აღკვეთილი ტერაქტისა და საპარლამენტო დაპირისპირების კვირა

გასული სამუშაო კვირის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევნები იყო. მოსამართლეთა კონფერენციის მიერ 9 ივნისს 7 წევრის არჩევის შემდეგ, საქართველოს პარლამენტს ორი ტური დასჭირდა იმისთვის, რომ საბჭო ნაწილობრივ მაინც დაეკომპლექტებინა. საბოლოო ჯამში, საქართველოს პარლამენტმა 14 ივნისს იუსტიციის საბჭოს კიდევ ოთხი - ამჯერად არამოსამართლე - წევრი აირჩია, თუმცა ამით საბჭოს სრული შემადგენლობით არჩევის პროცესი მაინც ვერ დასრულდა, რაც უმცირესობის ერთგვარი ბოიკოტით იყო გამოწვეული. საპარლამენტო უმცირესობამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო. შესაბამისად, საბჭოს წევრობის 2 კანდიდატის ასარჩევად საჭირო კვორუმი - 100 ხმა - ვერ შეგროვდა. საბოლოო ჯამში კი, ნათელი გახდა, რომ სასამართლო სისტემის მაკოორდინებელი, ხარისხიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების ხელშემწყობი დამოუკიდებელი ორგანოს არჩევნები პოლიტიკური გავლენისაგან თავისუფალი ვერ აღმოჩნდა ვერც მოსამართლეთა კონფერენციაზე და ვერც საქართველოს პარლამენტში. იუსტიციის საბჭო 15-ის ნაცვლად, 13 წევრის შემადგენლობით შეუდგება საქმიანობას, მასში არსებული ძალთა ბალანსი კი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროექტის ხელმძღვანელმა გია გვილავამ შემდეგნაირად განგვიმარტა:

“ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც სჭირდება 6 არამოსამართლე წევრის ხმა, ეს არის მოსამართლედ დანიშვნა პირის. ამ შემთხვევაში 10 ხმაა საბჭოში საჭირო - 9 მოსამართლე გვყავს და 1 ხმა აუცილებლად იქნება საჭირო.იმ ხალხის მხარდაჭერა სჭირდება ამას, რომლებიც პარლამენტის კვოტით არიან შესულები. ძირითადად საკითხების დიდ ნაწილს საბჭო იღებს უბრალო უმრავლესობით - აქ 9 მოსამართლეც საკმარისია, თუმცა რაც შეეხება მოსამართლედ დანიშვნას პირის, ამ შემთხვევაში საჭიროა 10 ხმა“.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა სრულად დაკომპლექტებისთვის საჭირო კვორუმის - ხმათა 2/3-ის - ვერშეგროვების მიუხედავად, იმავე დღეს, 14 ივნისს, პარლამენტმა პრეზიდენტის კიდევ ერთი ვეტო დაძლია. ამჯერად საქმე ეხებოდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლებიც ადვოკატთა უფლებების გადახედვას ემსახურებოდა. სადავო საკითხები კი იყო ადვოკატისათვის ჩხრეკისა და ამოღების ჩატარების უფლების 2014 წლის სექტემბრიდან მინიჭება და ასევე ადვოკატისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მტკიცებულების ხელსაყრელ დროს წარდგენის უფლების გაუქმება. პრეზიდენტის მოთხოვნები დეპუტატებს მისმა საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი ძაგნიძემ წარუდგინა:

“ჩვენი შემოთავაზებაა, რომ ის ცვლილებები, ერთი მხრივ, რომლებიც შეეხება საგამოძიებო მოქმედების ჩხრეკის და ამოღების შესახებ შუამდგომლობის დაყენების უფლების მინიჭებას დაცვის მხარისთვის, ამოქმედდეს 2013 წლის 1 სექტემბერს და არა 2014 წლის 1 სექტემბერს, რაც, მართლაც, პოზიტიურად აისახება დაცვის მხარის სასარგებლოდ და მისი ამოქმედების შემთხვევაში რეალურ შედეგს იქონიებს მართლმსაჯულების ხარისხზე. და, მეორე მხრივ, უცვლელად დარჩეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს, ასე ვთქვათ, მტკიცებულების შენახვის, ანუ სასამართლოში მომდევნო ეტაპზე მისი წარდგენის უფლებას დაცვის მხარისთვის“.

პრეზიდენტის ინიციატივას დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს, ვეტო კი 92 ხმით 33-ის წინააღმდეგ დაძლიეს. კიდევ ერთი საკითხი, რომელმაც, პარლამენტის გარდა, ხმაური და ვნებათაღელვა საზოგადოებაშიც გამოიწვია, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებს შეეხება. ცვლილებების პროექტით, პრემიერ-მინისტრს სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორების მოვალეობის დროებით შემსრულებლების დანიშვნის უფლება ექნება, თავად რექტორებისა და დეკანების დანიშვნისთვის კი აუცილებელი პირობა აკადემიური ხარისხის ქონაა. კანონპროექტს მხარი „ქართული ოცნების“ რამდენიმე წარმომადგენელმაც კი არ დაუჭირა, აკადემიური წრეებისა და სტუდენტობის ნაწილში კი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის პროცესს საპროტესტო მღელვარებაც კი მოჰყვა:

“მეგობრებო, სტუდენტებო, ჩემო კურსელებო, ჯგუფელებო! მე, როგორც ერთ-ერთი სტუდენტი ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტისა, ვუერთდები სტუდენტების საპროტესტო აქციას და გთხოვთ, შემოგვიერთდეთ, რათა აღდგეს სამართლიანობა, რათა პოლიტიკა არ შევიდეს უნივერსიტეტში. გთხოვთ, შემოგვიერთდით!“

უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენა პარლამენტში, მოლოდინის მიუხედავად, მიმდინარე კვირაში აღარ გამართულა. ყველასთვის მოულოდნელად კი ცნობილი გახდა, რომ მზადდებოდა ტერორისტული აქტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღკვეთა. 13 ივნისს, გამთენიისას, თბილისში დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი, რომელთა დროებითი საცხოვრებლიდან, ჩხრეკის შედეგად, დიდი რაოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება იქნა ამოღებული. მზადების ეტაპზე აღკვეთილი ტერაქტის შესახებ კი ცნობა საზოგადოებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა მიაწოდა:

“ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება, სავარაუდოდ, პლასტიდი და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა არ დააკონკრეტა, რომელი ქვეყნის წარმომადგენლები არიან დაკავებულები, თუმცა დაკავების ადგილას გადაღებულ კადრებში ჩანს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ორი პასპორტი. არაოფიციალურად გავრცელდა ინფორმაციაც იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი დაკავებული - კერძოდ, კადიევი - დაღესტნელია. აქვთ თუ არა რაიმე კავშირი აღკვეთილი ტერაქტის მომზადების ბრალდებით დაკავებულ პირებს ლოპოტის ცნობილ ოპერაციასა და თალიბანის სახელით გავრცელებულ ვიდეორგოლებთან? ამ შეკითხვაზე გასულ კვირაში ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ისმოდა. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი ამ კავშირს ვიდეორგოლების საკითხში ხედავს.

“დღევანდელმა დაკავებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ტერორისტული საფრთხის შემცველი ვიდეორგოლების ჯიჰადის ვიდეორგოლებთან დაკავშირებით გამოძიების სერიოზულად წარმართვის აუცილებლობა. გამოძიება უნდა ჩატარდეს ობიექტურად და რეალური ვითარება დადგინდეს“, აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი განაცხადა, რომ ქართველი სამხედროების წინააღმდეგ გასულ კვირაში მუქარის შემცველი განცხადებების გავრცელებას არაფერი აქვს საერთო თალიბანთან და ის საქართველოდან აიტვირთა. განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა 11 ივნისს საგანგებოდ მოწვეული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა. სხდომას არც ამჯერად დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

“ჯერ საკითხები უნდა იყოს ისეთი, რომ აუცილებელი იყოს და სასწრაფოდ მისასვლელი...მერე უნდა დავრწმუნდე, რამდენად ქმედითუნარიანია ეს სტრუქტურა. და მომავალში, რატომაც არა, თუკი დავრწმუნდებით, რომ საკითხები ისმება არა საკითხებისთვის და არა იმისთვის, რომ შეკრება მოხდეს, რაც ჩვენ მოვითხოვეთ, ჩვენივე მოთხოვნიდან გამომდინარე, არა. ამის შემდგომ კიდევ ვნახოთ, რამდენად ქმედითუნარიანია“.

11 ივნისს მოწვეული სხდომის მთავარი თემები კი იყო საქართველოს საჯარისო შენაერთებზე თავდასხმა ავღანეთში, თალიბანის სახელით გავრცელებული მუქარისშემცველი ვიდეორგოლები და ამ კონტექსტში გამოკვეთილი უსაფრთხოების საკითხები. სხდომას სამი მინისტრი დაესწრო, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, რომელმაც მოგვიანებით დაადასტურა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი ელჩების საკითხის გაჭიანურების შესახებ უშიშროების საბჭო ცალკე სხდომაზე იმსჯელებს.

გასულ სამუშაო კვირაში კი პარლამენტმა ნატოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ლევან დოლიძის, ხოლო გაეროში კახა იმნაძის კანდიდატურებს დაუჭირა მხარი. გასულ სამუშაო კვირაშივე, 13 ივნისს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია, რომელიც კიდევ ერთხელ აღიარებს ყველა დევნილისა და ლტოლვილის უფლებას დაბრუნდნენ სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.