„ბრიფმა“, ერთ-ერთმა უმსხვილესმა პროკრემლისტურმა ტელეგრამარხმა, 12 ივნისს დაწერა, რომ წყარომ, რომელიც „თბილისის დიპლომატიური წრიდანაა“, უთხრა, რუსეთი და საქართველო „დიპლომატიური ურთიერთობების სრულყოფილ აღდგენას“ განიხილავენო.
„ბრიფი“ ძალიან დაინტერესდა „მთავარი არხის“ მიერ 11 ივნისს გავრცელებული ამბით.
ტელევიზიამ, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, ისიც კი გამოაცხადა, თბილისსა და მოსკოვში საელჩოებისთვის თანამშრომლებსაც ეძებენო.
„ბრიფმა“ ეს ამბავი ერთბაშად ოთხ რუს ექსპერტს შეაფასებინა.
ოთხივემ თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი პოლიტიკის გათვალისწინებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა კანონზომიერი იქნება.
საქართველო „პოსტსაბჭოთა სივრცის ჩემპიონია რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში“, - თქვა რუსეთის მმართველი პარტიის წევრმა და პოლიტოლოგმა, მიხაილ ვინოგრადოვმა. თუმცა იქვე დაამატა, არა მგონია, თბილისმა და მოსკოვმა ერთად „პრაგმატულ“ შედეგებს მიაღწიონო.
საქართველო მალე საბოლოოდ გადაიხრება რუსეთისკენ, რადგან რიგითი ქართველები ამაში ეკონომიკურ სარგებელს ხედავენ, - ამბობს პოლიტოლოგი ილია გრაშჩენკოვი.
საელჩოების მუშაობა აღდგება, რადგან საქართველოსთვის მომგებიანია რუსეთთან „ურთიერთობების დათბობა“. თანაც, „ქართულ ოცნებას“ დასავლეთი სანდო პარტნიორად აღარ მიაჩნია, - ამტკიცებს კრემლის ლოიალური კიდევ ერთი პოლიტოლოგი, ნიკოლაი მირონოვი.
დასავლეთთან ურთიერთობის გააფუჭების შემდეგ, საქართველო „ახალ დიდ ძმას ეძებს“, - წერს ბლოგერი რამილ ხარისოვი, რომელიც ხშირად ამართლებს კრემლის ომს უკრაინაში.
ასევე ნახეთ „შეუპოვრობას ამჟღავნებენ“ - რუსული პროპაგანდა სანქცირებულ „ოცნებას“ ესარჩლებამაგრამ რუსეთთან სიახლოვე „ოცნებას“ საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლადაც უნდა. „ხელისუფლებას ესმის, რომ მოსკოვს ["ქართული ოცნების"] რეჟიმის გადარჩენა შეუძლია“, - დაამატა მან.
ოფიციალური უარი, არაოფიციალური ქება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცნობებს საქართველოში ელჩის შესაძლო დაბრუნებაზე, „მიზანმიმართულად გავრცელებული ცრუ ინფორმაცია“ უწოდა.
მაგრამ რუსმა ბლოგერებმა ისტორია მაინც აიტაცეს.
„საქართველო გეგმაზომიერად განაგრძობს რუსეთზე გადაწყობას“, თუმცა თბილისი ძალიან გარისკავს, თუკი მოსკოვთან დიპლომატიურ ურთიერთობებს „ტერიტორიული პრობლემების“ მოუგვარებლად აღადგენს, - აფრთხილებს საქართველოს ანონიმური არხი „კრემლელი მოჩურჩულე“.
საქართველოს მალე „საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სტატუსი“ დაუბრუნდება, - ასე აფასებს დიპლომატიური ურთიერთობის შესაძლო აღდგენას კიდევ ერთი ანონიმური არხი.
ეს პერსპექტივა მოეწონათ Z-ბლოგერებსაც, ანუ მათ, ვინც უპირობოდ უჭერს მხარს ვლადიმირ პუტინის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.
„ასე სრულდება გზა აშშ-ის პროტექტორატისა და ლიბერალური ღირებულებებისკენ“, - დაწერა ულტრანაციონალისტმა მწერალმა ზახარ პრილეპინმა.
პრილეპინი უკრაინასთან ომის აქტიური მხარდამჭერია. რამდენიმე წელი თავადაც ომობდა აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების მხარეს.
იგი თბილისში „აგენტების კანონის“ მიღებასაც აკვირდებოდა და წერდა, რომ „საქართველო თვალსა და ხელს შუა დაჭკვიანდა“.
ზოგმა გაიმეორა კრემლისა და „ქართული ოცნების“ საერთო მესიჯი, თითქოსდა დასავლეთი საქართველოს ე.წ. უკრაინიზაციას, ანუ რუსეთთან ომში ჩათრევას უპირებს.
ასევე ნახეთ QUIZ: ვინ თქვა - "ქართულმა ოცნებამ" თუ კრემლმა? უკვე მეორედ„ოცნება“ მიხვდა, რომ თუ უკრაინის ბედის გამეორება არ უნდა, ნატოს უნდა ჩამოშორდეს და დასავლელი მანიპულატორებისგან თავი უნდა დაიცვას, - აქებს ხელისუფლებას არხი „Zაპისკი ვეტერანა“ (ვეტერანის წერილები).
„მოკლედ, თბილისი ჩვენია, კალიბრებისა და ისკანდერების [რაკეტების] გარეშეც. გასაკვირია, რუსეთის რბილი ძალა სადღაც მაინც რომ მუშაობს კარგად“, - წერს არხი „ინფლაციური შოკი“, რომელიც უკრაინაში შეჭრას კი იწონებს, მაგრამ ხშირად აკრიტიკებს კრემლის ეკონომიკურ პოლიტიკას.