„ოცნების“ უსახსროდ დატოვებისა და ბაგრატზე ჯვრის დადგმის კვირა

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უშუალო მინაწილეობა მიიღო გადახურული ბაგრატის ტაძრისათვის ჯვრის დადგმაში.

გასული კვირა თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებით დაიწყო. მმართველი პარტიის კანდიდატები პარლამენტის თავმჯდომარემ და თბილისის მერმა წარადგინეს. ამასთან, კანდიდატების ნაწილმა, ვისაც მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობა ეკავა, საარჩევნო კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად, სამსახურიდან წასვლის განცხადება დაწერა. საარჩევნო კოდექსის 112-ე მუხლით განსაზღვრულ პირთა ჩამონათვალი ვრცელია და, როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი თათული თოდუა ამბობს, მოიცავს ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობას:

„ეს პირები არიან: საქართველოს პრეზიდენტი, სამინისტროების (საქვეუწყებო დაწესებულებათა) ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები და ა.შ. სრული ჩამონათვალი ვრცელია... ამ პირებს ხელი მიუწვდებათ ყველა ადმინისტრაციულ რესურსზე, უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლიათ მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. აქ არ არის მხოლოდ ისეთ წვრილმან შემთხვევებზე საუბარი, როგორიცაა ტრანსპორტის გამოყენება საარჩევნო კამპანიის დროს.“

გასულ კვირაში მოულოდნელი გაგრძელება პოვა ძიუდოისტ ბექთილ შუკვანის საქმემ. ქართველმა სპორტსმენმა ოლიმპიადაზე განცდილი მარცხის გასაჩივრება გადაწყვიტა, რისთვისაც ლონდონში ჩავიდა და გამოცდილი ადვოკატები დაიქირავა...

”მიზანი ის არის, რომ, აი, რაც მოხდა ჩემთან მიმართებაში, ასახავს იმას, რომ არასწორი რაღაცა მოხდა და, აი, მაგიტომ ჩამოვედი აქ, რომ სიმართლე რაც არის, დავამტკიცო. არასწორი მსაჯობა იყო... და კიდე ისიც ვთქვი, აი, რაც მოხდა - როგორ გავიქეცი, თუ რაც ჰქვია, ეს ყველაფერი მოვუყევი... ადვოკატები დავიქირავე და ყველაფერს გააშუქებენ ახლო მომავალში.”
მეტად კეთილგანწყობილი რომ ყოფილიყო მსაჯი, ალბათ, უფრო უკეთესი შეფასებები ექნებოდა შუკვანის გდებებს - 2 გდებაზეა საუბარი ...
ვლადიმერ ნუცუბიძე

შუკვანი, არაობიექტური მსაჯობის გარდა, უკმაყოფილოა საქართველოს დელეგაციის ქცევითაც, კერძოდ, იმით, რომ არ გასაჩივრდა ფრანგ მეტოქესთან განცდილი მარცხი, თუმცა, როგორც საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე ამბობს, გასაჩივრების შემთხვევაშიც შედეგი იგივე დარჩებოდა:

”მეტად კეთილგანწყობილი რომ ყოფილიყო მსაჯი, ალბათ, უფრო უკეთესი შეფასებები ექნებოდა შუკვანის გდებებს - 2 გდებაზეა საუბარი. მაგრამ, სავარაუდოდ, ისეთი შედეგით დამთავრდა ეს შეხვედრა, რომ ეს შედეგი გავლენას ვერ იქონიებდა საერთო შედეგზე, იმიტომ რომ შეხვედრა დამთავრდა გდება იპონით, რაც უფრო აღემატება იქ ნაჩვენებ შეფასებებს.”

გასულ კვირაში 20 წელი შესრულდა აფხაზეთში ომის დაწყებიდან. ტრადიციულად, ამ დღეს პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ოცი წლის წინანდელი ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს ზუგდიდშიც, სადაც დღემდე ბევრი დევნილი ცხოვრობს:

„სროლა რომ დაიწყო, ჩვენ ვიფიქრეთ, სამი დღით ადრე ბიჭებმა იჩხუბეს და იმ ამბის გარჩევა გააგრძელესო. ხალხი შემოცვივდა ეზოში. გარეთ რომ გავიხედეთ, ტანკის ლულა დავინახეთ. მივხვდით, რომ რაღაც დაიწყო. მამაჩემმა თქვა, დავიღუპეთ, ომი დაიწყოო.“

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდება კიდევ ერთი ნეგატიური ინფორმაცია, რომელიც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან გავრცელდა. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე ქართულ სოფლებში დარჩენილი სახლების დანგრევას აპირებს. თიბილოვის გეგმით, სახლების ადგილას სამრეწველო და სოფლის მეურნეობის ობიექტები განთავსდება. დე ფაქტო მთავრობა სოფლებისთვის არც ძველი სახელების შენარჩუნებას აპირებს. თიბილოვის განცხადებამ ლიახვის ხეობიდან დევნილი მოსახლეობის დიდი აღშფოთება გამოიწვია:

„ამას ვერავითარი ძალა ვერ წაშლის. წაშლაც დროებითია, რაღაც მედიდურობაც და მკერდზე მჯიღის ცემაც დროებითია. ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, ამას დრო სჭირდება. როგორ უნდა წაშალონ? საიდან უნდა წაშალონ? სად უნდა წაშალონ? რითი უნდა წაშალონ ისე, რომ ფესვმა არ ამოხეთქოს? რა ქიმიური ნივთიერება არსებობს, რომ ეს წაშალონ? ვინ წაშლის ამას?“

რეგისტრაციის შემდეგ უნდა მოხდეს არბიტრაჟის შექმნა. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ არბიტრს წარადგენს ბიძინა ივანიშვილის მხარე ...
არჩილ კბილაშვილი

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ 15 აგვისტოს მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავათა განხილვის საერთაშორისო ცენტრში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო განაცხადი შევიდა. განაცხადის წარმდგენი პირია კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საქართველოს მთავრობას მის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებში ადანაშაულებს და ზიანისათვის კომპენსაციას მოითხოვს. ადვოკატ არჩილ კბილაშვილის თქმით, ივანიშვილის განცხადება საინვესტიციო დავათა განხილვის საერთაშორისო ცენტრში ამ ეტაპზე პროცედურულად დარეგისტრირების სტადიაშია:

”რეგისტრაციის შემდეგ უნდა მოხდეს არბიტრაჟის შექმნა. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ არბიტრს წარადგენს ბიძინა ივანიშვილის მხარე, მეორე არბიტრს მთავრობა, ხოლო ეს ორი აირჩევს მესამეს. ანუ უნდა მოხდეს არბიტრაჟის შექმნა, უნდა მოხდეს შემდგომ პროცედურების მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით თავიანთი აზრების გაცვლა, წარმოდგენა, განხილვა და, საერთო ჯამში, ეს არის დაახლოებით ორწლიანი პროცესი და სადღაც ორი წლის თავზე უნდა იქნეს გამოტანილი გადაწყვეტილება.”

თუმცა გასულ კვირაში კოალიცია „ქართული ოცნების“ წინაშე ახალმა პრობლემებმა იჩინა თავი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილებით, კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიების დაყადაღებულ ანგარიშებს ინკასო დაედო, რამაც, „ქართული ოცნების“ წევრის, ნოდარ ხადურის თქმით, კოალიცია ყოველგვარი ფინანსური სახსრების გარეშე დატოვა.

გასული კვირის მიწურულს საქართველოს ხელისუფლებამ ახალციხეში საზეიმო ვითარებაში გახსნა აღდგენილი რაბათის ციხის კომპლექსი, რომელსაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა „აღმშენებლობის გვირგვინი“ უწოდა. სააკაშვილის თქმით, აღმშენებლობის პროცესი გაგრძელდება და რაბათის შემდეგ ახალ სიცოცხლეს გორის ციხეს შთაბერავენ. გასულ კვირაშივე მიხეილ სააკაშვილმა უშუალო მინაწილეობა მიიღო გადახურული ბაგრატის ტაძრისათვის ჯვრის დადგმაში.