საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო გენერალურ დირექტორს ირჩევს. 3 იანვარს საბჭოს წევრებმა ფარული კენჭისყრით გამოავლინეს პირველ ტურში გამარჯვებული ხუთი კანდიდატი, რომლებთანაც გასაუბრება ოთხ და ხუთ იანვარს შედგება საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის პირდაპირ ეთერში. საბოლოოდ სამეურვეო საბჭოს წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის კონკურსში გამარჯვებულს გამოავლენენ ექვს იანვარს. ვინ გადავიდა მეორე ტურში და როგორ წარიმართა არჩევნების პირველი ტური?
Your browser doesn’t support HTML5
საზოგადოებრივი მაუწყებლის რვა წევრისაგან შემდგარმა სამეურვეო საბჭომ, ფარული კენჭისყრით, გენერალური დირექტორობის თოთხმეტი კანდიდატიდან გასაუბრების ეტაპისთვის შეარჩია შემდეგი ხუთი კანდიდატი: ნინო ზაუტაშვილი, ვასილ მაღლაფერიძე, ზაალ ანჯაფარიძე, თინათინ ბერძენიშვილი, ნათია კუპრაშვილი. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, გრიგოლ გოგელიას, თქმით, მეორე ტურში გადასასვლელად საჭირო იყო სამეურვეო საბოჭოს, სულ ცოტა, ხუთი წევრის მხარდაჭერა:
„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, რომ ჩამოვყალიბდეთ და მივიღოთ საფუძვლიანი გადაწყვეტილება. ამისთვის არის გასაუბრება, ინტერვიუ, რომელშიც სხვადასხვა კითხვას დავუსვამთ, იქნება ეს ხედვასთან თუ მართვასთან დაკავშირებული და ა. შ.“
პირველ ეტაპზე გენერალური დირექტორობის კანდიდატებს ევალებოდათ აუცილებელი დოკუმენტაციისა და მოკლე, რამდენიმეაბზაციანი, სამოტივაციო წერილის წარდგენა. ნიკო მჭედლიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის ყოფილი კანდიდატი, ამბობს, რომ არ მიეცა საშუალება თავისი პროგრამა და ხედვა გაეცნო სამეურვეო წევრებისა და საზოგადოებისათვის.
ეს ხუთი ადამიანი, რომელიც მეორე ტურში გადავიდა, გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ საბოლოოდ იქნება ღირსეული კანდიდატი შერჩეული, იმიტომ რომ მათ შორის რამდენიმე არის ისეთი, რომლის დირექტორობა, ვფიქრობ, წაადგება საზოგადოებრივ მაუწყებელს და არ გააჩენს გარკვეულ კითხვის ნიშნებს...ნატა ძველიშვილი
„როგორც ჩანს, დიდი ცვლილებები და რეფორმები არ უნდა სამეურვეო საბჭოს და იქცევიან პოლიტბიუროსავით. ერთ დირექტორს ჩაანაცვლებენ მეორე შიდა დირექტორით, როგორც ადრე ხდებოდა... პოლიტბიუროა ჩვეულებრივი“, უთხრა რადიო თავისუფლებას ნიკო მჭედლიშვილმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს არჩევანს ნაწილობრივ თავად საბჭოს წევრებიც იწუნებენ. ქეთევან მსხილაძის თქმით, მეორე ტურში გადასული ყველა კანდიდატი არ არის პოლიტიკურად ნეიტრალური:
„დიდი ნდობა არ მაქვს იმ ჟურნალისტების, რომლებიც პოლიტიკაში მიდიან და მერე უკან ბრუნდებიან“.
თუმცა ჟურნალისტებისა და მედიის მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ სამეურვეო საბჭომ პირველ ტურს წარმატებით გაართვა თავი, რადგან მეორე ტურში გადასული კანდიდატებიდან შეიძლება შესაფერისი გენერალური დირექტორის შერჩევა. ასე ფიქრობს ნატა ძველიშვილი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი.
„ეს ხუთი ადამიანი, რომელიც მეორე ტურში გადავიდა, გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ საბოლოოდ იქნება ღირსეული კანდიდატი შერჩეული, იმიტომ რომ მათ შორის რამდენიმე არის ისეთი, რომლის დირექტორობა, ვფიქრობ, წაადგება საზოგადოებრივ მაუწყებელს და არ გააჩენს გარკვეულ კითხვის ნიშნებს მის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით და ა. შ.“ - უთხრა ნატა ძველიშვილმა რადიო თავისუფლებას.
ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც მიიჩნევს, რომ სამეურვეო საბჭოს შეუძლია შეარჩიოს ისეთი კანდიდატი, რომელსაც ექნება საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების სწორი ხედვა და რომლის მმართველობის პირობებში მაუწყებელი გახდება უფრო თანამედროვე და სანდო.
„ყოველ შემთხვევაში, ამ სიაში შეიძლება ისეთი კანდიდატის მოძიება, რომელიც არის პოლიტიკური ჯგუფების გავლენისაგან თავისუფალი, რომელიც არის სხვადასხვა ფინანსური ჯგუფებისგან და სხვადასხვა გავლენებისგან თავისუფალი. არ მინდა რებუსების ენით ვილაპარაკო, მაგრამ ამ ხუთეულში ნამდვილად არის ისეთი ადამიანი, რომლის ყოფნა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად პირადად ჩემთვის კი არ იქნება კარგი და სასარგებლო, არამედ თავად საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის და ჩვენი საზოგადოების ინტერესების დაცვისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, უთხრა რადიო თავისუფლებას ზვიად ქორიძემ, რომლის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გააკეთოს დამოუკიდებელი, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი არჩევანი:
„რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული პერსონა არ გახდეს გენერალური დირექტორი, არ გახდეს ის ადამიანი, რომელიც რომელიმე ცალკეული გუნდის ან მმართველი გუნდის მიმართ გამოირჩევა განსაკუთრებული სიმპათიებითა და მისი მხარდაჭერით სარგებლობს. სწორედ ამისგან უნდა დააზღვიოს საზოგადოება სამეურვეო საბჭომ. ეს არის დღეს მისი პასუხისმგებლობა და თუ თვითონ აღმოჩნდა გავლენის ქვეშ და აირჩია ისეთი დირექტორი, რომელიც პოლიტიკურ დაკვეთას შეასრულებს, ეს თვითონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გახდება საჯარო და ეს პირდაპირ აისახება ნდობის ინდექსზე, რომელიც საზოგადოებას უნდა გააჩნდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ“.
არჩევანის გასაკეთებლად სამეურვეო საბჭოს წევრები ოთხ და ხუთ იანვარს ღია ეთერში გაესაუბრებიან კანდიდატებს, 6 იანვარს კი გაიმართება ფარული კენჭისყრა. სამეურვეო საბჭოს წევრ სულხან სალაძის თქმით, გაიმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც ხუთ ან მეტ ხმას მიიღებს, თუმცა თუ ხმები გაიყო, შესაძლებელია კენჭისყრის მეორე და მესამე ტურის დანიშვნაც:
„თუ ისე მოხდება, რომ მეორე ეტაპის პირველ ტურში ვერ აირჩევა გენერალური დირექტორი, ანუ ვერავინ დააგროვებს 5 ხმას, მაშინ გაიმართება მეორე ეტაპის მეორე ტური, რომელშიც ორი საუკეთესო შედეგის მქონე მიიღებს მონაწილეობას. თუ აქაც გაიყო ხმები, ანუ ოთხ-ოთხი ხმა მიიღეს, მაშინ გაიმართება კიდევ ერთი, ოღონდ ღია, კენჭისყრა, რადგანაც როცა ხმები იყოფა, გადამწყვეტია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა“.
ამასთან, როგორც სულხან სალაძე ამბობს, 6 იანვარს უნდა დასრულდეს ყველანაირი კენჭისყრა, რაც იმას ნიშნავს, რომ 6 იანვარს საზოგადოება შეიტყობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორის ვინაობას.