„ბიგ მამა“

უილი მეი

ამას წინათ უგზო-უკვლოდ დავიკარგე და სრულიად შემთხვევით საუკუნის წინანდელ ამერიკულ სამხრეთში ამოვყავი თავი. რა თქმა უნდა, ვირტუალურად. რაღაც ვებგვერდს გადავეყარე, რომელზეც 20-30-იანი წლების „სოფლური ბლუზის“ უზარმაზარი აუდიოარქივი განეთავსებინათ. ბევრი ნაცნობი შევნიშნე - ეშმაკთან შეკრული, წყეული რობერტ ჯონსონით დაწყებული, სიგიჟის საქმეებში მეტად ჩახედული ჰოულინ ვულფით დამთავრებული. მეტწილად, თამბაქოს კვამლსა და ვისკის ოხშივარში გახვეული მამაკაცების ღრიანცელი ისმოდა, თუმცა ქალბატონებიც გვარიანად ილხენდნენ. ვინ არ ვნახე? ჩასაკვნეტი როზეტა, კოჭლი სესილია, მელოტი ბესი, ლუიზიანელი იარებიანი სალი, მწკლარტე იდა, ქოქოლა და მუქარა სიუზი და ასე შემდეგ. ზოგიერთები კი დროსა თუ გარემოებებს მთლად არ გაეწირა და მეტსახელის შერჩევისას კორექტულობა გამოეჩინა. მეტიც, მათი გამორჩეულობისა თუ პატივისცემის ხაზგასასმელად, განედიდებინათ და „ბიგ მამებად“ მოენათლათ.

სწორედ ბლუზის ერთ-ერთ ასეთ „დიდ დედიკოზე“ ვისაუბრებ დღეს, რომელიც 1926 წლის 11 დეკემბერს სამხრეთის გულში, ალაბამას შტატში დაიბადა. თორნტონების ოჯახში მეშვიდე შვილი გამოდგა და უილი მეი დაარქვეს. მამამისი ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარი გახლდათ. საოცარი მჭევრმეტყველებით განთქმული კაცი ბრძანდებოდა და საკვირაო თავყრილობებზე მოყვასისადმი თანადგომას ქადაგებდა. მრევლის სულების სალხენად დედაც იქვე იხარჯებოდა - საეკლესიო გუნდში გალობდა გოსპელსა თუ სპირიჩუელსს. ამ მუსიკალურ-რელიგიურმა ფენომენმა პატარას ბლუზი სიგიჟემდე შეაყვარა და მომღერლობა 6 წლის ასაკში გადააწყვეტინა.

http://www.youtube.com/embed/lgIw1fBwRsg

1941 წელს ალაბამაში კონცერტებს მართავდა ერთი პატარა ჰარლემური ბენდი, რომელსაც ვინმე სემი გრინი თავკაცობდა. დიდი უჟმური და უსალმო კაცის სახელი კი ჰქონდა, მაგრამ 14 წლის უილი მეის მზრუნველობა არ მოაკლო - 7 წელი მღერა-მღერით მოატარა მთელი სამხრეთი. გოგონაც წამოიზარდა, გამოცდილებაც გვარიანი დააგროვა, 1948 წელს ტეხასში დაიდო ბინა და სოლო კარიერაც გაბედა. კონტრაქტი ჰიუსტონურ ხმის ჩამწერ სტუდია „პიქოქ რეკორდსთან“ გააფორმა, სადაც ლითლ რიჩარდი, მემფის სლიმი, ბეტი კარტერი და სხვა გამოჩინებულნი მუშაობდნენ. და აი, 1953 წელს უილი მეიმ თავის კარიერაში, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი სიმღერა ჩაწერა. ყოფილ საყვარელზე იმღერა, თუ როგორ მიატოვა, ის კიდევ მთლად დაბეჩავდა და შერიგების იმედად სულ კუდში დასდევდა მეძებარი ძაღლივით. სიმღერასაც ასევე დაარქვეს: „Hound Dog“. „მეძებარი ძაღლი“ „ბილბორდმა“ დაახასიათა როგორც „ველური და ამაღელვებელი რუმბა-ბლუზი“ და თავის ჰი-აღლუმში 7 კვირის მანძილზე “აყეფა”. 3 წლის თავზე ეს „ძაღლი“ ელვისმა შეიკედლა, რიტმი ააჩქარა და ბლუზი უკვდავ როკენროლად აქცია. ელვისისეული ვერსია ჟურნალ „როლინგ სთოუნის“ მიერ დასახელებულ ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერებს შორის მოხვდა და მე-19 ადგილი დაისაკუთრა.

http://www.youtube.com/embed/wZRaK0j8DMs

უილი მეისთვის „მეძებარი ძაღლი“ ერთგვარი საშვი გამოდგა დიდ ბლუზურ ოჯახში. ლაითინ ჰოპკინსი იხსენებდა, რომ მასთან ერთად სცენაზე დგომა დაუვიწყარი სიამოვნება იყო, ამ ბედნიერებისათვის ხშირად მადი უოტერსსა და ჯონ ლი ჰუკერსაც კი ვეცილებოდიო. ამავე პერიოდში მონათლეს კიდეც „ბიგ მამად“. მართალია, ვეება ქალი გახლდათ, მაგრამ მეტსახელი უჩვეულოდ ძლიერი ტემბრისა და საოცარი ექსპრესიულობის გამო შეურჩიეს. ვოკალური მონაცემების გარდა, სხვა ღირსებებიც არ აკლდა: ჰარპზე ბარე ორ მისისიპელ ჯეელზე ოსტატურად უკრავდა, ხოლო თუ დრამერის შემართება თვალში არ მოსდიოდა, დასარტყამებს თავად მიუჯდებოდა და ვეება ხელებით ბენდს მძიმე რიტმსექციებს სთავაზობდა. რახან ბენდი ვახსენე, მის ერთ წევრზეც ვიტყვი - ჯონი ეისზე. უცნაური კაცი გახლდათ, რევოლვერს დაატარებდა და „რუსული რულეტკის“ პრინციპით ირთობდა ხოლმე თავს. ერთხელაც არ გაუმართლა და „ბიგ მამის“ თვალწინ თავში დაიხალა ტყვია. ძველი მეგობრის სიკვდილმა უილი მეი გვარიანად წაახდინა, მაგარი სმა დაიწყო და ცხოვრების ბოლომდე, შეიძლება ითქვას, აღარც გამოფხიზლებულა.

სამოციანებში “ბიგ მამა” მეტწილად ტურნეებში იმყოფებოდა, ზოგჯერ პატიმრებისთვის ციხეებშიც მართავდა კონცერტებს. 1965 წელს თავისი „მეძებარი ძაღლი“ ბრიტანეთში ჩაიყვანა და ლეგენდად ქცეულ „ამერიკული ხალხური მუსიკის ფესტივალში“ მიიღო მონაწილეობა. იმავე წელს კიდევ ერთი დიდებული სიმღერა შექმნა - "Ball 'n' Chain", რომელიც მსმენელისთვის ჯენის ჯოპლინის შესრულებით უფროა ცნობილი. უილი მეი „ბიგ მამა“ თორნტონმა ბლუზმენთა მოდგმას ოცამდე ულამაზესი სიმღერა უანდერძა და 1984 წლის 25 ივლისს გულის შეტევით ლოს-ანჯელესში გარდაიცვალა.

http://www.youtube.com/embed/IJlBo5KJ3b4