გამოვლინდა ყალბი ვიზების დამზადების ფაქტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყალბი ვიზების დამზადების, გასაღებისა და გამოყენების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში 2 პირი მიეცა. გამოძიების თანახმად, ბრალდებულები პერიოდულად მოქალაქეებს 18 000 ამერიკულ დოლარად ამერიკის შეერთებული შტატებისა და შენგენის წევრი ქვეყნების ყალბ ვიზებს უმზადებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები ვიზებთან დაკავშირებული თაღლითობის ფაქტის გამოვლენას მიესალმებიან და მას აშშ-სა და საქართველოს შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითად მიიჩნევენ.

გამოძიების მასალების მიხედვით, თაღლითობის ბრალდებით დაკავებული პირები მოქალაქეებს სხვადასხვა ბანკში წინასწარ არიცხვინებდნენ სავიზო აპლიკაციის შესავსებად საჭირო ოფიციალურ გადასახდელ თანხას, შემდეგ უმზადებდნენ ყალბ ცნობებს სამუშაო ადგილისა და ყოველთვიური ანაზღაურების შესახებ და ვიზების მიღების მიზნით მათ ამერიკის შეერთებული შტატებისა და შენგენის წევრი ქვეყნების საელჩოებში წარადგენდნენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური უსაფრთხოების გამომძიებელმა დავით ქაჯაიამ განმარტა, გრაფიკული და საბუთების ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბრალდებულები ცნობებზე თავად აყალბებდნენ ხელმოწერებს:

“სამართალდამცავებმა ბრალდებულების საცხოვრებელი ბინების, სამუშაო ოფისისა და ავტომანქანის ჩხრეკისას ყალბი დოკუმენტები, სხვადასხვა ორგანიზაციის ბეჭდები, 29 000 ამერიკული დოლარი და 2 000 ევრო ამოიღეს. ბრალდებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, გამოყენებისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს“.

მადლობას ვუხდით ქართველ სამართალდამცველებს ჩატარებული დაკავებებისა და მიმდინარე გამოძიებისთვის, რომლის მიზანია საელჩოს გარეთ დოკუმენტების გაყალბებაში ეჭვმიტანილი ადამიანების დასჯა...
კრისტა პეროზო

ბრალდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი შეესაბამება. როგორც დანაშაულის გახსნის საკითხზე გამართულ პრესკონფერენციაზე საგანგებოდ მიწვეულმა კრისტა პეროზომ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულოს უფროსმა, აღნიშნა, შეერთებული შტატები ძალიან სერიოზულად უდგება სავიზო განაცხადის პროცესს და, შესაბამისად, მისი საკონსულოები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ცდილობენ ვიზებთან დაკავშირებული თაღლითობის აღმოჩენასა და აღკვეთას. მისივე თქმით, შეერთებული შტატები აფასებს ქართველ სამართალდამცველებთან თანამშრომლობას სავიზო პროცედურების დაცვისა და თაღლითობასთან ბრძოლის მიმართულებით:

“მადლობას ვუხდით ქართველ სამართალდამცველებს ჩატარებული დაკავებებისა და მიმდინარე გამოძიებისთვის, რომლის მიზანია საელჩოს გარეთ დოკუმენტების გაყალბებაში ეჭვმიტანილი ადამიანების დასჯა. ქართველი სამართალდამცველების მუშაობა გვეხმარება საქართველოს იმ მოქალაქეთა უფლებების დაცვაში, რომლებსაც ამერიკის ვიზის მისაღებად შემოაქვთ საბუთები“.

საქართველოს მოქალქეთა ნაწილი, რომელიც ხვდება, რომ არ აქვს აშშ-ში ვიზის მიღების არანაირი შანსი, მიზნის მისაღწევად სხვა გზების ძებნას იწყებს...
მარკ რიჩმონდი

კრისტა პეროზოს თანახმად, ამერიკაში ვიზის მიღების მსურველნი სერიოზული დანაშაულის მსხვერპლნი არ უნდა გახდნენ. ამგვარი საფრთხის პერსპექტივაზე კი ზოგადად მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინტეგრირებული საზღვრის მართვის ექსპერტი მარკ რიჩმონდი გვესაუბრა. მისი აზრით, თუ ვიზის მიღების მსურველს უნდა კანონს გვერდი აუაროს, თაღლითებისგან შეთავაზება ყოველთვის იარსებებს:

„საქართველოს მოქალქეთა ნაწილი, რომელიც ხვდება, რომ არ აქვს აშშ-ში ვიზის მიღების არანაირი შანსი, მიზნის მისაღწევად სხვა გზების ძებნას იწყებს. მაგრამ ძალიან სარისკოა დაიწყო არალეგალური გზების ძებნა, გადაიხადო ფული ყალბ დოკუმენტში - მით უმეტეს, რომ კრიმინალური გზით მოპოვებული საბუთი არ იძლევა სასურველ ქვეყანაში შესვლის გარანტიას. თანაც, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ თუკი პირველ ცდაზე ვიზა არ მიიღო,ისევ ლეგალური გზით უნდა შეეცადოს ამას. ის, რომ ასეთი რამ საქართველოში მოხდა, იმითაა განპირობებული, რომ ქვეყანაში ბევრი უმუშევარია და უამრავ ქართველს სურს სამუშაოდ აშშ-ში, კანადაში გამგზავრება“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გამოვლენილ დანაშაულში ბრალდებული 2 მოქალაქე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.