როგორ კლავს რაგბი პაპს?

რაგბი უელსში არა მარტო ეროვნული სპორტია, არამედ ლამის რელიგიაც. შეიძლება ამით აიხსნას უელსში გავრცელებული მოსაზრება, რომ როცა უელსი რაგბიში გრენდ სლემს იგებს, იმ წელს პაპი კვდება ხოლმე. გამონაკლისია 1978 წელი, როცა უელსის ნაკრებმა განსაკუთრებით კარგად ითამაშა და ორი პაპი გარდაიცვალაო. მეცნიერებმა ნათელყვეს, რომ სტატისტიკური კავშირი საფუძველს მოკლებულია და თანამედროვე მითების სფეროს განეკუთვნება. მაგრამ ბრიტანელმა მკვლევარმა, შეფილდის კლინიკის თანამშრომელმა ედვარდ სნელსონმა, ახლახან დაადგინა, რომ ზემოხსენებული წესი სულაც არ არის მითი, თუკი კოპტი ქრისტიანების პაპებსაც გავითვალისწინებთ.

„წელს კოპტი პაპი შენუდა III გარდაიცვალა, ზუსტად იმ დღეს, როცა უელსმა გრენდ სლემი მოიგო“, ამბობს ედვარდ სნელსონი. „ის 41 წლის განმავლობაში იყო პაპი. მისი წინამორბედი იყო კირილე VI, რომელიც 1971 წელს გარდაიცვალა, იმავე თვეში, როცა უელსმა გრენდ სლემი მოიგო“.

გრენდ სლემი რაგბიში არის ის შემთხვევა, როცა გუნდი ექვსი ერის ჩემპიონატში ყველა მოწინააღმდეგეს ამარცხებს. ექვსი ერის ჩემპიონატში უელსის გარდა მონაწილეობენ ინგლისი, შოტლანდია, ირლანდია საფრანგეთი და 2000 წლის შემდეგ იტალია.

თავის დროზე ეს გამარჯვებები უელსელმა გერეთ პეინმა, ასევე ექიმმა, შეისწავლა და ისინი შეადარა რომის კათოლიკური ეკლესიის პაპების გარდაცვალების თარიღებს 1883 წლიდან - იმ წლიდან, როცა რაგბის ტურნირები დაიწყო.

მას მერე საერთო ჯამში 53 გრენდ სლემი იქნა მოგებული, მათი უმრავლესობა ინგლისის, უელსისა და საფრანგეთის გუნდების მიერ. პეინმა და მისმა კოლეგებმა დაასკვნეს, რომ „პაპისა და რაგბის მითი“, როგორც ჩანს, უელსელთა ორ უკანასკნელ გამარჯვებას ემყარება: 1978 წელს ერთმანეთის მიყოლებით გარდაიცვალნენ პავლე VI და იოანე პავლე I. 2005 წელს გარდაიცვალა იოანე პავლე II. ანუ კორელაცია არც ისეთი ძლიერია, რადგან დამთხვევა ხუთიდან სამ შემთხვევაში მოხდა.

საინტერესოა, რომ პაპების სიკვდილის წლებში ყოველთვის იმარჯვებდნენ პროტესტანტული ქვეყნები - ინგლისი, შოტლანდია ან უელსი - და არა კათოლიკური ქვეყნები - საფრანგეთი ან იტალია.

მაგრამ სნელსონმა ეს მითი თუ სტატისტიკური დამთხვევა გაამყარა მონაცემებით კოპტური ეკლესიის ისტორიიდან. სნელსონი მიუთითებს, რომ კოპტი ქრიტიანების პაპებსაც აქვთ ამ ტიტულის ტარების ლეგიტიმური უფლება. ამგვარად, დამთხვევათა ალბათობა იზრდება და აღწევს 7-დან 5-ს. საქმე ისაა, რომ კოპტური ეკლესიის ექვსიდან ორი პაპი გრენდ სლემის წლებში გარდაიცვალა. უფრო მეტიც - 1971 და 2012 წლებში მათი სიკვდილი სწორედ უელსის ნაკრების გამარჯვებებს დაემთხვა.

“British Medical Journal”-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სნელსონი ბრიტანული იუმორით ასკვნის: „მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილის ამ შემთხვევებსა და სპორტულ შედეგებს შორის კავშირი ბოლომდე დადგენილი არ არის, პირველმა გამოკვლევამ არასწორი უსაფრთხოების გრძნობა წარმოშო, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სხვა პაპების სიცოცხლეს.“

კოპტური ეკლესიის პაპები მოციქულ მარკოზის პირდაპირ მემკვიდრეებად ითვლებიან. მათი, როგორც ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქების, ადგილსამყოფელი კაიროშია. ეგვიპტეში ცხოვრობს ასევე ქრისტიანი კოპტების უდიდესი ნაწილი. ქრისტიანი კოპტების უფრო მცირე ჯგუფები ცხოვრობენ ერითრეაში, ლიბიაში, სუდანში, ისრაელში, ავსტრალიასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.