანას ვერც ერთი ეს ოპერაცია ვერ უშველის.

რა არის საქართველოს სისტემური პრობლემა? საქართველოს სისტემური პრობლემა, ყველა პრობლემის თავი და თავი, პირველსაწყისი, პირველწყარო და დასაბამი არის ერთპარტიული მმართველობა. ერთპარტიული მმართველობა საბჭოთა კავშირიდან მემკვიდრეობით მიღებული პოლიტიკური ფორმაა, რომელიც არ გვაძლევს განვითარების შესაძლებლობას. ამ პრობლემიდან მომდინარეობს სახელმწიფო მოხელეების თვითნებობა (მაგალითად, პროექტი „პანორამა თბილისი“, რომელიც არც ერთ თბილისელს არ უნდა), სამართალდამცველების ძალადობა (თვითმკვლელობამდე მიყვანილი დემურ სტურუა), ელიტური კორუფცია (რომელიც, მაგალითად, ნიშნავს, რომ თბილისის მერიაში დაასაქმებენ მერ ნარმანიას ნათესავს, და არა რომელიმე უფრო კომპეტენტურ ამომრჩეველს), უსამართლობა, მთავრობის მორჩილი უსამართლო სასამართლო, მშრომელთა უფლებების დაუცველობა (ათეულობით, უკვე ასეულობით დაღუპული მაღაროელი თუ მშენებელი, რომლებსაც ჩვენი მედია უსახელოდ და უგვაროდ, „მუშებად“ მოიხსენიებს). ერთპარტიული მმართველობა დანარჩენი მოქალაქეების უუფლებობას ნიშნავს. ერთპარტიული მმართველობის პირობებში ჩვენ უუფლებოები ვართ და არ ვართ თავისუფლები. ერთპარტიული მმართველობა ჩვენ არჩევანის შესაძლებლობას და უფლებასაც კი გვართმევს, იმიტომ რომ იძულებულები ვართ, ხმა მივცეთ არა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ვიღაცის ან რაღაცის, ჩვეულებრივ რომელიმე საფრთხის წინააღმდეგ.

გასული ოთხი წელიწადი ის მოკლე პერიოდი იყო, როდესაც ჩვენ გვქონდა შანსი, თავი დაგვეღწია ერთპარტიული მმართველობისათვის. პირველად საქართველოს ისტორიაში არათუ მშვიდობიანად შეიცვალა მთავრობა, არამედ არ დაშლილა ყოფილი სახელისუფლებო პარტია, რომელიც გარდაიქმნა სტაბილური ამომრჩევლის მქონე ოპოზიციურ პარტიად. კარგია ეს პარტია თუ ცუდი, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, სხვა საკითხია. მაგრამ ეს ტრანსფორმაცია საშუალებას გვაძლევდა, გვქონოდა პოლიტიკური სივრცე, სადაც ორი პარტია ერთმანეთს გააწონასწორებდა და გაჩნდებოდა მინიმალური შანსი მაინც, რომ სამოქალაქო საზოგადოების წიაღიდან წარმოიშვებოდა თანამედროვე პოლიტიკური პარტიები და ძველი ყაიდის პარტიებს ჩაანაცვლებდა არა სარგებელზე, არამედ ფასეულობაზე ორიენტირებული პროგრამებით.

ერთპარტიული მმართველობის გზა ის გველეშაპია, რომლის დამარცხებასაც მარტო თავის მოჭრა არ შველის. მოჭრილი თავის მაგივრად მას რამდენიმე ახალი ამოსდის. სამართლიანადაა მიჩნეული, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა ერთპარტიული მმართველობის ნაკლებ შანსს იძლევა, ვიდრე საპრეზიდენტო რესპუბლიკა. „ქართული ოცნება“ 2012 წლიდან მოყოლებული ცდილობდა (როგორც ირკვევა, საკმაოდ წარმატებულადაც) საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში ერთპარტიული მმართველობის დამყარებას. „ქართულ ოცნებას“ არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი, რომელიც სტრუქტურულ დონეზე შეუძლებელს გახდიდა ერთპარტიულ მმართველობას. ამისათვის აუცილებელი იყო თვითმმართველობის ისეთი კანონის მიღება, რომელიც თვითმმართველობებს მიანიჭებდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ დამოუკიდებლობას. ამ შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნებში ერთი პარტიის დიდი უპირატესობით გამარჯვების შემთხვევაშიც კი, თვითმმართველობების დონეზე მრავალპარტიულობა არ მისცემდა არც ერთ პოლიტიკურ ძალას ძალაუფლების სრული კონსოლიდაციის შესაძლებლობას. თვითმმართველობის რეფორმა „ქართული ოცნების“ პროგრამაში შედიოდა და „მილიონ ხესთან“ ერთად „ამშვენებს“ შეუსრულებელი დაპირებების სიას. თვითმმართველობის კანონი იმდენად კასტრირებული ფორმით მიიღეს, რომ პრინციპულად მას არაფერი შეუცვლია. ამიტომ, საქართველოში მთელი ძალაუფლების ერთი პარტიის ხელში კონსოლიდაციის საშიშროება არათუ არსებობს, არამედ „ქართული ოცნება“ დღეს ამ ძალაუფლების ხელში ჩაგდების გზას ადგას.

ამ პარტიას ჯერ კოჰაბიტაცია არ მოსწონდა, მერე მის მიერვე არჩეულ პრეზიდენტ მარგველაშვილს ბიძინა ივანიშვილისადმი არასაკმარისი მორჩილება დაუწუნა, მერე უკვე პარლამენტში უბრალო უმრავლესობაც აღარ იკმარა და ახლა გვიმტკიცებს, რომ რეფორმების განსახორციელებლად საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება.

ერთპარტიული მმართველობის პირობებშიც კი საჭიროა ლიდერი, რომელიც ქვეყანას მართავს. საქართველოს ისტორიაში პირველად ასეთი ლიდერი არ არის ოფიციალური თანამდებობის პირი. მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მთლიანად აფინანსებს პარტია „ქართულ ოცნებას“ მისი ფაქტობრივი მფლობელი და მმართველია. არა მგონია, ივანიშვილის განცხადებებიდან გამომდინარე, ვინმეს კიდევ შერჩენოდეს ილუზია, რომ ის არ ერევა ქვეყნის მართვაში. შესაძლოა, ის მართლაც არ ერეოდეს მთავრობის ყოველდღიურ მუშაობაში, მაგრამ პრინციპულსა და მნიშვნელოვან საკითხებზე აუცილებლად გამოთქვამს თავის აზრს, რომელიც მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობისათვის აუცილებლად იქცევა სამოქმედო გეგმად.

თუკი „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს, მაშინ, ფაქტობრივად, წყალში ჩაიყრება ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა შედეგად საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპარლამენტო რესპუბლიკად გადაკეთდა. საპარლამენტო რესპუბლიკის აზრი გაუკუღმართებული და დისკრედიტებული აღმოჩნდება. ხელში შეგვრჩება იგივე ერთპარტიული მმართველობა, იმ განსხვავებით, რომ ქვეყნის არაფორმალურ მეთაურს პასუხს ვერ მოვთხოვთ და პასუხის მოსათხოვნად ხელში რომელიმე ვოლსკი ან მსგავსი მეორეხარისხოვანი მარიონეტი შეგვრჩება. ვინც „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს მხარს, ფაქტობრივად, ხელმეორედ მისცემს ხმას შევარდნაძეს და სააკაშვილის შეუდარებლად უარეს ინკარნაციას.

ერთპარტიული მმართველობა შესაძლებელია მხოლოდ პოლიტიკური სივრცის სრული ეროზიის პირობებში. ამიტომ მისი განვითარების ციკლზე პროგნოზის გაკეთება სულაც არაა ძნელი საქმე. თუ „ქართული ოცნება“ საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებს, ქვეყნის განვითარებისთვის მთელი პასუხისმგებლობა სწორედ მას დაეკისრება. აქამდე ისე იყო, რომ ერთპარტიული უმრავლესობის „პირველი ხუთწლედი“ გარკვეული წინსვლით და რეფორმებით ხასიათდებოდა. „ოცნების“ „პირველი ხუთწლედის“ წარმატებები (შევარდნაძისა და სააკაშვილის პირველ პერიოდთან შედარებითაც კი) ძალიან მორიდებულია (შევარდნაძეს პლუსებად ჩავუთვალოთ კონსტიტუციის მიღება და ლარის შემოღება, სააკაშვილს − პოლიციის, საჯარო და სამოქალაქო რეესტრების რეფორმა და ყოფითი კორუფციის აღმოფხვრა).

მეორე „ხუთწლედი“ ნაკლებად ხმარდებოდა რეფორმებს და მეტად − ძალაუფლების კონსოლიდაციას. შემდეგ საპარლამენტო ციკლში შიდა და საგარეოპოლიტიკურ ჩავარდნებს, ლარის კურსის დაცემას, უმუშევრობას და სხვა მრავალს (ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ რომელიმე პარტია ამ პრობლემების მოგვარებას შეძლებს) „ქართული ოცნება“ ვეღარ გადააბრალებს ვერც კოჰაბიტაციას, ვერც ურჩ მარგველაშვილს, ვერც ნაციონალური მოძრაობის „საპარლამენტო საბოტაჟს“ და ვერც იმას, რაც ცუდ მოცეკვავეს უშლის ხოლმე ხელს.

შესაბამისად, შემდეგ არჩევნებზე იმავე შედეგის მისაღწევად აუცილებელი გახდება იმავე გზის გავლა, რომელსაც უკლებლივ ყველა მსგავსი მმართველობა აუცილებლად (გავიმეორებ: აუცილებლად!) გადის:

− საინფორმაციო სივრცის მონოპოლიზაციის მცდელობა;

− პოლიტიკური სივრცის განადგურება (ოპოზიციონერების დევნა, სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვა და დისკრედიტაცია. ამის ნიშნებიც, ცხადია, არსებობს. თავდასხმები (მათ შორის, შავრაზმული თავდასხმები) არასამთავრობო სექტორზე ერთპარტიულ მმართველობასთან დაახლოებული მედიასაშუალებების („ასავალ-დასავალი“ და სხვა) და მოკავშირე პარტიების და საზოგადოებების („პატრიოტთა ალიანსი“, მმკ და მისთანანი) მხრიდან;

− არჩევნების გაყალბება.

იქიდან გამომდინარე, თუ რა სისწრაფით და დოზით დაკარგავს პოპულარობას ერთმმართველი პარტია და რა დარღვევებზე წავა საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, საქართველო კიდევ ერთხელ შეიძლება დადგეს რბილი, ხავერდოვანი ან სისხლიანი რევოლუციის, ან სამოქალაქო ომის საშიშროების წინაშე.

არ გამიკვირდება, თუ ის ხალხი, ვისაც დღეს ურჩევნია, ხელი გაუხმეს, ვიდრე ოპოზიციის კანდიდატი შემოხაზოს, ოთხი წლის მერე პირველი მივარდება საარჩევნო ყუთთან საძულველი მთავრობის გადასარჩევად. ასე მოხდა 2003 წელს, ასე მოხდა 2012 წელს.

არ მინდა, ეს წერილი საარჩევნო აგიტაციად ვაქციო. ეს არის მოვლენების განვითარების ჩემეული პროგნოზი და საფრთხის შეფასება. მთავარია, ამომრჩეველმა თავისი არჩევანი დაფიქრებისა და არგუმენტების კარგად აწონ-დაწონის საფუძველზე გააკეთოს.