დავით წერედიანის "ორიონი"

დავით წერედიანის პოეტური კრებული „ორიონი“ 2010 წელს გამოსცა "ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოებამ" (რედაქტორი როსტომ ჩხეიძე). ამ პატარა წიგნმა შესანიშნავი ქართველი მთარგმნელის უმნიშვნელოვანესი პოეტური ნიმუშები გააერთიანა. საერთოდ, ათასგვარი ახალ-ახალი პოეტური ინტონაციით სავსე ეს კრებული დავით წერედიანის ხმაა, პოეტისა, რომელიც არავისში აგერევა. თუმცა სამწუხაროა, რომ მის პოეზიას აქამდე მხოლოდ პროფესიონალ მკითხველთა ვიწრო წრე იცნობდა, წერედიანის სახელი კი, ძირითადად, მის კონგენიალურ თარგმანებთან იყო გაიგივებული.

მართლაც, შეუძლებელია ადამიანს დაავიწყდეს დავით წერედიანის მიერ უბადლო ქართულით ამეტყველებული ფრანსუა ვიიონი, გოეთეს ,,ფაუსტი“, ძმები გრიმების ზღაპრები და ათასი სხვა რამ, ურომლისოდაც ჩვენი ლიტერატურის დღევანდელი იერსახე წარმოუდგენლად ღარიბი იქნებოდა.

თვითონ მისი ლექსები ადრე მეც თითო-ოროლა მქონდა წაკითხული და მხოლოდ ლიტერატორთა მითქმა-მოთქმა მესმოდა იმაზე, რომ ბატონი დავითის სახით ჩვენ შორის დიდი პოეტი დადიოდა.

სასიხარულოა, რომ ეს მოარული ხმები სავსებით დაადასტურა 2010 წელს „ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების“ ეგიდით გამოცემულმა მისმა კრებულმა ,,ორიონმა“, რომლის რედაქტორიც მწერალი როსტომ ჩხეიძე წინასიტყვაობაში საგანგებოდ აღნიშნავდა:

,,სულ ოცდაცხრა ლექსი და ერთიც ფრაგმენტი პოემისათვის.

ეს არის და ეს მისი გარეგნული აღნაგობა.

არსით და სივრცით კი მომცველია იმგვარი მხატვრული რეალობის, დიდებულ ესთეტიკურ სამყაროდ რომ წარმოგვიდგება.

და ეს მისი შინაგანი მონუმენტურობის წყალობაა.

რაღა ნიკოლოზ ბარათაშვილის მემკვიდრეობა და რაღა დავით წერედიანის გარეგნულ სიმცირეში ამოზრდილი და გადაშლილი დიდი სამყარო.“

ეგებ ვინმეს გადაჭარბებული მოეჩვენოს ეს ეპითეტები ერთი პატარა კრებულისათვის, მაგრამ წიგნის პირველივე ლექსი ადვილად დაგარწმუნებთ, რომ დავით წერედიანი სრულიად გამორჩეული მოვლენაა ქართულ პოეზიაში.

უპირველესად იმით, რომ მან ტრადიციის კალაპოტიდან გადაუსვლელად მოახერხა, მშობლიური პოეზია არაერთი ინტონაციური, თემატური და შინაარსობრივი სიახლით გაემდიდრებინა.

მისი ორიგინალური ლექსების წაკითხვამ კი შუძლებელია კიდევ ერთხელ არ დაგვაფიქროს იმ პრობლემაზე, რამდენ რამეს სწირავს მთარგმნელად გადაცმული ნამდვილი პოეტი სათარგმნ მასალას, როგორ უშურველად უთმობს სხვა, თუნდაც გენიალურ, პოეტს სივრცეს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მისი საკუთრება უნდა ყოფილიყო.

რადიო „თავისუფლებასთან“ ამ საკითხზე საუბრისას თვითონ დავით წერედიანმა აღნიშნა:

,,თავისთავად ალბათ კანონზომიერია, როდესაც რაღაცა საქმეს იწყებს ადამიანი და საზოგადოებაში ჩნდება, ეს სახელი დაერქმევა და ასე აქვს და აქვს. ერთხელ თამარ ერისთავი იხსენებდა, გიორგი ლეონიძესთან ჰქონდა ლაპარაკი, თარგმანებს დავბეჭდავო. ,,არა, კაცო, არ დაბეჭდო, არ დაბეჭდო! მოგაკერებენ მერე მთარგმნელის სახელს და ვეღარ მოიშორებ!“ ასეთი რამე საერთოდ ხდება და მაგაზე გულისწყვეტა რომ მქონოდა, უფრო ენერგიულად შევუდგებოდი ამ საქმესაც, მაგრამ ეს რაღაც ცოტა განზე დარჩა იმის გამო, რომ ბევრი მიზეზი ჰქონდა და ერთ-ერთი ისიც იყო, რომ მაინცდამაინც ჩემთვის დიდად საოცნეობო საქმე არ ყოფილა საბჭოთა ცენზურის ქვეშ ყოფნა. თარგმანები, მით უმეტეს, ძველი პოეტებისა მაგისგან სრულიად თავისუფალი იყო. რა თქმა უნდა, მხოლოდ ეგ არ არის მიზეზი, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი აშკარად არის.“

პოეტი ლია სტურუა, ვის სახელსაც სხვა რამდენიმე პოეტთან ერთად უკავშირდება ქართული ლექსის ძირეული განახლება მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში, დავით წერედიანის ,,ორიონის“ შეფასებისას აღნიშნავს:

„თავის დროზე ,,მნათობში“ დაიბეჭდა დათო წერედიანის ლექსები და რაღაც მეხივით დამემხო თავზე - ეს ფერი, ზარი... რა კამათი, რის დისკუსია! წავიკითხავდი ამ ლექსებს, წავიდოდი სადღაც, მოვბრუნდებოდი, ისევ წავიკითხავდი, ვკითხულობდი გაუთავებლად. მერე პერსევერაცია დამემართა და ამეკვიატებოდა რამდენიმე სტრიქონი მისი ლექსებიდან და, განსაკუთრებით, ეს ორი სტრიქონი: „ტროპარის ნუსხურ გზაწვრილზე თეთრი მტრედები სხედან“... პოეტს უნდა ჰქონდეს ტექნიკა გარკვეული, მან ხელობა, წერის ხელობა უნდა იცოდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის მთავარი. მთავარია, მან იცოდეს სიტყვის ანატომია და ხასიათი. ორი სიტყვა შეიძლება გიყვარდეთ ან არ გიყვარდეთ. იქნებ იყოს კარგი სიტყვა, რომელიც გიყვარს, მაგრამ მეორე სიტყვასთან არ გამოგადგეთ. ერთმანეთის გვერდით ეს სიტყვები არაფრით არ შეიძლება. ისინი კლავენ ერთმანეთს, ან პირიქით ავსებენ ერთმანეთს სრულყოფილებამდე. ამის ცოდნა უკვე ხელოვნებაა და ამ ხელოვნებას დათო წერედიანი, მე მგონი (ისევ გავიმეორებ ამ სიტყვას) სრულყოფილად ფლობს. და ისედაც, იცით, ეს არის მისი უდიდებულესობა პოეზია, რომელზეც ჯობია, ლექსით ილაპარაკო. აი, მაგალითად, ასეთი ლექსით: „ჩემი წყევლის ანგელოზმა (,,წყევლის ანგელოზი!“ - როგორია?!) შეგვყარა და ჯვარი გვსახა, დარიჩინის ზღუდე გაკრავს, ტკივილის და ამბრისა ხარ.“ იცით, შეიძლება, რომელიმე პოეტს - კარგს, დახვეწილს, მაგრამ უნერვოს დაეწერა: ,,მუშკისა და ამბრისა ხარ“, თითქოს ,,ამბრი“ მოითხოვს მუშკს, მაგრამ დათოს არ წარმოუდგენია უნერვო ესთეტიკა. მაგონდება იოსიფ ბროდსკი ამბობდა მარინა ცვეტაევაზე, რომ მისი სინტაქსი და ფონეტიკაც კი ტრაგიკულიაო. ესე იგი, როდესაც ლექსის სინტაქსი და ფონეტიკა ატარებს ავტორის ხასიათს, აი, ეს არის ნამდვილი პოეზია.“

სიახლის, მით უმეტეს, პოეზიის იმ ინტონაციურ სიახლეთა უცებ შემჩნევა, რაც დავით წერედიანმა მოიტანა, იოლი არ არის. კრიტიკოსებზე ადრე ამას ზოგჯერ პოეტის თანამოკალმენი შენიშნავენ ხოლმე და ალბაც ამასაც გულისხმობდა ბატონი დავით წერედიანი, როცა ,,ორიონის“ გარეკანზე საგანგებოდ წერდა:

„მეუბნებოდნენ, რომ მავანნი, არცთუ ურიგო პოეტები, შიგადაშიგ სტრიქონებს კენკავდნენ. ორიოდე შემთხვევას რომელიღაც ანთოლოგიის ფურცვლისას მე თვითონაც წავაწყდი. ხსენებადაც არ ეღირებოდა, მაგრამ ჩვენში გაღმა მოდავეთა ამბავი რომ ვიცი, ვთხოვ, სანამ გულისთქმას აჰყვებოდნენ, თარიღები მშვიდად გადაამოწმონ.“

პოეტის ქვეტექსტიცა და წუხილიც სავსებით გასაგებია, თუმცა ერთი რამ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას: ამა თუ იმ შემოქმედის ზეგავლენა თანამედროვე სალიტერატურო პროცესზე სწორედ ასეთი შემთხვევებითაც განისაზღვრება. იქნებ დღესვე არა, მაგრამ მომავალში აუცილებლად დადგინდება, ვისი ოქრო ვის ქისაში ჩხრიალებდა და ლიტერატურის ისტორია თარიღებსაც უსათუოდ გადაამოწმებს. თარიღების გადამოწმების შედეგად კი უეჭველია, რომ დავით წერედიანის ამ გარეგნულად ხელისგულისოდენა წიგნის- ,,ორიონის“ მნიშვნელობა კიდევ უფრო გამოიკვეთება.