ვიზების ლიბერალიზაციის მოლოდინში

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის აუცილებლობა - ეს საკითხები განიხილეს 24 აპრილს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა. კონფერენცია, რუმინეთის საელჩოსა და ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით ჩატარდა.

უწყობს თუ არა ხელს საქართველო პერსონალურ მონაცემთა და უმცირესობათა უფლებების დაცვას? ეს ის საკითხებია, რომლებიც საქართველოსთვის ერთ-ერთ მთავარ გზას და შესასრულებელ მისიას წარმოადგენს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში. სწორედ ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულება და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სისტემის განხილვა გახდა საბაბი 24 აპრილს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სახალხო დამცველის ოფისის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრისა. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ ხანებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, როგორც პერსონალურ მონაცემთა ისე უმცირესობათა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ამ მხრივ კვლავაც რჩება გარკვეული ხარვეზები, რომლებიც, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, გამოსწორებას საჭიროებს. გასული წლის შემოდგომაზე ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველომ დააკმაყოფილა ევროკავშირთან სავიზო დიალოგის პირველი ფაზის მოთხოვნები, მათ შორის, ქვეყანამ მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის წევრი დოროტა დროჩი სულიგა საქართველოს მხრიდან ამ მიმართულებით წინგადადგმულ ნაბიჯებზე ამახვილებს ყურადღებას:

„საქართველომ ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია იმ ორ სფეროში, რომელსაც დღეს ჩვენ განვიხილავთ - ვგულისხმობ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღებასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სისტემის დახვეწას. და როდესაც მე ვამბობ საქართველოს, მხოლოდ საქართველოს მთავრობაზე არ ვლაპარაკობ, მე ვგულისხმობ სხვადასხვა ქართულ ინსტიტუციებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს, სახალხო დამცველის ოფისსა და ასევე სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ძალიან აქტიურ მონაწილეობას იღებს პროცესში“.

პირველ რიგში, სასამართლოსათვის მიმართვის ვადა დისკრიმინაციის საქმეებზე არის ძალიან დაბალი - სამი თვე. ამასთანავე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც დღეს ჩვენს წინაშე დგას, ეს არის ის, რომ კერძო პირები არ არიან ვალდებულნი ითანამშრომლონ ჩვენთან...
მაკა გიოშვილი

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის რიგის სამიტამდე ერთი თვით ადრე საქართველო იმედოვნებს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ტექნიკური სამუშაოს წარმატებით გადაწყვეტა შექმნის იმის რეალურ საფუძველს, რომ რიგის სამიტზე ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია მიიღოს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შემოღების თაობაზე. თუმცა, მიუხედავად დადებითი მოლოდინებისა, სახალხო დამცველის ოფისი თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მაინც იმ ხარვეზებზე ლაპარაკობენ, რომელმაც შესაძლოა ქვეყანას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში გარკვეული ბარიერები შეუქმნას. მაგალითად, გასული წლის მაისში ხმაურიანი განხილვების შედეგად მიღებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონში არსებულ ასეთ ხარვეზებზე მიუთითებს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაკა გიოშვილი. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც დეპარტამენტმა კონკრეტული საქმეების შესწავლა დაიწყო, ძალიან მალევე გამოიკვეთა დღეს მოქმედი კანონის ნაკლოვანებები:

„პირველ რიგში, სასამართლოსათვის მიმართვის ვადა დისკრიმინაციის საქმეებზე არის ძალიან დაბალი - სამი თვე. ამასთანავე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც დღეს ჩვენს წინაშე დგას, ეს არის ის, რომ კერძო პირები არ არიან ვალდებულნი ითანამშრომლონ ჩვენთან და მოგვაწოდონ ინფორმაცია; კერძო პირები არ არიან ვალდებულნი, რომ შეასრულონ სახალხო დამცველის რეკომენდაცია“.

ჩვენ უნდა გავიაზროთ ის, რომ ეს არის ჩვენი ყოველდღიური ყოფა და ჩვენი აზროვნების ცვლილება. ამისათვის არსებობს ერთი გზა - რაც შეიძლება მეტი ვილაპარაკოთ ამ თემებზე. ხანდახან ვფიქრობ, რომ ძალიან ხშირად მიწევს ანტიდისკრიმინაციულ საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრებზე სიარული და საუბარი...
თამარ კორძაია

საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ოფისის წარმომადგენელი ნინო სარიშვილი, თუმცა, როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, აპარატისადმი მიმართვიანობის მზარდი მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ სიტუაცია ამ მიმართულებით ნელ-ნელა უმჯობესდება:

„მაგალითისთვის რომ გითხრათ, თუკი 2014 წელს 19-მა მოქალაქემ მოგვმართა საჩივრით მათი უფლების დარღვევის თაობაზე, წელს, პირველ კვარტალში, უკვე 10 განცხადება გვაქვს მიღებული. უმეტესწილად, საჩივარი ეხება ხოლმე მონაცემების უკანონოდ გასაჯაროებას“.

ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე ლაპარაკობს საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ კორძაიაც. მისი თქმით, საქართველოს და საზოგადოებას ჯერ კიდევ ბევრი და თამამი ნაბიჯი აქვს გადასადგმელი იმისათვის, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოს:

„ჩვენ უნდა გავიაზროთ ის, რომ ეს არის ჩვენი ყოველდღიური ყოფა და ჩვენი აზროვნების ცვლილება. ამისათვის არსებობს ერთი გზა - რაც შეიძლება მეტი ვილაპარაკოთ ამ თემებზე. ხანდახან ვფიქრობ, რომ ძალიან ხშირად მიწევს ანტიდისკრიმინაციულ საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრებზე სიარული და საუბარი, მაშინ როცა ახალი სათქმელი არაფერია. მაგრამ სანამ ახალს ვიტყვით, დღეს არსებული მდგომარეობა უნდა გავაცნოთ უკეთ ადამიანებს, რომ ახლამდე მივიდეთ და ახალი პრობლემები დავინახოთ“.

ქართული მხარე ამჯერად ევროკომისიის ანგარიშს ელოდება იმის თაობაზე, თუ როგორ მოახერხა საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთის აუცილებელი კანონმდებლობის პრაქტიკაში დანერგვა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, ევროკომისია სწავლობს საქართველოში მოვლინებულ ექსპერტთა დასკვნებს, რომლებიც საქართველოში ექსპერტთა რამდენიმე მისიის ვიზიტის შედეგად დაიწერა. სწორედ ამ დასკვნების საფუძველზე შეიქმნება საბოლოო ანგარიში, რომელიც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის რიგის სამიტამდე 10 დღით ადრე გამოქვეყნდება. თავად რიგის სამიტი 21-22 მაისს გაიმართება.