ბაქტერიებით, სტაფილოკოკებითა და მცენარეული ცხიმით გაჯერებული იმერული ყველი

ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები, სტაფილოკოკები და მცენარეული ცხიმი იმერულ ყველში, რომელიც მოსახლეობაში ჯანსაღ პროდუქტთან ასოცირდება. რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია ,,საქრძე“ ყველის ბაზრის კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს.

Your browser doesn’t support HTML5

ბაქტერიებით, სტაფილოკოკებითა და მცენარეული ცხიმით გაჯერებული იმერული ყველი

რვა ყველში აღმოჩნდა მცენარეული ცხიმის შემცველობა, რაც მიუთითებს, რომ ეს იყო ფალსიფიცირებული და ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა...
კახაბერ კონიაშვილი

,,MIC-TNS”-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბაზრებში, ე.წ. უბნის მაღაზიებში, სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში წარმოდგენილი ყველის 15 ნიმუშიდან 12 ბაქტერიებით დაბინძრებული, 8 შემთხვევაში კი პროდუქტი, ნატურალურის ნაცვლად, მცენარეული ცხიმით გაჯერებული აღმოჩნდა.

ასოციაცია ,,საქრძის“ აღმასრულებელი დირექტორის კახაბერ კონიაშვილის თქმით, კვლევის შედეგები სავალალოა.

„რვა ყველში აღმოჩნდა მცენარეული ცხიმის შემცველობა, რაც მიუთითებს, რომ ეს იყო ფალსიფიცირებული და ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა, თორმეტი ყველი კი მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული იყო. ის, რაც ჩვენ წარმოგვიდგენია გლეხურ ყველად, სამწუხაროდ, ამ კვლევამაც დაადასტურა, რომ ეს გლეხური ყველი არ არის. ფაქტებმა რაც გვაჩვენა, სავალალო აღმოჩნდა“.

ენტერობაქტერიის შედეგად შეიძლება განვითარდეს დიარეა, რომელმა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის გაუწყლოვანება. რაც შეეხება ოქროსფერ სტაფილოკოკს, მან შესაძლოა მინინგიტი გამოიწვიოს და გულის მიოკარდიტი განვითარდეს...
ირმა ანთია

,,MIC-TNS”-ის მიერ ჩატარებული კვლევისავე მიხედვით, საქართველოში მომხმარებელთა 93 % იმერულ ყველს მოიხმარს და ეს პროდუქტი მათთვის ჯანსაღ საკვებთან ასოცირდება, თუმცა კვლევის მონაწილეები ყველის წარმოებისა და რეალიზაციის ეტაპზე ჰიგიენური ნორმების დარღვევასა და მისი მოხმარების რისკებზე მიუთითებენ, მიკრობიოლოგი ირმა ანთია კი იმაზე ლაპარაკობს, რაც ასეთი ყველის მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს:

„ენტერობაქტერიის შედეგად შეიძლება განვითარდეს დიარეა, რომელმა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის გაუწყლოვანება. რაც შეეხება ოქროსფერ სტაფილოკოკს, მან შესაძლოა მინინგიტი გამოიწვიოს და გულის მიოკარდიტი განვითარდეს, ასევე პირის ღრუში სხვადასხვა ანთებითი პროცესები, რომლებიც ძალიან რთულად სამკურნალო გახდეს ადამიანისთვის“.

რა პირობებში იყიდება ყველი კახეთის აგრარულ ბაზრებში? უმეტეს შემთხვევაში ყველი ღია დახლებზეა განთავსებული, ყოველგვარი დამცავი მექანიზმების გარეშე. მიუხედავად ამისა, რეალიზატორები ირწმუნებიან, რომ მათი პროდუქტი შემოწმებულია და არ არის ჯანმრთელობისთვის საზიანო:

ვენდობით, მეტი რა საშუალება გვაქვს? ერთხელ ძალიან ცუდი ყველი გამომადგა, ბინძურად იყო გაკეთებული და მას შემდეგ აღარ ვყიდულობთ იმ პიროვნებასთან...

„საბუთი გვაქვს. გასინჯული არიან ძროხები. ჩვენი ყველი თავად გამყიდველს მოაქვს და მოწმდება. ბაზრის ექიმიც გვყავს, რომელიც კვლევებს ატარებს“.

კახეთში გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა ადასტურებს, რომ ყველაზე ხშირად ე.წ. სოფლის, გლეხურ ყველს ყიდულობენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ის უფრო სასარგებლოა, ვიდრე ქარხნული წესით დამზადებული, თუმცა ზოგი გამოკითხული იმასაც ამბობს, რომ მათი შენაძენი ყოველთვის ესთეტიკურად არ გამოიყურება და გემოც ზოგჯერ არ მოსწონთ.

„ვენდობით, მეტი რა საშუალება გვაქვს? ერთხელ ძალიან ცუდი ყველი გამომადგა, ბინძურად იყო გაკეთებული და მას შემდეგ აღარ ვყიდულობთ იმ პიროვნებასთან“.

„ქარხნულს არ ვყიდულობ, ბაზრის ყველს ვყიდულობ და ეჭვი არასდროს გამჩენია, რომ სანდო არ არის“.

„სახლის ყველს ვყიდულობს, რომელიც ახალია, ჭყინტი“.

რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით, გარდა იმისა, რომ ე.წ. გლეხური ყველი ნაწლავის ჩხირის ბაქტერიებითა და სტაფილოკოკებით არის დაბინძურებული, ასეთი წარმოება ხელს უშილს ქარხნულ, ბრენდირებულ ბიზნესს, რომელსაც ყველის წარმოება ძვირი უჯდება, რაც შემდეგ ყველის ფასზეც აისახება, მოსახლეობა კი იაფი პოდუქტის ყიდვას ამჯობინებს. რამდენიმე დღის წინ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მან რძის მწარმოებელი 56 საწარმო დააჯარიმა და მათგან 11-ს, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერა.