წითელი ღვინო ხორცის მავნე ზემოქმედებას ანეიტრალებს

ხორცის ხშირად ჭამა ზრდის არტერიოსკლეროზით დაავადების რისკს. მაგრამ ვინც საჭმელს ერთ ჭიქა წითელ ღვინოს აყოლებს, მისთვის ეს რისკი შეიძლება შემცირდეს, იტყობინებიან ისრაელის მეცნიერები. პოლიფენოლები, რომლებსაც შეიცავს ღვინო, ჟანგვის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ისინი ხელს უშლის სისხლში მავნე ნივთიერებების მოხვედრას, რომლებიც ხორცის მონელების შედეგად გამოიყოფა. იმათ, ვინც საჭმელს მხოლოდ წყალს აყოლებდა, სისხლში ბევრად მეტი რაოდენობით აღმოაჩნდა მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის ნაწილაკები. ეს ნაწილაკები ხელს უწყობს სისხლძარღვების კედლებზე ნალექის გაჩენას, ვკითხულობთ „Journal of Functional Foods“-ში.

„ჩვენი კვლევის შედეგები შესაძლოა დაგვეხმაროს იმის ახსნაში, თუ რა კავშირია ხორცის ხშირ მოხმარებასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ამაღლებულ რისკს შორის“, წერენ რონ კოჰენა და მისი კოლეგები იერუსალიმის უნივერსიტეტიდან. ისინი 14 მამაკაცს და ქალს ოთხი დღის განმავლობაში აჭმევდნენ 250 გრამ ინდაურის მუქ შემწვარ ხორცს და ერთ ჭიქა წყალს ასმევდნენ. ყოველი ჭამის შემდეგ სამი და ექვსი საათის შემდეგ მეცნიერები ცდის მონაწილეებს სისხლის ანალიზებს უტარებდნენ. ცდის მონაწილეთა ერთ ნაწილს ერთი კვირის შემდეგ აჭმევდნენ იმავე რაოდენობით ხორცს, ოღონდ ხორცი დაჭრის შემდეგ, შეწვამდე, წითელ ღვინოში იყო „ჩაბასტურმებული“. მომზადების შემდეგ ამ ხორცის კერძს საცდელ პირებს ერთ ჭიქა ღვინოსთან ერთად აჭმევდნენ. მთლიანობაში ისინი იღებდნენ 530 მილიგრამ პოლიფენოლებს ღვინიდან, აქედან 360 მილიგრამს - სასმელის გზით.

ჭამის დროს ღვინის მოხმარებისას 40%-ით მცირდებოდა სისხლში ე.წ. მალონდიალდეჰიდის დონის ზრდა. მალონდიალდეჰიდი კუჭში წარმოიქმნება ხორცის მონელებისას, გარკვეული სახის ცხიმების დაშლის შედეგად. სისხლში გადასვლის შემდეგ მალონდიალდეჰიდის ნაწილაკები მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებზე განლაგდება. ამის შედეგად ეს უკანასკნელნი ისე იცვლება, რომ ქმნის დანალექებს, რამაც სისხლძარღვთა კედლების შევიწროება შეიძლება გამოიწვიოს. მალონდიალდეჰიდისა და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის ნაერთის დონე სისხლში 27%-ით გაიზარდა პირველ დღეს, ხორცის მიღებისას ღვინის გარეშე. კვების მეოთხე ჯერზე კი ეს მაჩვენებელი 96 პროცენტით იყო გაზრდილი. ხოლო იმ საცდელი პირების შემთხვევაში, რომლებიც ხორცთან ერთად წითელ ღვინოსაც იღებდნენ, ეს ზრდა საერთოდ არ მომხდარა. გამოკვლევის ავტორების აზრით, ხორცის უარყოფითი ზემოქმედება შესაძლოა შესუსტებულ იქნეს პოლიფენოლების შემცველი თხევადი თუ მყარი ფორმის დანამატების მეშვეობით.