"მე ვარ ბლუზი". ნაწილი II

უილი დიქსონი

10 აპრილის სიუჟეტი უილი დიქსონს დაეთმო. მეტწილად, მის მძიმე ბავშვობასა თუ სიყმაწვილის შესახებ მომიხდა საუბარი, ხოლო მუსიკაზე ბევრი ვერაფერი ვთქვი. ბედის ნებიერა არ ყოფილა და იმ წლებში მაინცდამაინც არ ემღერებოდა. ჰოდა, ამბის თხრობა სადღაც 40-იანების ბოლოს, სწორედ იმ დროს გამიწყდა, როცა ბლუზმენის პირად თუ შემოქმედებით ცხოვრებაში, როგორც იქნა და გამოიდარა. ჩიკაგოს რომელიღაც უხეირო კლუბში ძმებმა ჩესებმა სულ შემთხვევით იპოვეს, მისი კონტრაბასის მსუყე, გემრიელი ბგერითა და დინჯი დუდუნით მოიხიბლნენ.

http://www.youtube.com/embed/3WnKJ45eXgQ

ძმები გაქექილი პროდიუსერები ბრძანდებოდნენ და დიქსონს ერთი მოსმენით დაუსვეს დიაგნოზი: ამ ბიჭის ბასურ ხაზებს ბადალი არ მოეძებნებაო. მისისიპელის არც საკომპოზიტორო ნიჭი და ბლუზური აზროვნების სისხარტე გამორჩენიათ, ამიტომ საკუთარ სტუდიაში აკომპანიატორად მიიწვიეს და ისეთი არტისტების სიმღერების არანჟირება მიანდეს, როგორებიც იყვნენ: ჩაკ ბერი, ბო დიდლი, ბადი გაი, ჯონ ლი ჰუკერი, კოკო ტეილორი და მრავალი სხვა ამომავალი ვარსკვლავი. მადლი კი ქნეს, მაგრამ საარაკო კრიჟანგები ბრძანდებოდნენ. ერთ-ორი დოლარით მეტი მხოლოდ იმ შემთხვევაში ემეტებოდათ, ვინმე სტუდიას თუ დაულაგებდა. აქედან გამომდინარე, "Chess Records"-ში ბლუზის გარდა სხვა ამბებიც ტრიალებდა: მუშის კომბინეზონში გამოწკეპილი დიქსონი ფანჯრებს წმენდდა, მღებავად "გაფორმებული" მადი უოტერსი კედლებს ათეთრებდა, ხოლო წელში მოხრილი ეტა ჯეიმსი ცოცხით ფუსფუსებდა ხოლმე სტუდიის დერეფნებში. თუმცა, ამგვარი ყოფის მიუხედავად, უილი დიქსონისათვის "Chess Records"-ი მისი შესაძლებლობების წარმოჩენის საუკეთესო ადგილი გახლდათ.

http://www.youtube.com/embed/xS2nVWmYTqc

უილი დიქსონი "Chess Records"-ის ტვინი და გული იყო - ყველა სიმღერა მისი არანჟირებით გამოიცემოდა, ე.წ. "talent scout"-ობოსაც ითავსებდა, პროდიუსერის ალღო და ბლუზური გემოვნება შესაშური ჰქონდა, ამიტომ პერსპექტიულ არტისტებზე ნადირობდა - სადმე თუ ნიჭიერ ახალგაზრდას გადააწყდებოდა, სტუდიაში მოიყვანდა და დიდი სცენისკენ გზას უკვალავდა.

http://www.youtube.com/embed/bLx1j5Q-GKs

ძმებ ჩესებს კი დიქსონის სოლო აქტივობა მაინცდამაინც გულზე არ ეხატებოდათ. ერჩივნათ, რომ მსმენელს ნაკლებად გაეცნო და ერთგვარ "რუხ კარდინალად" დარჩენილიყო, რადგან სხვა შემთხვევაში ვარსკვლავად იქცეოდა და მეტიც უნდა გადაეხადათ. თავადაც რაღაც უცნაური წყობის კაცი გახლდათ, თავდმაბალი და უპრეტენზიო - მისი საკომპოზიტორო ნიჭი ჩრდილში უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს. 50-იან წლებში სწორედ "Chess Records"-ის კედლებში შექმნა საკუთარი უკვდავი თხულებანი მჩხიბავ კუდიან ქალებზე, გალოთებულ მაწანწალებზე, შარაგზის ყაჩაღებზე, ვუდუ თილისმებზე, უიღბლო სიყვარულზე, მონობასა და თავისუფლების წყურვილზე. მათ ხარჯზე არა მარტო ბლუზმენები, არამედ როკმუსიკოსებიც ხეირობდნენ. მაგალითად, შედევრით Hoochie Coochie Man მადი უოტერსმა იხეირა, "Crazy for My Baby"-მ ლითლ უოლტერს გაუთქვა სახელი, "Walking The Blues"-ს ჰაულინ ვულფი მღეროდა, "ზეპელინის", "დორსისა" და "როლინგების" ქავერებზე კი წინა სიუჟეტში უკვე მოგახსენეთ.

http://www.youtube.com/embed/TwRthSNcbLs

უილი დიქსონმა 77 წელი იცოცხლა და შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ამოსუნთქვამდე დაიხარჯა. ჩემი აზრით, ის ყველაზე დაუფასებელი და უსამართლოდ მივიწყებული კომპოზიტორი, კონტრაბასისტი და ვოკალისტია ბლუზის ისტორიაში. დაუფასებელი არა იმიტომ, რომ ფული არ ეშოვებოდა ან ალბომები არ ეყიდებოდა. მიზეზი უცნაური და მარტივი გახლავთ: მისი სიმღერები ბევრს უყვარს, თავად არტისტის შესახებ კი ცოტას თუ სმენია. მთელი ცხოვრების მანძილზე 500-მდე ბლუზი დაწერა, რომელთა უმეტესობა დღემდე ხალხური ჰგონიათ. ალბათ, ეს დიდებული კომპლიმენტიცაა და შემოქმედების საუკეთესო შეფასებაც, მაგრამ ზოგჯერ წავხდები ხოლმე, როცა დიქსონის ბლუზების "ზეპელინისულ" ვერსიებზე ბნედა ემართებათ, თავად ავტორი კი არავის ახსოვს. თუ მუსიკოსის შემოქმედებით დაინტერესდებით, კრძალვით გირჩევდით, 1970 წლის ალბომით დაგეწყოთ. უნიკალური ნამუშევარია. ჯერ ერთი, იმიტომ რომ თავად ასრულებს ყველა იმ თხზულებას, სხვას რომ გადაულოცა - "Back Door Man"-ით დაწყებული, ""Hoochie Coochie Man"-ით დამთავრებული. და, რაც მთავარია, ბლუზი ხომ სულის მდგომარეობაა, ყველაზე გულახდილი ჟანრი. ჰოდა, ხსენებული დისკიც მუსიკის ენაზე თქმული ყველაზე გულწრფელი ავტობიოგრაფიაა, რაც კი ოდესმე წამიკითხავს თუ მომისმენია. სახელწოდებაც ზედგამოჭრილი აქვს: "მე ვარ ბლუზი!

http://www.youtube.com/embed/JbcYo4kaDzs".