„აზოვსტალი“ შიგნიდან: მეტალურგიული კომბინატი, რომელიც მარიუპოლის ციხესიმაგრედ იქცა

ფოტოგრაფი, რომელმაც ასახა მარიუპოლის საბჭოთადროინდელი მეტალურგიული კომბინატი, გვიყვება, თუ არა ნახა ქარხანაში, რომელიც, სავარაუდოდ, გახდება უკრაინის „აზოვის“ ბატალიონსა და რუსეთის ჯარებს შორის საბოლოო დაპირისპირების ადგილი.

19 აპრილს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც ქალაქ მარიუპოლის „აზოვსტალის“ კომბინატის ტერიტორიაზე იმყოფებიან, იარაღის დაყრა და დანებება მოსთხოვეს. ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ხელმძღვანელობამ კი განაცხადა, რომ ქარხანაზე იერიშს დაიწყებდა.

„აზოვსტალის“ კომბინატს ბოლი ასდის - ფოტო გადაღებულია 18 აპრილს, ომის დაწყებიდან თითქმის 2 თვის შემდეგ.

ქალაქის მცველებმა დანებებაზე უარი განაცხადეს. უკვე 56 დღეა, მარიუპოლს „აზოვის“ პოლკისა და 36-ე საზღვაო ბრიგადის ქვეითები იცავენ. ბოლო დღეებია, ისინი სწორედ „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე არიან გამაგრებული და პერიოდულად ავრცელებენ მტერთან დაპირისპირების ამსახველ ვიდეომასალებს.

„აზოვსტალის“ შესასვლელი, 1978 წელი.

„აზოვსტალი“1933 წელს ამუშავდა. საბჭოთა ხელისუფლებამ მისი აშენების ადგილი, აზოვის ზღვის სანაპირო, ნედლეულთან იოლი წვდომის გამო აარჩია. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე ქარხანაში 10 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობდა.

„აზოვსტალი“ 1943 წელს, მას შემდეგ, რაც მისი დიდი ნაწილი ნაცისტებმა გაანადგურეს

„აზოვსტალის“ ქარხანა მეორე მსოფლიო ომის დროს 1941 წელს გაჩერდა. მაშინ საბჭოთა კავშირმა კომბინატის დიდი ნაწილი აღმოსავლეთში გადაიტანა და ნაცისტების ოკუპაციას გაარიდა.

ფოტოგრაფი ვიქტორ მაჩა

ჩეხმა ფოტოგრაფმა ვიქტორ მაჩამ ქარხანა 2016 წელს მოინახულა. ის ამბობს, რომ „აზოვსტალს“ ახლა „ველურად და სრულიად უკონტროლოდ“ ანადგურებენ.

მაჩას მიერ გადაღებული ფოტოები გარკვეულ შთაბეჭდილებას გვიქმნის, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ხელჩართული ბრძოლები ქარხანაში. .

რკინიგზა, რომელიც „აზოვსტალის“ ტერიტორიას მიუყვება

მარიუპოლში ორი დიდი მეტალურგიული კომბინატი მდებარეობს. მეორე ქარხანა რუსეთის ძალებმა აპრილის შუა რიცხვებში დაიკავეს და, როგორც ჩანს, მძიმედ დააზიანეს. მაჩას აზრით, უკრაინელებმა გასამაგრებლად „აზოვსტალი“ შეარჩიეს ბომბსაფრების გამო, რომლებიც ქარხნის ქვეშაა აშენებული.​

„აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნის მუშა

მაჩას 2016 წელს ეს თავშესაფრები არ მოუნახულებია. ის ამბობს, რომ 1940-იან წლებში, როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქარხანა განაახლეს, საბჭოთა მშენებლებმა ჯერ თავშესაფრები გამართეს, შემდეგ კი მას თავზე დააშენეს კომბინატი. „ისინი დაცულია, თუმცა, შეიძლება ეს საკმარისი არ აღმოჩნდეს“, - უთხრა მაჩამ რადიო თავისუფლებას.

"აზოვსტალის" ცეხი

A heavy plate rolling mill in Azovstal​

მაჩა ამბობს, რომ „აზოვსტალში“ ახლა საშინელი პირობებია. „ვერც კი წარმომიდგენია, რას განიცდიან ახლა „აზოვის“ პოლკის მებრძოლები და სამოქალაქო პირები“.

მარიუპოლის ქალაქის საბჭოს ცნობით, „აზოვსტალს“ ათასზე მეტი სამოქალაქო პირი აფარებს თავს. რუსული მხარე კი ამტკიცებს, რომ ქარხნის ტერიტორიაზე სამოქალაქო პირები აღარ იმყოფებიან.

აზოვსტალი

ჩეხი ფოტოგრაფი, რომელიც თვალყურს ადევნებს მარიუპოლის ამბებს, შიშობს, რომ ბრძოლის შედეგად „აზოვსტალისგან აღარაფერი დარჩება“.

საწარმოო პროცესი "აზოვსტალში"

თუმცა, „აზოვსტალს“ უკვე ნანახი აქვს ძალადობა. მაჩა მიიჩნევს, რომ „უკრაინელებისთვის ამ ვითარებაში ახალი არაფერია. ისინი „აზოვსტალს“ თავიდან ააშენებენ, როგორც ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გააკეთეს“.