„ომი მინუს სროლა“: საბჭოთა და ბრიტანელ ფეხბურთელთა მატჩები 1945 წელს

"ჩელსის" ფეხბურთელს, რეგ უილიამსს (მარჯვნივ) მეორე გოლი გააქვს მოსკოვის "დინამოს" კარში და ანგარიში 2:0 ხდება. მარცხნივ: მოსკოვის დინამოელი ივან სტანკევიჩი. ფოტო: S&G/PA Images (Getty Images)

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ნანგრევებად ქცეული ქალაქები და სოფლები კიდევ დიდხანს შეახსენებდნენ მსოფლიოს ყველაზე სისხლიან კონფლიქტს, რაც კი კაცობრიობას გადაუტანია. ევროპის უდიდესი ნაწილი ჯერაც გაჭირვებით ცდილობდა დამანგრეველი ომის შედეგებთან გამკლავებას და თითქოს სულაც არ იყო დრო თამაშებისთვის.

მაგრამ 1945 წლის ნოემბერში დიდი ბრიტანეთის საფეხბურთო კლუბებმა საბჭოთა კავშირის მაშინდელ ჩემპიონს, მოსკოვის „დინამოს“ უმასპინძლეს.

ამ მატჩებისადმი ინტერესი ძალზე დიდი იყო. ნაცისტურ გერმანიაზე მოკავშირეთა გამარჯვების შემდეგ ჯერ კიდევ მაღალი იყო საბჭოთა კავშირის პრესტიჟი და ბრიტანელ ფეხბურთის გულშემატკივრებს ერთი სული ჰქონდათ, როდის შეავლებდნენ თვალს ამ ეგზოტიკურ ოპონენტებს.

მაგრამ იმ დროს უკვე მწვავდებოდა ცივი ომის დაძაბულობა. როცა მოსკოვის „დინამო“ ჩავიდა ბრიტანეთში, სტალინურ რეჟიმს აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი ნაწილი ოკუპირებული ჰქონდა. „დინამოს“ ვიზიტი სულ რამდენიმე თვით უსწრებდა წინ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ უინსტონ ჩერჩილის ცნობილ გამოსვლას ცივი ომის შესახებ, რომელშიც მან მკაცრად დაგმო საბჭოთა კავშირის ექსპანსიონისტური პოლიტიკა ევროპაში. ასე რომ, ბუნებრივია, ამ საფეხბურთო ბატალიებს პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. როგორც გამოჩენილმა ბრიტანელმა მწერალმა ჯორჯ ორუელმა თქვა მოგვიანებით, ეს იყო „ომი მინუს სროლა“.

ამიტომ, რამდენადაც ბრიტანელი გულშემატკივრები მოწადინებული იყვნენ ეყურებინათ საბჭოთა სპორტსმენებისთვის, იმდენად ნაკლები ენთუზიაზმით შეხვდა ბრიტანეთის ხელისუფლება მათი მასპინძლობის იდეას.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ფეხბურთის მატჩზე ბევრად უფრო მეტია საჭირო იმ რეალური ბარიერების დასანგრევად, რომლებისაც მყარად სწამს საბჭოთა მთავრობას.“ მოსკოვში ბრიტანეთის საელჩოს მხრიდან ზეწოლის შემდეგ ლონდონი ბოლოს და ბოლოს დათანხმდა. მაგრამ განაცხადა, რომ მოსკოვის „დინამოს“ უმასპინძლებდა არა ბრიტანეთის მთავრობა, არამედ ბრიტანეთის ფეხბურთის ასოციაცია.

საბჭოთა დელეგაციას საკუთარი მოთხოვნები ჰქონდა. მათ შორის ერთ-ერთი ეხებოდა მსაჯობას. მოსკოვმა მოითხოვა, რომ ერთ მატჩს - „არსენალის“ წინააღმდეგ - საბჭოთა მსაჯი უნდა გაძღოლოდა. მათ ასევე განაცხადეს, რომ გუნდის კვება მთლიანად საბჭოთა კავშირის საელჩოში მოხდებოდა. როგორც ამბობენ, ეშინოდათ, ბრიტანელებს საბჭოთა მოთამაშეები არ მოეწამლათ. ასევე მოსკოვის მოთხოვნით, შემოსავალი შუაზე უნდა გაყოფილიყო.

მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმდნენ, რომ გაიმართებოდა ოთხი მატჩი: ლონდონის „არსენალთან“ და „ჩელსისთან“, უელსის „კარდიფ სიტისთან“ და შოტლანდიის „გლაზგო რეინჯერსთან“.

მოსკოვის „დინამოელები“ (მუქ მაისურებში) „ჩელსის“ კარს უტევენ „სტემფორდ ბრიჯის“ სტადიონზე გამართულ მატჩში 1945 წ. 13 ნოემბერს.

ტურნე წარუმატებლად დაიწყო 1945 წლის ნოემბერში. ბრიტანეთის ფეხბურთის ასოციაციამ მოსკოველები ჯერ ლონდონის ცენტრში მდებარე სამხედრო ბარაკებში მოათავსა, ბალიშებისა და თეთრეულის გარეშე. მოგვიანებით კი დაფაცურდა ფეშენებელურ სასტუმროში მათ გადასაყვანად.

ბრიტანეთის პრესა საკუთარ გულშემატკივრებს ამშვიდებდა, რომ საბჭოთა ფეხბურთელების არ უნდა შეშინებოდათ. „’დინამოსგან’ ბევრს ნუ მოელით. მხოლოდ დამწყები ფეხბურთელები არიან, მუშათა კლასი, მოყვარულები,“ წერდა ლონდონის Evening Standard-ი.

ამ ქედმაღლური დამოკიდებულების საპირისპიროდ, საბჭოთა გუნდში ბრიტანული ფეხბურთის მიმართ მოწიწება სუფევდა.

„ამ თამაშებამდე მხოლოდ ის ვიცოდით, რომ ინგლისი ფეხბურთის სამშობლო იყო, რომ ინგლისური ფეხბურთი მსოფლიოში საუკეთესო იყო,“ იხსენებდა მოსკოვის „დინამოს“ ფორვარდი კონსტანტინ ბესკოვი 2001 წელს გამოსულ დოკუმენტურ ფილმში.

„დინამოს“ ნახევარმცველის, ლეონიდ სოლოვიოვის თქმით, „ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ინგლისელები არაჩვეულებრივები არიან, რომ შეეძლოთ ბურთი თავით ეტარებინათ მთელ მოედანზე.“

ამავე დროს „დინამოს“ მოთამაშეებს გაცნობიერებული ჰქონდათ ზეწოლა, რომ დადებითად უნდა წარმოეჩინათ საბჭოთა კავშირი, რომელიც სპორტს ათწლეულების განმავლობაში იყენებდა იმის დასამტკიცებლად, რომ თითქოს კომუნისტური სისტემა სჯობდა კაპიტალისტურს.

„სირცხვილი იქნებოდა, მოსკოვში დამარცხებულები რომ დავბრუნებულიყავით. სირცხვილით ხალხში თავს ვერ გამოვყოფდით,“ იხსენებდა ბესკოვი. საბოლოოდ „დინამომ“ ორი მატჩი მოიგო და ორი ფრედ დაასრულა.

სტუმრები პირველ მატჩში „ჩელსის“ შეხვდნენ 13 ნოემბერს. 75 ათასი ბილეთი გაიყიდა, მაგრამ „სტემფორდ ბრიჯის“ სტადიონზე გამართულ თამაშს მინიმუმ 100 ათასი გულშემატკივარი დაესწრო. სტადიონის ტერიტორიის ჭიშკარმა გულშემატკივართა მოზღვავებას ვერ გაუძლო და ჩამოინგრა.

ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკოსი ალბერტ ვიქტორ ალექსანდერი მოსკოვის „დინამოს“ გუნდს ესალმება „ჩელსისთან“ მატჩის წინ.

თამაშის დაწყების წინ მოსკოველმა ფეხბურთელებმა ყვავილების თაიგულები გადასცეს ხელცარიელ და დაბნეულ მოწინააღმდეგეებს, რომლებიც ასეთ ჟესტებს არ იყვნენ ჩვეული.

მოსკოვის „დინამოს“ მოთამაშეები „სტემფორდ ბრიჯის“ სტადიონის მინდოზე გადიან და ხელში თაიგულები უჭირავთ „ჩელსის“ ფეხბურთელთათვის.

ძლიერი „ჩელსი“ სწრაფად გავიდა წინ - 2:0. „დინამოს“ ფეხბურთელები გაოცებული ჩანდნენ ეგზალტირებული პუბლიკით. შინ ისინი უემოციო და პირქუშ გულშემატკივრობას იყვნენ ჩვეული. მაგრამ საბჭოთა გუნდმა გადალახა პირველი მღელვარება. კარგად ითამაშა მეკარე ალექსეი ხომიჩმაც. საბოლოოდ მატჩი დასრულდა ფრედ 3:3.

თამაშის შემდეგ „ჩელსის“ მოთამაშეებმა ქუდები მოიხადეს „დინამოს“ მოთამაშეების წინაშე და აღფრთოვანება გამოხატეს. „‘დინამო’ იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო სწრაფი გუნდი, რაც კი ცხოვრებაში მინახავს. ისინი წარმოუდგენელი სისწრაფით აწვდიან ერთმანეთს ბურთს, ხშირად ერთ ადგილზე მდგომნი,“ თქვა მცველმა ტომი ლოუტონმა.

მოგვიანებით ორუელმა დაწერა: „‘დინამო’ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გუნდია, რაც კი მინახავს. ისინი ერთმანეთს აწვდიდნენ ბურთს, ჩვენ კი ადგილზე ვიდექით.“

შემდეგი მატჩი 19 ნოემბერს გაიმართა „კარდიფ სიტის“ წინააღმდეგ. ეს იყო მესამე დივიზიონის გუნდი, რომელიც „დინამომ“ გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა - 10:1. თამაში პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა მოსკოვის რადიოთი.

სამხრეთ უელსში მეშახტეებსა და მეფოლადეებს შორის შედარებით მაღალი იყო სოციალიზმის მიმართ სიმპათიები. კარდიფში გულთბილი მიღება მოუწყვეს საბჭოთა სტუმრებს, ქალაქის რატუშის თავზე საბჭოთა დროშა აღმართეს, ხოლო თითოეულ მოთამაშეს სუვენირად გადასცეს მეშახტის ნათურა.

მოსკოვის „დინამოს“ გოლკიპერ ალექსეი ხომიჩს ბურთი თამაშში შეაქვს კარდიფ სიტის „ნინიან პარკის“ სტადიონზე.

21 ნოემბერს „დინამო“ ეთამაშა „არსენალს“, რომელშიც „სტუმარი“ ფეხბურთელებიც თამაშობდნენ გუნდის იმ წევრების ნაცვლად, რომლებიც ჯერ კიდევ ჯარში მსახურობდნენ. ამ დამატებულ მოთამაშეთა შორის იყო ფეხბურთის მომავალი ლეგენდა სტენლი მეთიუზი. ის 1960-იან წლებში პირველი ფეხბურთელი იყო, რომელიც რაინდად აკურთხეს.

საბჭოთა დელეგაციას ეგონა, რომ „დინამო“ ვარსკვლავებისგან შემდგარ ინგლისურ გუნდს უპირისპირდებოდა და მოითხოვა, მატჩი რუს მსაჯს, ნიკოლაი ლატიშევს ემსაჯა.

„არსენალის“ მშობლიური სტადიონი „ჰაიბერი“ ჯერაც საავიაციო რეიდების საწინააღმდეგო ცენტრად გამოიყენებოდა. ამიტომ მატჩი გაიმართა „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ სტადიონზე.

გულშემატკივრებმა წინა ღამითვე დაიკავეს რიგი. პოლიციამ თამაშის დღეს დილიდანვე დაიწყო სტადიონზე მათი შეშვება.

მაგრამ იმ დღეს ლონდონი ნისლში იყო გახვეული. ტრიბუნებიდან თითქმის არაფერი ჩანდა. ასევე იყო თავად მოედანზეც. „არსენალმა“ და ბრიტანეთის ფეხბურთის მესვეურებმა ლატიშევი დაადანაშაულეს რამდენიმე საეჭვო გადაწყვეტილებაში, მათ შორის იმაში, რომ მან უსამართლოდ არ ჩათვალა „არსენალის“ მიერ გატანილი გოლი. ეს მატჩი, რომელსაც ბრიტანელებმა „ნისლიანი ფარსი“ უწოდეს, დასრულდა „დინამოს“ გამარჯვებით - 4:3.

ლეგენდარულმა საბჭოთა ფეხბურთელებმა კონსტანტინ ბესკოვმა (მარცხნივ) და ვსევოლოდ ბობროვმა ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს „დინამოს“ ბრიტანულ ტურნეში.

საბჭოთა ფეხბურთელებმა ტურნეს უკანასკნელი მატჩი შოტლანდიაში გამართეს „გლაზგო რეინჯერსის“ წინააღმდეგ. მატჩი გლაზგოში, „იბროქსის“ სტადიონზე შედგა 28 ნოემბერს. შავ ბაზარზე ბილეთები ათმაგ ფასად იყიდებოდა.

თამაში 3:3 დასრულდა. როგორც The Daily Telegraph-ი წერდა, ამ მატჩში ვასილი კარცევის მიერ გატანილი გოლი, რომელსაც კონსტანტინ ბესკოვისა და ვსევოლოდ ბობროვის პასების სერია უძღოდა წინ, „‘იბროქსზე’ გატანილი ყველა დროის ყველაზე იდეალური გოლი“ იყო.

როგორც სპორტული ჟურნალისტი ვლადისლავ რიაბოვი წერს, მოსკოვის „დინამოს“ შინ დაბრუნება „მოგაგონებდათ რამდენიმე თვით ადრე ომიდან ჯარისკაცების დაბრუნების სცენებს“.

„დინამომ“ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბრიტანელ გულშემატკივრებზე.

„მრავალმა წელმა ჩაიარა მას შემდეგ, რაც პირველად შევხვდით რუს ფეხბურთელებს. მას მერე იმათ გულებში, ვისაც უცხოვრია იმ დროს, სახელი „მოსკოვის ‘დინამო’“ ასოცირდება მაღალი კლასის ფეხბურთთან,“ იხსენებდა მოგვიანებით „დრიბლინგის ჯადოქრად“ წოდებული სტენლი მეთიუზი.