როზეტა თარპი – "სამხრეთელი საოცრება"

სიუჟეტს ბობ დილანის სიტყვებით დავიწყებ: "...ხშირად მეკითხებიან, თუ სად მეგულება როკენროლის ფესვები, ამერიკული ფოლკლორის რომელ მუსიკალურ ფორმაში... როზეტა თარპს გაგახსენებდით, ბლუზისა და გოსპელის დაუმსახურებლად მივიწყებულ ქალღმერთს, რომელსაც გიტარაზე დაკვრისა თუ სიმღერის ნიჭი უზენაესმა დაბადებისთანავე უბოძა... მოუსმინეთ მას და პასუხსაც მიიღებთ..."
როზეტა თარპის ნამდვილი გვარ-სახელი როზა ნუბინი გახლდათ. 1915 წელს არკანზასის შტატში, პატარა ქალაქ კოტონ-პლანტში დაიბადა. მუსიკა კი დედამ შეაყვარა. ადგილობრივი ბაპტისტური ეკლესიის მგალობელი ბრძანდებოდა და ვოკალურ წიგნიერებას გოსპელის წყალობით აზიარა. როზეტა სულ რაღაც 4 წლის გახლდათ, როცა გასტროლებზე საეკლესიო გუნდთან ერთად გაემგზავრა. გუნდი დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა ამ რელიგიურ-მუსიკალური ანგაჟემენტების მთავარი ხიბლი მაინც პატარა გოგონა გახლდათ. სამხრეთული ქალაქების ქუჩებში ხშირად ნახავდი აფიშას მეტად თავშესაქცევი წარწერით: "კოკროჭინა როზეტა ნუბინი, რომელიც ჯადოსნურად მღერის და გიტარაზე საოცრებებს სჩადის".
20 წლის როზეტა ცოლად ვინმე ტომას თარპს გაჰყვა და ქმართან ერთად ნიუ-იორკში დაიდო ბინა. სწორედ აქ, ბლუზისა და ჯაზის მექაში, მისი ვოკალური მონაცემებითა თუ საგიტარო საშემსრულებლო მანერით ხმის ჩამწერი სტუდიის "Decca Records"-ის პროდიუსერები დაინტერესდნენ, რომლებმაც "სამხრეთელი საოცრება" სახელოვანი "კოტონ კლაბის" ორკესტრის ერთ-ერთ წამყვან ვოკალისტად აქციეს. კლუბის სცენაზე მას ისეთ მუსიკოსებთან უხდებოდა თანამშრომლობა, როგორებიც იყვნენ ქებ ქელოვეი და ბენი გუდმენი. ბუნებრივია, რომ ხსენებული ბატონების პარტნიორობა დიდი სკოლაც გახლდათ და, რა თქმა უნდა, პოპულარობის საწინდარიც. თუმცა მისი პირველი საქვეყნო აღიარება ლაქი მილინდერის სვინგური ბიგბენდის შემადგენლობაში შედგა. ჩვენც სწორედ ამ პერიოდის ერთ უნიკალურ ჩანაწერს მოვისმენთ, რომელიც 1941 წლით თარიღდება.

40-იანი წლების მეორე ნახევარში "Decca Records"-მა ექსპერიმენტი წამოიწყო, როზა თარპს პარტნიორად არანაკლებ ჩინებული მომღერალი - მერი ნაიტი - აახლა. მათი თანამშრომლობა რამდენიმე წელს გაგრძელდა და, მე რომ მკითხო, ნაიტი-თარპის ტანდემი ერთ-ერთი გამორჩეული ე.წ. "call and response" კონტრაპუნქტია ვოკალური დუეტების ისტორიაში. მერი ნაიტი ძლიერი კონტრალტოს პატრონი გახლდათ, მსუბუქი საშემსრულებლო ხელწერით გამოირჩეოდა, როზეტა თარპი კი მის მელოდიურ თუ რიტმულ აქცენტებს თავის ყაიდაზე აქცევდა, ლაღი, თავისუფალი საგიტარო და ვოკალური ფრაზებით ეპასუხებოდა: ხან ნატიფ ეროტიზმს აფრქვევდა, ხანაც ისეთი ბობოქარი ხმით დასჭექდა ხოლმე, პარტნიორს წალეკვით ემუქრებოდა. დუეტმა 50-იანი წლების ბოლომდე იარსება, ნაიტი პოპმუსიკაში გადაიჭრა, როზეტა კი საკუთარი ფესვების – გოსპელის - ერთგული დარჩა.
როზეტა თარპის სტუდიური მოღვაწეობა და სასცენო გამოსვლები ამერიკასა თუ ევროპაში 60-იანი წლების ბოლომდე გაგრძელდა. 1973 წელს ფილადელფიაში, ერთ-ერთი კონცერტის წინ იშემიური ინსულტის შედეგად, 58 წლის ასაკში აღესრულა. კვლავ ბობ დილანის მოსაზრებას დავესესხები, რომელიც, ჩემი აზრით, ყველაზე ზუსტად ახასიათებს "სამხრეთელი საოცრების" დაუმსახურებლად მივიწყებულ შემოქმედებას. "...სამწუხაროდ, როზეტა თარპი ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი არტისტია, ვინც კი ოდესმე მინახავს... ის რომ არა, არც ელვისი იქნებოდა და არც როკენროლი, დღევანდელი ფორმით... რაც შეეხება გოსპელს, მის უკონკურენტო "დედოფლად" მაჰალია ჯექსონი მიიჩნევა, თუმცა, სადავოა, რომელს უფრო დიდი წვლილი მიუძღვის ამ რელიგიურ-მუსიკალური ფენომენის დამოუკიდებელ მუსიკალურ ჟანრად ჩამოყალიბების საქმეში..."

ჰოდა, როგორც იტყვიან, გემრიელი ლუკმა ბოლოსთვის მოვიტოვე. უფრო სწორად კი, ზღაპრული სანახაობა, რომელიც როზეტა თარპმა და მისმა ამერიკელმა კოლეგებმა მანჩესტერის რკინიგზის ერთ-ერთ სადგურზე შესთავაზეს ბრიტანელ მსმენელს. ეს საოცარი ისტორიული კონცერტი, "ამერიკული ხალხური მუსიკის ფესტივალის" ფარგლებში, 1964 წელს გაიმართა: