საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დაიწყო სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის სარჩელის განხილვა. ტელეკომპანიის ადვოკატები ითხოვენ, რომ უზენაესმა სასამართლომ გააუქმოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ”რუსთავი 2”-ის მფლობელად ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში გამოცხადდა. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა გადაწყვეტილებას მიიღებს ზეპირი მოსმენით განხილვისა და მხარეების მონაწილეობის გარეშე. 21 ნოემბერს სარჩელის განხილვის დაწყების პარალელურად უზენაესი სასამართლოს შენობის წინ გაიმართა ”რუსთავი 2”-ის მხარდამჭერი აქცია.
მარტია ხაჩიძე ”რუსთავი 2”-ის ერთგული მაყურებელია. ტელეკომპანიისათვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად ის თელავის რაიონიდან ჩამოვიდა.
Your browser doesn’t support HTML5
”რუსთავი 2”-ის დასაცავად ვარ მოსული! ”რუსთავი 2”-ის მუდმივი მაყურებელი ვარ! მე არც ვიცი სხვა ასეთი, რომელსაც ამდენი მაყურებელი ჰყავს. სულ მიკვირს, რომ ამბობენ ხოლმე, ”რუსთავი 2” „ნაციონალური მოძრაობისააო“. არ არის მარტო „ნაციონალური მოძრაობის“. ეს არის მთელი საქართველოსი. ”რუსთავი 2”-ზე შეიძლება ადამიანმა გაიგოს ყველაფერი, დანარჩენ სხვა არხებს სხვადასხვა ინტერესის გამო ვუყურებ. თუ, მაგალითად, სპორტული შეჯიბრებების ნახვა მინდა, მაშინ ჩავრთავ პირველ არხს, დანარჩენ შემთხვევებში - ”რუსთავი 2”. მე ამ არხით ვცხოვრობ“, უთხრა რადიო თავისუფლებას მარტია ხაჩიძემ, რომელიც რამდენიმე ასეულ სხვა მოქალაქესთან ერთად უზენაესი სასამართლოს შენობასთან მივიდა მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ღია ეთერით საგანგებო განცხადება გააკეთა და საზოგადოებას მოუწოდა დაიცვას ”რუსთავი 2” ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილისაგან:
ვაცალოთ ყველას, რათა თავისი უფლებები და დემოკრატიული პროცესი დაიცვან. სასამართლო პროცესი არის დემოკრატიის ერთ-ერთი გამოხატულება, რაც კაცობრიობას მოუფიქრებია. აქედან გამომდინარე, ვცეთ დემოკრატიას პატივი!..ზაქარია ქუცნაშვილი
„ჩვენ მოვუწოდებთ ”რუსთავი 2”-ის მაყურებელს, ყველა ჩვენს მხარდამჭერს, მაგრამ არამხოლოდ მათ, ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარი თავის, შვილების და საკუთარი ქვეყნის მომავლის მიმართ, დაიცავით ”რუსთავი 2”. თქვენ გარეშე ეს ამბავი ძალიან გართულდება. დაიცავით ყველა მეთოდით, ყველა შესაძლებლობით, რომელიც ნებადართულია კანონით, რომელიც ნებადართულია თავისუფალი ადამიანისთვის. თავისუფლების დაცვა და ქვეყნის მომავლის დაცვა დღეს ისეა თქვენს ხელში, როგორც არასდროს“.
ნიკა გვარამია და ”რუსთავი 2”-ის ადვოკატები პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში გამართულ პროცესებზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ ტელეკომპანიის მფლობელის შეცვლით დაინტერესებულია ხელისუფლება და რომ დავა მიმდინარეობს არა ქიბარ ხალვაშსა და ”რუსთავი 2”-ის დღევანდელ მფლობელებს შორის, არამედ ხელისუფლებასა და ტელეკომპანიას შორის. „რუსთავის ორის“ ადვოკატის, თამთა მურადაშვილის, განმარტება:
„თუ სუფთა სამართლებრივი კუთხით შევხედავთ და დავუშვებთ, რომ სასამართლო იხელმძღვანელებს მხოლოდ კანონით, მაშინ წარმოუდგენელია დადგეს სხვა შედეგი გარდა იმისა, რომ დაკმაყოფილდეს ჩვენი საკასაციო საჩივარი, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა გაუქმდეს წინა ინსტანციის გადაწყვეტილება და დაუბრუნდეს საქმე ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოს, თუმცა ვიცით, რომ ეს არ არის სამართლებრივი დავა. ეს რომ ყოფილიყო სამართლებრივი დავა, მაშინ სხვა შედეგი გვექნებოდა დღეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ მოსამართლეების იმედად - კერძოდ, მათი დამოუკიდებლობის, პროფესიონალიზმისა და პიროვნული სიძლიერის იმედად“.
ტელეკომპანიაში დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლება ”რუსთავი 2”-ს კრიტიკული პოზიციისა და თავისუფალი პლატფორმის გამო ებრძვის. ასე ფიქრობს ცხრასაათიანი "კურიერის" წამყვანი და ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი:
”რუსთავი 2” დღეს ხელისუფლების მთავარი სამიზნეა და ეს იმის გამო, რომ ხელისუფლებას, უბრალოდ, არ უნდა მოისმინოს კრიტიკული აზრი ამ ტელევიზიიდან. „რუსთავი ორი“ ამ ქვეყანაში დიდ ტელევიზიებს შორის ერთადერთია, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი ხელისუფლების მიმართ, ხელისუფლების მიზანი კი სწორედ ის არის, რომ ჩაახშოს თავისუფალი აზრი და თავისუფალი სიტყვა“.
ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქციაზე მივიდნენ ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ”რუსთავი 2”-ისა და თავისუფალი მედიის დაცვას ართულებს ის გარემოება, რომ ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს როგორც უზენაეს, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს.
„ამიტომ ჩვენი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების გამოყენება და პროტესტის ფორმები არის დარჩენილი ერთადერთი გზა საიმისოდ, რომ ”რუსთავი 2” დავიცვათ. ”რუსთავი 2”-ის წაქცევა იქნება კიდევ ერთი დემოკრატიული ბასტიონის დაცემა იმ ბრძოლაში, რასაც ჰქვია ივანიშვილის მავნებლური პოლიტიკის შეკავება, მათ შორის მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკა, არასწორი საგარეო პოლიტიკა და საგარეო ორიენტირები. და, საერთოდ, ძალიან ბევრი მიმართულებით ხდება მორღვევა იმ ფუნდამენტისა, რაზედაც ჩვენი სახელმწიფო დგას“, უთხრა ზურაბ ჭიაბერაშვილმა რადიო თავისუფლებას.
თუმცა კრიტიკის პასუხად ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არც ბიძინა ივანიშვილს და არც ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს არანაირი კავშირი არ აქვს ”რუსთავი 2”-ის ყოფილი და მოქმედი მფლობელების დავასთან, გადაწყვეტილებას კი მიიღებს უზენაესი სასამართლო, რომელმაც დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი გამოავლინა ჯერ კიდევ მაშინ, როცა, ტელეკომპანიის წარმომადგენლების მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ”რუსთავი 2”-ის ადვოკატების სარჩელი დასაშვებად ცნო. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ზაქარია ქუცნაშვილის, თქმით, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიიღებს მხოლოდ კანონზე დაფუძნებულ და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალ გადაწყვეტილებას:
„ვაცალოთ ყველას, რათა თავისი უფლებები და დემოკრატიული პროცესი დაიცვან. სასამართლო პროცესი არის დემოკრატიის ერთ-ერთი გამოხატულება, რაც კაცობრიობას მოუფიქრებია. აქედან გამომდინარე, ვცეთ დემოკრატიას პატივი!“
ზაქარია ქუცნაშვილი მოუწოდებს პროცესში მონაწილე მხარეებს დაელოდონ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდება. ამასთან, ეს გადაწყვეტილება იქნება საბოლოო და გასაჩივრებას არ დაექვემდებარება.