ექსპერტი: „იუკოსის“ შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას შესაძლოა წლები დასჭირდეს

31 ივლისს ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთმა ყოფილი ნავთობკომპანია „იუკოსის“ აქციონერებს, კომპენსაციის სახით, 2,5 მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადოს. რამდენიმე დღით ადრე - 28 ივლისს - ჰააგის კომერციულმა საარბიტრაჟო სასამართლომ რუსეთი დამნაშავედ ცნო ნავთობკომპანია „იუკოსის“ აქტივების უკანონოდ მითვისებაში. სასამართლომ სახელმწიფო დაავალდებულა, „იუკოსის“ ყოფილ აქციონერებს 50 მილიარდი დოლარი გადაუხადოს. რუსეთს დაეკისრა სასამართლოს ხარჯების ანაზღაურებაც, რაც 65 მილიონ დოლარს შეადგენს. ორივე გადაწყვეტილება უპრეცედენტოდ მაღალ თანხებს ეხება ამ სასამართლოების მიერ გამოტანილი მსგავსი განაჩენების ისტორიაში. რუსეთი აცხადებს, რომ ორივე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მაინც რამდენი ხანი შეიძლება დასჭირდეს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას? ანალიტიკოსებს თუ დავუჯერებთ, ათწლეულზე მეტი.

28 ივლისს ჰააგის კომერციულმა საარბიტრაჟო სასამართლომ რუსეთი დამნაშავედ ცნო ნავთობკომპანია „იუკოსის“ აქტივების უკანონოდ მითვისებასა და საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის დარღვევაში. სასამართლომ სახელმწიფო დაავალდებულა, „იუკოსის“ ყოფილ აქციონერებს 50 მილიარდი დოლარი გადაუხადოს. რუსეთს დაეკისრა სასამართლოს ხარჯების ანაზღაურებაც, რაც 65 მილიონ დოლარს შეადგენს. ჰააგის კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპენსაციები რუსეთმა 2015 წლის 15 იანვრამდე უნდა გადაიხადოს.

ამ გადაწყვეტილების პასუხად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ნავთობკომპანია „იუკოსის“ აქტივების მითვისების საქმეზე თავისი ინტერესების დასაცავად მოსკოვი ყველა სამართლებრივ ზომას მიმართავს. მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ლავროვმა აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესი არ დამთავრებულა და ის აპელაციასაც ითვალისწინებს:

სერგეი ლავროვი

„სასამართლო პროცესი არ დასრულებულა, ის აპელაციას ითვალისწინებს. რუსეთის მხარე, ის უწყებები, რომლებიც ამ პროცესში რუსეთს წარმოადგენენ, რასაკვირველია, ყველა იურიდიულ შესაძლებლობას გამოიყენებენ თავიანთი პოზიციების დასაცავად“.

მოსკოვი აცხადებს, რომ ჰააგის სასამართლოს არ აქვს მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება, რადგან რუსეთს ხელი მოწერილი აქვს, მაგრამ რატიფიკაცია არ გაუკეთებია ევროკავშირის ენერგეტიკული ქარტიისთვის, რომლის ფარგლებშიც გამოიტანეს განაჩენი. შესაბამისად, რუსეთი ამბობს, რომ ჰააგის კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას ჰოლანდიის სასამართლოებში გააჩივრებს.

რა შანსები აქვს რუსეთს? - ეს კითხვა დაუსვა ჩვენმა კოლეგამ, გლენ კეიტსმა, ლუკას მისტელისს, ლონდონის ქვინ მერის უნივერსიტეტის სერთაშორისო საარბიტრაჟო სკოლის დირექტორს:

„აპელაციის მექანიზმი არ არსებობს. არსებობს გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალება. ეს მოიცავს სახელმწიფო სასამართლოების მიერ განხორციელებულ ანულირების პროცესს, რაც მხოლოდ პროცედურულ საფუძველზე შეიძლება მოხდეს. ანუ გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმებულ იქნეს ეროვნული იურისდიქციით იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულების ორგანომ ღიად გადააჭარბა საკუთარ უფლებამოსილებას, ან მნიშვნელოვანი პროცესუალური შეცდომები იქნა დაშვებული, ან იმ შემთხვევაში, თუკი ტრიბუნალი მდებარეობს ქვეყანაში, რომელიც არ არის შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი. საუბარია მხოლოდ პროცესუალურ საფუძვლებზე. ეს აპელაციას არ წარმოადგენს. აპელაციის პროცესი გადაწყვეტილების შეცვლას გამოიწვევდა, გასაჩივრების პროცესი კი გადაწყვეტილების გაუქმებას მოიცავს, რაც იშვიათად ხდება“.

თუ ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, მაგრამ რუსეთი მაინც უარს იტყვის კომპენსაციების გაცემაზე, ამას რა შედეგები მოჰყვება და რამდენად შეძლებენ „იუკოსის“ აქციონერები კომპენსაციების მიღებას? - ჰკითხა ჩვენმა კოლეგამ ანალიტიკოსს:

„სხვადასხვა ქმედებას, ცხადია, განსხვავებული შედეგები მოჰყვება. რუსეთის ფედერაციის მხრიდან კომპენსაციების გაცემაზე უარის თქმა მათ საკრედიტო რეიტინგზე მოახდენს გავლენას“, - აცხადებს მისტელისი.

ექსპერტი ფიქრობს, რომ „იუკოსის“ აქციონერები ყველა შესაძლო საშუალებას გამოიყენებენ, და ერთ პრეცედენტს იხსენებს:

„’იუკოსის’ ინვესტორები მაქსიმალურად შეეცდებიან თავიანთი უფლებების დაცვას. მსგავსი პრეცედენტი უკვე არსებობს: ფრანც ზედელმაიერის საქმე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ის 10-15 წლის განმავლობაში ცდილობდა რუსეთის ქონების საწინააღმდეგო ზომების შემოღებისთვის მიეღწია, რათა რუსეთს მისთვის დაკარგული ინვესტიციებისთვის კომპენსაცია გადაეხადა, და გერმანიისა და შვედეთის სასამართლოებისგან მოიპოვა გადაწყვეტილებები, რომლებიც, ფაქტობრივად, საარბიტრაჟო სასამართლოს განაჩენის აღსრულების ბრძანებები იყო“.

ვფიქრობ, ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება. საკმაოდ ხანგრძლივი. ფრანც ზედელმაიერის კომპენსაციის გაცემას დაახლოებით 10 წელიწადი დასჭირდა. ამდენად, არ გამიკვირდება, „იუკოსის“ აქციონერებს მოუწიოთ 10, 12 წელიწადი მიუძღვნან კომპენსაციების - შესაძლოა არა სრულად, მაგრამ დიდი ნაწილის - მიღებას...
ლუკას მისტელისი

ჩვენმა კოლეგამ ლუკას მისტელისს ჰკითხა, მისი აზრით, რამდენად იქნებიან ქვეყნები მზად რუსეთი ქონების ჩამორთმევის გზით აიძულონ კომპენსაციები გადაიხადოს. ლონდონის ქვინ მერის უნივერსიტეტის სერთაშორისო საარბიტრაჟო სკოლის დირექტორის პასუხი ასეთი იყო:

„ევროკავშირში არსებობს პრეცედენტი და ამ ქვეყნების სასამართლოები, სავარაუდოდ, მზად იქნებიან რუსეთის ფედერაციის კომერციული აქტივების წინააღმდეგ ზომების გასატარებლად. მთავარი შეკითხვაა, მაინც რა წარმოადგენს კომერციულ აქტივს. არა ვარ დარწმუნებული რომ, მაგალითად, აეროფლოტი სახელმწიფოს მიერ მართული კომპანიაა. თუმცა ის კომერციული კომპანია ნამდვილად არის და თეორიულად მისი ქონების დაკავება შესაძლებელი იქნებოდა [რედ: აეროფლოტის აქტივების 51 პროცენტს სახელმწიფო ფლობს]. ზომების გატარება შეიძლება სხვა ტიპის ქონების წინააღმდეგაც, მაგალითად, რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში მყოფი უცხო ენების სკოლის. იმ აქტივების მიმართ, რომლებიც კომერციულ ქონებად შეიძლება ჩაითვალოს, ევროპის კანონმდებლობის უდიდესი ნაწილი მზად იქნება სამოქმედოდ“.

ყველა შემთხვევაში, ლუკას მისტელისის აზრით, „იუკოსის“ აქციონერებს, სულ მცირე, ერთი ათწლეულის განმავლობაში მოუწევთ კუთვნილი კომპენსაციების მისაღებად მუშაობა:

„ვფიქრობ, ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება. საკმაოდ ხანგრძლივი. ფრანც ზედელმაიერის კომპენსაციის გაცემას დაახლოებით 10 წელიწადი დასჭირდა. ამდენად, არ გამიკვირდება, „იუკოსის“ აქციონერებს მოუწიოთ 10, 12 წელიწადი მიუძღვნან კომპენსაციების - შესაძლოა არა სრულად, მაგრამ დიდი ნაწილის - მიღებას“.

„იუკოსი“ რუსეთის ხელისუფლებამ 2003 წელს დაადანაშაულა გადასახადების გადაუხდელობაში. კომპანიის პრეზიდენტი და მთავარი აქციონერი მიხაილ ხოდორკოვსკი გაასამართლეს და 2013 წლის დეკემბრამდე პატიმრობაში ამყოფეს.

„იუკოსის“ აქტივები კომპანია „როსნეფტს“ გადაეცა. მას შემდეგ, რაც „როსნეფტმა“ უარი თქვა კომპენსაციების გადახდაზე, აქციონერებმა სარჩელი ჰააგის კომერციულ საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანეს. სასამართლო პროცესი თითქმის ათ წელიწადს გაგრძელდა.