პატარა პრინცი - არა ცაში, საკუთარ თავში...

რამდენი ხანი გავიდა, რაც ანტუან დე სენტ ეგზიუპერის ,,პატარა უფლისწული” დაიბეჭდა და მაინც არ ნელდება ამ წიგნისადმი ინტერესი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. ეგზიუპერი ერთნაირად გასაგებია ყველასათვის, სამყაროს რა წერტილშიც უნდა იმყოფებოდნენ ადამიანები, რა ეროვნებისა თუ რელიგიისაც უნდა იყვნენ ისინი. ამის მიზეზთა ჩამოთვლა, ცხადია, შორს წაგვიყვანს, მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, ჩემი აზრით, მაინც მწერლის საოცარი უბრალოება და ჰუმანურობაა, რითაც ის სწორედ უამრავი გულის ათრთოლებას ახერხებს.

,,პატარა უფლისწული“ ერთ-ერთი ყველაზე პოეტური თხზულებაა და ტექსტის სადა და გამიზნულად მარტივი ფრაზებიდან ისე ჟონავს პოეზია, როგორც კლდიდან წყალი. ეს ნაწარმოები ქართულადაც რამდენჯერმე ითარგმნა.
გაქვთ ორი თარგმანი - ,,პატარა უფლისწული“. ერთი ,,პრინცი“ მოითმინეთ, რა მოხდება?! ზოგმა წაიკითხოს „პატარა უფლისწული“, ზოგმა „პატარა პრინცი“ ან ორივე წაიკითხონ...
გიორგი ეკიზაშვილი

ბოლო და, ვფიქრობ, წინა ორისაგან პრინციპულად განსხვავებული ვერსიის ავტორმა, გიორგი ეკიზაშვილმა, გადაწყვიტა სათაურში, ჩვენი ყურისათვის ნაცნობი და უკვე შეჩვეული ,,უფლისწულის“ ნაცვლად, ,,პრინცი“ დაეტოვებინა, რამაც ჩემზე თავიდან საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. თვითონ მთარგმნელმა ამასთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზულად განაცხადა:

,,გაქვთ ორი თარგმანი - ,,პატარა უფლისწული“. ერთი ,,პრინცი“ მოითმინეთ, რა მოხდება?! ზოგმა წაიკითხოს „პატარა უფლისწული“, ზოგმა „პატარა პრინცი“ ან ორივე წაიკითხონ...“

ანტუან დე სენტ ეგზიუპერის ეს ალეგორიული ნოველა პირველად 1943 წელს გამოქვეყნდა ნიუ-იორკში. ეს ის პერიოდია, როცა ევროპაში ფაშიზმი მძვინვარებდა და მწერლის მშობლიური საფრანგეთიც ნაცისტების მიერ იყო ოკუპირებული. ამიტომაც ,,პატარა უფლისწული“ უდაბნოში მღაღადებელი თავისუფლების სულის ძახილივით გაისმა. საფრანგეთში ის მეოცე საუკუნის საუკეთესო ფრანგულ ტექსტად აღიარეს. თარგმნილია მსოფლიოს 250-ზე მეტ ენასა და დიალექტზე.

საქართველოში სულაც არა ვართ განებივრებულნი ერთი და იმავე, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანი, მწერლის რამდენიმე ქართული თარგმანით. მით უმეტეს, ისეთი ვითარებით, როცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ეს თარგმანი ტოლს არ უდებს ერთმანეთს და ორიგინალის საინტერესო, დამოუკიდებელ გააზრებად გვევლინება.

ამ პატარა წიგნს წელიწადი და ექვსი თვე ვთარგმნიდი. აი, ნახეთ კიდევე ერთხელ წიგნი და იმ წიგნს, რომელსაც მე ნახევარ საათში ვკითხულობდი და ყველა ფრანგულის მცოდნე ნახევარ საათში წაიკითხავს, რომ დავჯექი, წელიწადი და ექვსი თვე მოვუნდი...
გიორგი ეკიზაშვილი
პირველად ანტუან დე სენტ ეგზიუპერის ეს ტექსტი მაშინ წავიკითხე, როცა ჯერ მხოლოდ ერთი ქართული თარგმანი არსებობდა და თვითონ ძალიან პატარა ბიჭი ვიყავი. ეს იყო 1962 წელს ,,ნაკადულში“ გამოცემული გიორგი ჩიმაკაძის ნამუშევარი. ამას 1996 წელს ბაჩანა ბრეგვაძის გადმოქართულებული ,,პატარა უფლისწული“ მოჰყვა, ხოლო 2003 წელს გამომცემლობა ,,სანიში“ წიგნის მესამე თარგანი, ამჯერად უკვე ,,პატარა პრინცის“ სახელწოდებით, დაისტამბა, რომელიც ფრანგული ლიტერატურის ჩინებულმა მცოდნემ გიორგი ეკიზაშვილმა შეასრულა.

გიორგი ეკიზაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს:

,,ამ პატარა წიგნს წელიწადი და ექვსი თვე ვთარგმნიდი. აი, ნახეთ კიდევე ერთხელ წიგნი და იმ წიგნს, რომელსაც მე ნახევარ საათში ვკითხულობდი და ყველა ფრანგულის მცოდნე ნახევარ საათში წაიკითხავს, რომ დავჯექი, წელიწადი და ექვსი თვე მოვუნდი. იყო წინ ორი თარგმანი, პატივისცემა მათ, მაგრამ იცით? - არის წიგნები და არის წიგნთა წიგნები. და საერთაშორისო გამოკითხვებში ადრე, მე მახსოვს ჩემს ახალგაზრდობაში, ბიბლია იყო პირველი და მეორე ძალიან ხშირად იყო ,,პატარა პრინცი“.

ტექსტის ასეთ პოპულარობას, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ერთი მიზეზი ჰქონდეს. ლიტერატურულ მშვენიერებასთან ერთად, უსათუოდ არსებობს რაღაც სხვა მიზეზებიც, რის გამოც ,,პატარა პრინცი“ მსოფლიოში ასეთი პოპულარულია.

ერთ-ერთი იქნებ ისიც არის, რომ ადამიანი, როგორც საკუთარი ბავშვობის სამოთხიდან გამოძევებული მგრძნობიარე არსება, მუდამ ესწრაფვის ამ სამოთხეში დაბრუნებას და ამაში მას პატარა პრინცი ძალიან ეხმარება.
უამრავი ქრისტიანული ალუზიით გაჯერებული ეს ტექსტი თითქოს სახარების ძალზე თავისებური ,,კონსპექტია“, ხოლო თვითონ წიგნის პერსონაჟი ძალზე ჩამოჰგავს პატარა ქრისტეს, რომლის ბავშვობაზეც, სხვათა შორის, თვითონ სახარება, პრაქტიკულად, არაფერს გვეუბნება. წიგნის მთარგმნელი გიორგი ეკიზაშვილი ამბობს:

გიორგი ეკიზაშვილი


,,ერთხელ, როდესაც პრეზენტაცია მოაწყვეს წიგნის, მე ვთხოვე, რომ მოეწვიათ ბავშვები და მშობლები. ვილაპარაკეთ და მერე ვთქვი, რომ ერთად წაიკითხეთ ეს ტექსტი და სანამ ბავშვი ისწავლის კითხვას, აი, დაუჯექით და წაუკითხეთ და რასაც ბავშვი ვერ გაიგებს, იქვე აუხსენით, მაგრამ თუ თქვენ რამე ვერ გაიგეთ, ბავშვს ჰკითხეთ და ის აგიხსნით, და თანაც საკითხავია, გაიგებთ თუ არა თქვენ, თუ რას გეუბნებათ ბავშვი. მერე კიდევ იყო, რომ ერთ ფრანგულ სკოლაში მქონდა შეხვედრა და ბავშვმა ასწია ხელი და მითხრა: იცით, ბოლო ფინალურ სცენაში გვეხვეწება ჩვენო ავტორიო (გვეხვეწებაო, ეს თქვა), რომ მოძებნეთ, რა, პატარა პრინციო, ნახეთო და თუკი სადმე მოძებნითო, შემატყობინეთო. მე ვუთხარი: არსად არ ეძებო, ძვირფასო, ეძებე შენს თავში-მეთქი. ეძებეთ პატარა პრინცი არა ცაში, არა ვარსკვლავების გადახედვაში, არამედ საკუთარ თავში. იმიტომ, რომ ეს არის ის ჩვენი ბავშვობა, რომელიც დავივიწყეთ. მერე დრო გავიდა, დრო გავიდა და ბევრმა დავიწყებაც კი დაივიწყა“.

მაგრამ არის რაღაცები, რაც ადამიანს არასოდეს გავიწყდება. კრიტიკოსი მაკო ჯანჯიბუხაშვილი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აღნიშნავს:

,,რამდენჯერმე მაქვს წაკითხული ეს ნაწარმოები და ყოველთვის მრჩება კითხვები, რომლებზედაც პასუხს ვერ ვპოულობ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცხადად არის ნათქვამი, რომ ეს არის წიგნი სიწმინდეზე, სიფაქიზეზე, სიყვარულის ერთადერთობაზე. აი, როდესაც უკვე ნახულობს პატარა პრინცი ვარდების დიდ რაოდენობას, რაღაც ათასობით ვარდს, გაოცებულია: ნუთუ ის ერთადერთი ვარდიც, ის ჩემი ვარდიც ამათი მსგავსიაო, მაგრამ ხვდება, რომ ის ერთადერთი ვარდი ამათი მსგავსი არ არის, ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ის არის მხოლოდ მისი და, აი, ეს საკუთრების განცდა სიყვარულისა და იმ ერთადერთობის განცდა გასდევს ამ ნაწარმოებს და ამ მხრივაც განსაკუთრებულია“.

საერთოდაც, თუკი მაინცდამაინც უნდა რომელიმე ნაწარმოები გამოვყოთ თვითონ ანტუან დე სენტ ეგზიუპერის თხზულებებიდან, რომელთაგან ბევრი ქართულადაც თარგმნილია, იმ ერთადერთი ვარდივით, ალბათ, მაინც ,,პატარა პრინცს“ ავირჩევთ, რადგან ამქვეყნად ყველა ადამიანი ერთხელ მაინც მოხვედრილა საკუთარი ცხოვრების უდაბნოში. როგორც მაკო ჯანჯიბუხაშვილი აღნიშნავს:

მაკო ჯანჯიბუხაშვილი


,,უდაბნოს სიმბოლიკაზე შორს არ წავალ და ვიცით ჩვენ, რომ მას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, ქრისტიანობის შემდგომ, განსაკუთრებით. ეს არის სივრცე, სადაც ადამიანი თვითჩაღრმავებით მიდის ღმერთამდე თუ საკუთარ თავამდე. უდაბნო თავისი სიმბოლიკითაც და სიცხადითაც არის საინტერესო. პრინცთან ურთიერთობით ეგზიუპერი ესაუბრება, ალბათ, მსოფლიო მკითხველს, რომ ჩვენ უნდა დავივიწყოთ ის ამაოებანი, რაც მიწაზე ძალიან გვაუხეშებს და ძალიან სქელკანიანებს გვხდის დიდებს და ყოველთვის ვეცადოთ, რომ ჩვენს თავში არ მოვკლათ ის ბავშვი, რაც მშვენიერებას გვინარჩუნებს“.

სიმბოლურია ისიც, რომ ანტუან დე სენტ ეგზიუპერი სწორედ უდაბნოში ხვდება საკუთარ ბავშვობას - პატარა პრინცს, რომელიც სთხოვს, რომ ბატკანი დაუხატოს. ,,ბატკანი“ ამ შემთხვევაში შესაძლოა გავიგოთ როგორც ადამიანის მიერ განვლილი ცხოვრების ანგარიში საკუთარ ბავშვობასთან, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დახატული ბატკანი პატარა პრინცის თვალში არ გამოჩნდეს მახრჩობელა გველად, რომელმაც სპილო გადაყლაპა.

სასიხარულოა, რომ ქართველ მკითხველს უკვე სამი ერთმანეთზე უკეთესი თარგმანის მეშვეობით შეუძლია გაეცნოს ანტუან დე სენტ ეგზიუპერის ამ უკვდავ ტექსტს, ამ თაიგულიდან თავისი საკუთარი ვარდი აირჩიოს და, გიორგი ეკიზაშვილის თქმით, მთავარია, მიხვდეს მთავარს, გინდ „პატარა უფლისწული“ და გინდ „პატარა პრინცი“ წაიკითხოს.