საქართველოს მეორე ოლიმპიური "ოქრო" რიოში

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ოლიმპიური ჩემპიონის წოდება მოიპოვა. 57 კგ-მდე წონითი კატეგორიის ოლიმპიური ტურნირის ფინალში 25 წლის გორელმა ფალავანმა დაძაბულ ბრძოლაში სძლია 20 წლის იაპონელ რეი ჰიგუჩის.

ნახევარფინალში ხინჩეგაშვილმა აჯობა ბულგარელ ვლადიმირ დუბოვს, მანამდე კი დაამარცხა ყაზახი ნურისლამ სანაევი და აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი.

ამრიგად, ოთხი წლის წინ, ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებულ ვერცხლის მედალს ხინჩეგაშვილმა რიო-დე-ჟანეიროს „ოქრო“ დაამატა.

საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას რიოში ჯერჯერობით ექვსი მედალი აქვს მოპოვებული: ორი ოქროსი, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოსი.