Wynton Marsalis & Eric Clapton Play The Blues

უინტონ მარსალისი და ელიკ კლაპტონი

დღევანდელი სიუჟეტის თემა იქნება ბლუზი და ოციანი წლების ახალორლეანური ჯაზი, უფრო სწორად, მათი შეხვედრა, რომელიც ამ რამდენიმე თვის წინ ნიუ-იორკში, ერთ „ლაივზე“ შედგა. მსმენელის წინაშე ლინკოლნის ცენტრის არტისტები წარდგნენ - სტანდარტული შემადგენლობით, როგორც კლასიკურ ჯაზურ ორკესტრს ეკადრება: მესაყვირენი, ტრომბონისტი, კლარნეტისტი, პიანისტი, კონტრაბასისტი და დრამერი - ერთმანეთზე ხვითო და შებერტყილი მუსიკოსები. ისეთ ბენდზე მოგახსენებთ, თითოეული მათგანი ინდივიდუალური ხელწერით უბადლოდ რომ სოლირებს ხოლმე.

ამ თავყრილობაში კი ერთი გიტარისტი გამოირჩეოდა, ვინაიდან სულ სხვა ოპერიდან გახლდათ. შესაბამისად, ისიც უნდა ვახსენოთ. თუმცა, ეს „ც“ ცოტა არ იყოს უადგილოა, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ საღამოს ხერხემალი სწორედ გიტარისტი ბრძანდებოდა და, მეორეც, საქმე ბებერ მგელს - ერიკ კლაპტონს ეხება. კონცერტიც მანვე გახსნა, ლუი არმსტრონგის „სტაკანჩიკი“ ნაყინი მიირთვა და ბენდის ბანჯოისტს საკუთარი „გიბსონით“ გაესაუბრა:
http://www.youtube.com/embed/mTgwDkFiRsQ
ალბათ, იკითხავთ - სად კლაპტონი და სად ლუი არმსტრონგიო? ან ეს როკმენი კაცი ამ ჯაზურ გაუგებრობაში როგორ მოხვდაო? ამ კითხვებს კონცერტისას თვითონვე უპასუხა: „ყოველთვის ვამბობდი, ბლუზს იქამდე დავუკრავ, სანამ ერთხელაც ჯაზ-ბენდში არ ამოვყოფ თავს-მეთქი“. ჰოდა, იმ საღამოსაც კლაპტონის გულში დედა-შვილი - ბლუზი და ჯაზი - ერთმანეთს გადაეყარნენ და ბრიტანელმაც ახალი ორლეანის ჯაზური პეიზაჟი საკუთარი მონასმით შეავსო. თუნდაც, მისი ცნობილი სიმღერა „ლეილა“ ავიღოთ, პეტი ბოიდს რომ მიუძღვნა, ქალბატონს, რომლის სიყვარულშიც ერთ დროს ჯორჯ ჰარისონს ეჯიბრებოდა. თურმე, თავიდან სიმღერის შესრულებას არ აპირებდა, ვაი და უხეირო გამოდგესო. თუმცა მაინც გაბედა, სამიჯნურო ბლუზური ბალადა ახალორლეანურ ყაიდაზე მოაქცია და ცხრაწუთიან ულამაზეს კარნავალურ მარშად გადააკეთა.
http://www.youtube.com/embed/RvNIivHdy0Q
ამ „ლაივის“ ხერხემალი თუ ერიკ კლაპტონი გახლდათ, სულიც ხომ საჭირო იყო? ჰოდა, სული ახალორლეანელმა მესაყვირემ შთაბერა, რომელიც თანამედროვე ჯაზურ სამყაროში მაინცდამაინც გულზე არ ეხატებათ. ამას კი რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთ-ერთი მათგანი, ალბათ, შურია - შური მიღწევების გამო: სხვადასხვა ჰიტაღლუმებში სტაბილურად წამყვან პოზიციებზეა, ხოლო ჟურნალ „ტაიმის“ გავლენიან ამერიკელთა ნუსხაში - 25-ე ადგილზე, პედაგოგია და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, მოცალეობის ჟამს ტელეწამყვანადაც მუშაობს - ამერიკელ ყმაწვილებს ჯაზურ და კლასიკურ მუსიკაში ამეცადინებს, „პულიცერის“ პრემიის მფლობელი და „გრემის“ ცხრაგზის ლაურეატიც ბრძანდება. ერთ-ერთი მათგანი კი 22 წლის ასაკში აქვს მიღებული და ერთადერთი მუსიკოსია, რომელმაც ეს ჯილდო როგორც ჯაზურ, ასევე კლასიკური მუსიკის სფეროში დაისაკუთრა. რა ქნას მეტი? მიხვდით, ალბათ, რომ საუბარი უინტონ მარსალისზეა. სხვათა შორის, ეს ბენდიც მისია, სადაც ერიკ კლაპტონი დაიყენა გვერდში, ნიუ-იორკის „ლინკოლნ ცენტრის“ მუსიკალურ პროგრამათა გამგე და აქაური ჯაზ-ორკესტრის უცვლელი უსტაბაში ბრძანდება.
http://www.youtube.com/embed/8F-av9rnKgI
შური ვახსენე, თუმცა, შურის გარდა უინტონ მარსალისისთვის კონსერვატიზმიც ვერ უპატიებიათ - 21-ე საუკუნეში კვლავ არქაულ მუსიკალურ ფორმებში ტრიალებსო. სადღაც მართლებიც არიან. თანამედროვე ჯაზური ტენდენციების გაგონებაც არ სურს, ისევ ბლუზსა და კლასიკურ სვინგში იხარშება. მის ალბომებზე შესაძლოა ნაჩქარევი დასკვნაც გააკეთოს კაცმა, რომ წინაპრების დანატოვარის ხარისხიანი გადამღერება, ზუსტი კოპირებაა და მეტი არაფერი. თუმცა ამგვარი დასკვნა მწარე შეცდომა იქნება. უინტონ მარსალისი დღესდღეობით ერთადერთი მუსიკოსია, რომელმაც ყველაზე უკეთ იცის ჯაზის ისტორია და, თავისი წიგნიერების წყალობით, ყველაზე უკეთ ახერხებს აწმყოს წარსულთან დაკავშირებას. ახალორლეანელ კრეოლთა თუ აფროამერიკელთადროინდელ მუსიკას დახვეწილი ნოვაციური ფორმებით აცოცხლებს და ბოპისა და ქულ ჯაზის მუღამებითაც გემოვნებით ამდიდრებს. მაგალითისთვის ბესი სმითის „უდარდელი სიყვარულიც“ გამოდგება, რომელიც პირველად 1925 წელს ჩაიწერა, საუკუნის თავზე კი ერიკ კლაპტონმა შეასრულა - ამჯერად, როგორც უინტონ მარსალისის ორკესტრის წევრმა:
http://www.youtube.com/embed/o-1nvKs5ZOU
უინტონ მარსალისს კოლეგა მუსიკოსები ზოგჯერ იმასაც წამოაძახებენ ხოლმე, ეგ რა ჯაზმენია - დახეული ჯინსების ნაცვლად მკაცრი კოსტიუმებითა და ცხვირწვეტიანი ლაკის შტიბლეტებით გაფოფრილი დაიარებაო. ამ „ლაივსაც“ თვალი რომ შეავლო, უელსის პრინცთან მიღებაზე გეგონება თავი - დარბაზი სმოკინგებში გამოწყობილი მამაკაცებითა და, ბოდიში და, ბუმბულგაჩრილი ქალბატონებითაა სავსე. თუმცა ამგვარმა ე.წ. ელიტურმა აურამ თავად მუსიკას ვერაფერი დააკლო - ვერც ბლუზის ბუნებრივ გულწრფელობასა თუ მიამიტობას და ვერც ორლეანური ჯაზის აღვირახსნილ სიშმაგესა და ჭირვეულობას. მუსიკოსების ემოციები ვერც ყელში წაჭერილმა ჰალსტუხებმა დააცხრო - ბოლომდე დაიხარჯნენ და ჯაზურ-ბლუზურ ღრიანცელში დასაბმელებივით მძვინარებდნენ.

მოკლედ, ვისაც ბადი ბოლდენის, ჯელი როლ მორტონისა და ლუი არმსტრონგის მუსიკა უყვარს, ეს დისკი მისწრებაა, თანაც, დროშიც იმოგზაურებს - ახალი ორლეანის საუკუნისწინანდელ საროსკიპოებში გაისეირნებს, სადაც რეგტაიმი, უორქსონგი, გოსპელი, სპირიჩუელი თუ ბლუზი ერთმანეთში ითქვიფებოდა და შედეგად - ჯაზი იბადებოდა.
http://www.youtube.com/embed/A91pY1L9meQ