მიშელ პეტრუჩანი - ჯუჯა ჯადოქარი

მიშელ პეტრუჩანი

13-14 წლის თუ ვიქნებოდი, როცა ტელევიზორში მეტად უცნაურ სანახაობას გადავაწყდი. ერთი ციდა კაცი ვნახე. რომელიღაც ზღაპრის გმირს ჰგავდა. გაყინული თვალებით ჭერში რაღაცას მიშტერებოდა და ფორტეპიანოსთან ირჯებოდა. ასაკიდან გამომდინარე, ჰარმონიისა თუ ფრაზირების მუღამების გონზე არ ვიყავი, მისი საშემსრულებლო უნარები რომ შემეფასებინა, თუმცა ამ უცნაური კაცის ნამოქმედარმა ჩემი გამოუცდელი ყურის მოხიბლვა მაინც მოახერხა და შთაბეჭდილებაც დღემდე გამომყვა: ულამაზეს მელოდიას ასრულებდა, რბილი და დახვეწილი ბგერებით თითქოს მეც თავის ზღაპრულ სამყაროში შემიტყუა და მომაჯადოვა. დედა მთლად პიანისტი მეგულება და სწორედ მისგან შევიტყვე, რომ იმ სევდიან თემას „ბესამე მუჩო“ ერქვა, ხოლო ციცქნა არსება მიშელ პეტრუჩანი გახლდათ. გასულ კვირას ჯაზურმა სამყარომ პიანისტის დაბადების 50 წლისთავი აღნიშნა და დღევანდელ სიუჟეტშიც სწორედ ამ ჯუჯა ჯადოქარზე ვისაუბრებ.
http://www.youtube.com/embed/SPeXVzn-UcI
პეტრუჩანის ბიოგრაფიის თხრობით თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ რამდენიმე საყვარელ თემასა თუ ალბომს ამოვქექავ. მოგეხსენებათ, გაჩენისთანავე სამედიცინო ცნობაში ისეთი რამე ჩაუწერეს, სასიკვდილო განაჩენს რომ უფრო ჰგავდა - არასრული ოსტეოგენეზი. ამ უმძიმესი დაავადების გამო, შეეძლო ნაღველსა თუ მწუხარებაში ჩაძირულიყო და ცხოვრებაზეც გული აეყარა, მაგრამ მის სულში სულ სხვა რამე ტრიალებდა - ბრძოლის იმგვარი ჟინი, ბევრი ჯანმრთელი ჯეელიც რომ ინატრებდა. ხელები სრულფასოვნად ჰქონდა განვითარებული, ჰოდა, მანამ ებრძოდა შავ-თეთრ კლავიშებს, სანამ ამ ხელებითვე სასწაული არ მოახდინა - ყველასგან განსხვავებული და ცნობადი საშემსრულებლო ტექნიკა გამოიმუშავა, მრავალფეროვანი ჰარმონიითა და ნატიფი ჟღერადობით გამორჩეული. თუმცა პეტრუჩანის ხელწერაში სხვა ჯადო-თილისმაც იყო ჩადებული - ის საოცრად ნათელი და ლაღი გახლდათ. როცა პიანისტის მუსიკის ამ ადამიანურ ბუნებაზე ვსაუბრობ, ერთი თემა მახსენდება ხოლმე: ეროლ გარნერის “Misty”, რომელიც 1995 წელს 87 წლის თანამემამულესთან, სტეფან გრაპელისთან ერთად ჩაწერა. ფრანგები რბილი, ნატიფი და დამცხრალი ბგერებით მეტყველებენ. ენა არ მოგიბრუნდება იმის სათქმელად, რომ ფორტეპიანო ვიოლინოს თანმხლებია ან პირიქით. იერარქიული დაყოფა, უბრალოდ, მკრეხელობაა, ინსტრუმენტები ლირიზმით სავსე იმპროვიზაციებით იხარჯებიან მსმენელის ყურისა თუ სულის სალხენად.
http://www.youtube.com/embed/D7E85UYD9Ic
მიშელ პეტრუჩანი მეტწილად ჯაზური სტანდარტების საკუთარ ყაიდაზე მორჯულებით გახლდათ დაკავებული, თუმცა კომპოზიტორის გამჭრიახობაც არ აკლდა. ამ მხრივ რამდენიმე საავტორო ალბომს გამოვყოფდი - მაგალითად, Music-ს, რომელიც 1989 წელს „Blue Note“-ში გახლავთ ჩაწერილი და პიანისტის 10 სიმპათიურ თემას მოიცავს. მათ შორის რომანტიკულ „პარიზულ მოგონებებს“, ტკბილ „იავნანას“, გაფრენილ ბიბოპსა და ერთ ფანკურ ახირებასაც გამოვარჩევდი ტანია მარიასთან ერთად. აი, შემდეგ ალბომს კი ამას წინათ სულ შემთხვევით გადავეყარე. აღარც მახსოვდა, დისკი თუ მქონდა. იმ ნივთივითაა, სულ რომ კარგავ და პერიოდულად თავისით გამოჩნდება ხოლმე. მოკლედ, 1987 წლის ნამუშევარია, მახვილგონივრული სახელწოდებით: „მიშელი ასრულებს პეტრუჩანის“. პიანისტს პარტნიორობა ჯაზური სცენის მთელმა თანავარსკვლავედმა გაუწია: გიტარაზე - ჯონ აბერკრომბიმ, დრამზე - როი ჰეინსმა, ბასზე - ედი გომესმა და ჰარი პიკოკმა. დისკზე ფრანგის 9 შესანიშნავი თხზულებაა, რომელიც თამამად შეიძლება ჯაზურ სტანდარტებადაც მივიჩნიოთ. ამჯერად კი ერთ მათგანს დავასახელებ: მხიარულებით, აღვირახსნილი სიშმაგითა და ძლევამოსილებით გამორჩეულ საფორტეპიანო სოლოს.
http://www.youtube.com/embed/XlF_qdXQbbg
ვერ ვიტყვი, მიშელ პეტრუჩანის შემოქმედების თავგადაკლული ფანი ვიყო. ერთადერთი აუდიომასალა რაც გამაჩნია, ზემოთ ხსენებული დისკია. თუმცა, როცა ფრანგის მუსიკის ხასიათზე ვარ, გამოსავალს იუთუბზე განთავსებულ პიანისტის ლაივებში ვპოულობ. ჰოდა, ბოლოსთვის ამ უნიჭიერესი პიანისტის, ალბათ, ყველაზე უჩვეულო ჩანაწერს გავიხსენებ: ცათამბჯენის სახურავზე სრულიად მარტო საყვარელ „სტეინვეისთან“ მოკალათებულა, თვალებით ცას მისჩერებია და სმოკინგში გამოწყობილი უკრავს. ეს მუსიკოსის ახირება გახლდათ თუ რამე კომერციული სვლა, წარმოდგენა არა მაქვს. ჯონ აბერკრომბის ინტერვიუში ერთ სენტიმენტალურ შეფასებას კი გადავეყარე, ფრანგმა სახელდახელო კონცერტი მადლიერების ნიშნად ღმერთს გაუმართა, ბოლომდე რომ არ გაწირა, ჯანსაღი ხელები უწყალობა და ნიჭიერებაც ბლომად დაანათლაო. მართლაც, საოცარი ჩანაწერია, - ბურთი ყელში მოგაწვებაო, რომ ამბობენ, ზუსტად ეგეთი ვიდეო გახლავთ. Looking Up-ს უკრავს, შესრულებას კი თავისი ცნობილი ფრაზით ამთავრებს: „ვერ ვიტან დამშვიდობებას!“. თუმცა მსმენელს, რომელსაც მთელი ცხოვრება სიკეთით სავსე მუსიკით ასაჩუქრებდა, 1999 წლის 6 იანვარს, 36 წლის ასაკში, საბოლოოდ მაინც გამოეთხოვა.
http://www.youtube.com/embed/hJfkyMCOsl4