დაფერ იუსეფი

დაფერ იუსეფი

უდი უძველესი აღმოსავლური სიმებიანი ინსტრუმენტია. ჩონგურს წააგავს, ოღონდ ჩვენებურისგან მოკლე გრიფი, უფრო დიდი და მრგვალი დეკა განასხვავებს. არაბულ მუსიკალურ საკრავთა ოჯახის სრულუფლებიანი წევრი ის XVII-XVIII საუკუნეებში, ომაიანთა სახალიფოს პერიოდში გახდა, რომლის წყალობითაც ბებერ კონტინენტზეც შეაღწია და თანამედროვე ევროპულ გიტარად ტრანსფორმირდა. ზღაპრული ბგერა აქვს და ტონალური სიმდიდრე-მოქნილობით გამოირჩევა. აღმოსავლური იერსახისა თუ არაბული აქცენტის მიუხედავად, ნებისმიერ მუსიკალურ ენაზე შეუძლია მეტყველება - ჯაზით დაწყებული, კლასიკური მუსიკით დამთავრებული. უდის შესახებ გასულ სიუჟეტებში რამდენჯერმე უკვე ვისაუბრე, როცა ლიბანელ რაბი აბუ ხალილზე, ხოლო შემდეგ ამერიკელ სემ გილზე - იმავე აჰმედ აბდულ-მალიკზე - მოგახსენებდით. დღესაც კიდევ ერთ მუსიკოსს წარმოგიდგენთ, ტუნისელ ვოკალისტსა და ინსტრუმენტალისტს - დაფერ იუსეფს.



დაფერ იუსეფი 1967 წელს ტუნისში დაიბადა. ბავშვობის, ყმაწვილკაცობისა და, ზოგადად, იქაური ყოფის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. მისი ამბავი ევროპაში 90-იანებიდან იწყება, როცა 23 წლის იმიგრანტმა პირველი ნაბიჯები ავსტრიული კაფე-რესტორნების სცენაზე გადადგა. დებიუტი იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ ვენის საუკეთესო ჯაზკლუბმა „პორგი და ბესიმ“ გრძელვადიანი კონტრაქტი გაუფორმა, რომლის მთავარი პირობაც ასე ჟღერდა: დაეკრა ის, რაც თავად მოეპრიანებოდა და ვისთან ერთადაც სურდა. ჰოდა, შედეგმაც არ დააყოვნა - დაფერ იუსუფმა ევროპელები „არაბულ ქნარად“ წოდებული უდის საოცარი ბგერებით მოაჯადოვა. განსაკუთრებით კი, საკუთარი ვოკალური მონაცემებით მოხიბლა: დაბალ რეგისტრებში მედიტაციური იმპროვიზაციებითა და ფალცეტით ნამღერი ულამაზესი აღმოსავლური მელოდიებით.



ტუნისელ მუსიკოსზე მალე პრესაც ალაპარაკდა, კრიტიკოსებმა აქეს და ადიდეს მისი ვოკალური თუ ინსტრუმენტული შესრულების მანერა. მალე სადებიუტო ალბომი გამოსცა და ისეთ მუსიკოსებთან თანამშრომლობას შეუდგა, როგორებიც არიან: იტალიელი ფლუგელჰორნისტი პაოლო ფრესუ, ინდოელი ფლეიტისტი დიპაკ რამი, ვიეტნამელი გიტარისტი ნგიუნ ლე, კუბელი პიანისტი ომარ სოსა და, რა თქმა უნდა, მისი საუკეთესო მეგობარი - ლიბანელი მესაყვირე იბრაჰიმ მაალუფი. დიახ, დაფერ იუსეფი მულტიეთნიკურ მუსიკალურ დიალოგში ჩაება, სადაც საკუთარი სათქმელი არაბულ აქცენტზე მეტყველი უდით გამოთქვა.



დაფერ იუსეფის ვოკალური თუ ინსტრუმენტული მონაცემების გარდა, მის საკომპოზიციო ნიჭზეც მოკლედ მოგახსენებთ. მის მიერ შეთხზული ნაწარმოებები აღმოსავლური მუსიკალური ტრადიციების ევროპულ მუსიკალურ ფორმებთან მორგების მცდელობითა და ბგერითი ექსპერიმენტებით გამოირჩევა: ჯაზურ ფიუჟენს - თრიპ-ჰოპის ელემენტებით, უდის ეშხიან ორიენტალურ მეტყველებას კი ნილს პეტერ მოლვაერის ყაიდის ელექტრონული ჟღერადობით ამდიდრებს. 1997 წლიდან დღემდე ამგვარი სულ 9 ალბომი გამოსცა და თუ მოსმენას გადაწყვეტთ, გირჩევთ, 2010 წლის ნამუშევრით დაიწყოთ, სადაც VIII საუკუნის სპარსულ-არაბული პოეზიის კლასიკოსის, აბუ ნუვასის მუსიკის ენით თქმულ ლექსებს მოისმენთ.