დეპრესიის გენები ინფექციის წინააღმდეგ?

გენები, რომლებიც დეპრესიისკენ მიდრეკილებას აძლიერებს, მათი მავნე ზემოქმედების მიუხედავად გავრცელებულია ადამიანის გენომში. ამერიკელი მეცნიერები ამას იმით ხსნიან, რომ ამ გენებს დადებითი თვისებებიც აქვს: ისინი იმუნურ სისტემას ააქტიურებს და ამიტომაც არ გამქრალა ევოლუციის პროცესში. მათი ვარაუდით, ეს გენები აძლიერებდა ინფექციებისგან გადარჩენის შანსებს სიცოცხლის პირველ წლებში და ამგვარად ზრდიდა ადამიანის ბიოლოგიურ ჯანმრთელობას განვითარების ადრეულ ეტაპზე. თუკი ეს ჰიპოთეზა დადასტურდა, ინფექციის საწინააღმდეგო მედიკამენტებმა შესაძლოა დადებითი შედეგი გამოიღოს დეპრესიის მკურნალობისთვის.

„ჰიპოთეზის მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ დეპრესიის ხელშემწყობი გენები, განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში, ჩვენს წინაპრებს ინფექციისგან სიკვდილისგან იცავდა,“ ამბობს ჩარლზ რეისონი ტუსონის უნივერსიტეტიდან. მან თავის კოლეგასთან, ატლანტის ემორის უნივერსიტეტის თანამშრომელ ენდრიუ მილერთან ერთად შეისწავლა იმ გამოკვლევების შედეგები, რომლებშიც საქმე ეხება დეპრესიის მაღალ რისკთან დაკავშირებული გენების გამოვლენას. ამ გენების ვარიანტების უდიდესი ნაწილი, იმავდროულად, გავლენას ახდენდა ადამიანის იმუნური სისტემის ფუნქციებზე. ეს აღმოჩენა ეხმიანება დაკვირვებებს, რომელთა თანახმად, დეპრესიულ ადამიანებს ანთებითი რეაქციები შეენიშნებათ და, ამავე დროს, ხანგრძლივი სტრესი ხელს უწყობს დეპრესიას. მეცნიერთა აზრით, დეპრესიის ისეთი ტიპური სიმპტომები, როგორებიცაა უმოქმედობა, სოციალური იზოლაცია და უმადობა, შესაძლოა ბიოლოგიური თვალსაზრისით გამართლებული იყო, ვინაიდან ამგვარი ქცევა ინფექციის გავრცელებას უშლის ხელს.

კიდევ ერთი პარალელი იმაში მდგომარეობს, რომ როგორც დეპრესიული დარღვევები, ისე გააქტიურებული იმუნიტეტი ხელს უშლის ძილს: შესაძლოა, ჩვენი წინაპრებისთვის სასარგებლო იყო ტრავმის ან ინფექციის დროს სიფხიზლე. თანამედროვე ადამიანზე დეპრესიის გენები უკვე აღარ მოქმედებს დადებითად, ვინაიდან დღეს ინფექციის რისკი უფრო დაბალია და არსებობს ანტიბიოტიკები. ამიტომაც ამ გენების მოქმედების ბლოკირებას აზრი აქვს. ამერიკელი მეცნიერები ამავე გამოკვლევის ფარგლებში ცდილობენ დაადგინონ, შეიძლება თუ არა გარკვეული ფორმის დეპრესიისთვის იმ მედიკამენტების გამოყენება, რომლებიც ავტოიმუნური დაავადებების მკურნალობისთვის იხმარება.