ყურძნის შემცირებული მოსავლის მოლოდინში

იმერეთის სოფლებში რთველი ჯერ არ დაწყებულა და როგორც მევენახეები და მეღვინეები ამბობენ, ყურძნის კრეფას ოქტომბრის დასაწყისში გეგმავენ, რადგან, ნოტიო კლიმატის გამო, ადგილობრივი ციცკას, ცოლიკაურისა და კრახუნას ჯიშის ყურძენი ჯერ არ დამწიფებულა. მევენახეების ნაწილი, გაზაფხულის ყინვებისა და ზაფხულის გვალვებიდან გამომდინარე, შარშანდელზე ნაკლებ მოსავალს ელის, ნაწილს კი კარგი მოსავლის იმედიც აქვს.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში მდებარე ღვინის მწარმოებელი კომპანია „იმერული მარანი დიმნას“ წარმომადგენლის, ლაშა ჩიქვინიძის განცხადებით, კომპანიის კუთვნილი ვენახებიდან წელს კარგ მოსავალს ელიან. რაც შეეხება ყურძნის ფასს, მისი სიტყვებით , გასულ წელს გლეხისგან 1 კილოგრამ ყურძენს ღვინის ქარხნები ლარად და 20 თეთრად იბარებდნენ, რაც მისაღები ფასია, თუმცა შენარჩუნდება თუ გაიზრდება წელს ფასი, მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზეა დამოკიდებული. ლაშა ჩიქვინიძე მიიჩნევს, რომ მეღვინეებისა და მევენახეებისთვის ხელშემწყობი იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება, რადგან იმერეთში მცირემიწიან ფერმერებს პროდუქციის რაოდენობისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად ტექნიკური საშუალებები სჭირდებათ.

გასულ წელთან შედარებით, ყურძნის მოსავლის შემცირებულ რაოდენობას ელოდება თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ თუზში მცხოვრები ბუხრაშვილების ოჯახი. როგორც ლენა ბუხრაშვილი ამბობს, წელს ვაზისთვის არახელსაყრელი ამინდები იყო. მისივე თქმით, მიღებულ მოსავალს ყოველწლიურად ოჯახში მოიხმარენ და ჩასაბარებლად არ რჩებათ, თუმცა იმ მევენახეებს, ვისაც ბევრი მოსავალი მოჰყავს , ყურძნის გაყიდვის ან ჩაბარების პრობლემა არა აქვთ.

ზედმეტი სიცხისგან ყურძენი დაზიანდა ვანის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც, როგორც ციცინო ქარციძე ამბობს, ვენახი ამინდის იმედადაა, რადგან სოფელში სარწყავი არხები არ არსებობს.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელი ობჩა ერთერთია იმერეთის მხარეში, სადაც ყურძნის ადგილობრივი ჯიშები ყველაზე კარგად ხარობს და სოფლის მცხოვრებთა დიდი ნაწილი მევენახეობითა და მეღვინეობითაა დაკავებული. ობჩელი თემურ აბულაძე რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში ყურძნის ხარისხისა და რაოდენობის ზრდისთვის საჭიროდ ამინდს ასახელებს და ჩივის, რადგან სეზონური ძლიერი ყინვისა და გვალვისგან შემცირებულ მოსავალს ელოდება.

იმერელი მევენახეების ცნობით, ყურძნის კრეფა სოფლებში ოქტომბრიდან დაიწყება და და ამავე თვის ბოლომდე გასტანს.