ორი წლის წინ, 2020 წლის აგვისტოში, ბელარუსი საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა. საწარმოებში მუშები გაიფიცნენ, სტუდენტები არ ემორჩილებოდნენ ლექტორებს, მედიკოსები ქუჩებში გავიდნენ, ქალები სოლიდარობის ჯაჭვებს ქმნიდნენ და ითხოვდნენ კაცების გათავისუფლებას და მათზე ძალადობის შეწყვეტას. ხალხი აპროტესტებდა გაყალბებულ არჩევნებს: დამოუკიდებელი მეთვალყურეების თანახმად, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა სვიატლანა ციხანოუსკაიამ, ალიაქსანდრ ლუკაშენკა კი, რომელიც იმ მომენტისთვის 26 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას, აცხადებდა, რომ არჩევნებში კვლავ მან გაიმარჯვა, რიგით მეექვსედ.
ციხანოუკსაიამ პრეზიდენტობის კანდიდატურა წარადგინა მას შემდეგ, რაც დააკავეს მისი ქმარი, სიარჰეი ციხანოუსკი, რომელსაც არ მისცეს ხელმოწერების შეგროვების საშუალება. სიარჰეი ციხანოუსკი უკვე ორი წლის განმავლობაში ზის წინასწარი პატიმრობის საკანში. ახლა ციხეში მისი გადაყვანა იგეგმება.
კიდევ ერთი პრეტენდენტი, რომელმაც ვერ მოასწრო პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრირება, არის ბანკირი და მეცენატი ვიქტარ ბაბარიკა. ის მაშინ დააკავეს, როცა თავის ვაჟთან, ედუარდთან, და სხვა მომხრეებთან ერთად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიდიოდა კანდიდატად რეგისტრირებისთვის. მას შემდეგ ვიქტარ ბაბარიკა კოლონიაში იხდის საჯელს - მას 14 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. მისი ვაჟი, ედუარდ ბაბარიკა, რომელიც მამის საინიციატივო ჯგუფს ხელმძღვანელობდა, ორი წელია იმყოფება წინასწარ პატიმრობაში. მისი სასამართლო ჯერაც არ დაწყებულა.
მენეჯერი და მეცენატი, რომლისაც ირწმუნეს
ვიქტარ ბაბარიკამ, ბელარუსში ცნობილმა ბანკირმა და მეცენატმა, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის საკუთარი კანდიდატურის წამოყენების შესახებ 2020 წლის 12 მაისს განაცხადა. მანამდე სამი დღით ადრე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა არჩევნების თარიღი - 2020 წლის 9 აგვისტო.
„ძალიან ვშიშობ, რომ ეს უკანასკნელი შანსია დამოუკიდებელ ბელარუსში რაიმე სახის არჩევნებისთვის,“ დაწერა მან მაშინ ფეისბუკში.
ბაბარიკას კანდიდატურამ ბელარუსის მოსახლეობა აიძულა, მეტი ყურადღებით მოჰკიდებოდა საარჩევნო კამპანიას, რომლისგანაც თავდაპირველად არავითარ სიურპრიზს არ მოელოდნენ. წინა საპრეზიდენტო არჩევნები, 2015 წელს, თითქმის შეუმჩნევლად ჩატარდა და მოულოდნელობების გარეშე დასრულდა - ლუკაშენკა მეხუთედ გახდა პრეზიდენტი.
ასევე ნახეთ საით მიჰყავს ბელარუსი რუსეთთან ინტეგრაციის „საგზაო რუკებს“?ვიქტარ ბაბარიკამ 20 წელზე მეტ ხანს იმუშავა „ბელგაზპრომბანკში“, არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადებამდე ერთი დღით ადრე კი სამსახური დატოვა. მას არა მხოლოდ ბიზნესის წრეებში, არამედ კულტურის სფეროშიც კარგად იცნობდნენ. როგორც მეცენატმა, დიდი როლი ითამაშა ბელარუსული კულტურული ფასეულობების დაცვაში.
საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას აღმოჩნდა, რომ ბაბარიკა ძლიერი კანდიდატი იყო კარგი რეპუტაციით. მან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა ამომრჩეველთა შორის. მის საარჩევნო შტაბში ათასობით ადამიანი ეწერებოდა, ის და მისი გუნდი ყოველდღიურად ატარებდნენ პრესკონფერენციებს და ურთიერთობდნენ ამომრჩეველთან, მზადება მაქსიმალურად ღია იყო.
ბაბარიკას თითქმის თავიდანვე ამოუდგნენ მხარში ცნობილი ბელორუსები: მაგალითად, ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატი სვიატლანა ალექსიევიჩი, ფილოსოფოსი ულაძიმირ მაცკევიჩი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატები ულაძიმირ ნეკლიაეუ და ანდრეი სანიკოუ.
ვიქტარ ბაბარიკას საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთო მისი ვაჟი, ბიზნესმენი ედუარდ ბაბარიკა, რომელიც 2020 წლის ზაფხულამდე კრაუდფანდინგის პლატფორმების, Ulej-სა და MolaMola-ს, განვითარებაზე მუშაობდა.
ედუარდი მამის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი გახდა. „ის ძალიან კარგად ჩაეწერა, ეს იყო საუკეთესო დუეტი,“ იხსენებს „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ საუბარში ვიქტარ ბაბარიკას ბავშვობის მეგობარი ძმიტრი ჟერდეცკი. (ძმიტრი მამა-შვილ ბაბარიკებთან ერთად დააკავეს. მან 10 თვე დაყო წინასწარი დაკავების საკანში და ხელწერილით იქნა გათავისუფლებული.)
როგორც ბაბარიკას საარჩევნო შტაბის პრესმდივანი გლებ გერმანი ჰყვება, ის შტაბში იმიტომ მივიდა, რომ ვიქტარ ბაბარიკას ყველა იცნობდა როგორც ადამიანს, რომელსაც ესმის, რომელიც საქმეს ახლებურად ეკიდება, ხალხისა სწამს. საინიციატივო ჯგუფში თითქმის 10 ათასმა ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია და ის სიდიდით მეორე იყო ალიაქსანდრ ლუკაშენკას ჯგუფის შემდეგ.
2020 წლის 18 ივნისი: დაკავება ცესკოს გზაზე
11 ივნისს „ბელგაზპრომბანკში“ სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის საფინანსო გამოძიების დეპარტამენტის თანამშრომლები მივიდნენ. ძალოვნებმა დააკავეს ბაბარიკას საინიციატივო ჯგუფის სამი წევრი და „ბელგაზპრომბანკის“ 15 ყოფილი თანამშრომელი. კომიტეტმა ორი სისხლის სამართლის საქმე აღძრა - ფულის გათეთრებისა და გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით.
ბანკში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ ვიქტარ ბაბარიკამ ვიდეოსტრიმი მოაწყო. მან თქვა, რომ ხელისუფლებას არავითარი საბუთი არ მოეპოვება მისი ბრალეულობის დასამტკიცებლად.
„ხელისუფლების ამ მოქმედებებში მთავარი შეცდომა ისაა, რომ მათ არ ესმით: ის ბელარუსი, რომელიც ადრე იყო და რომელსაც ისინი საკუთარ ნახირსავით ეპყრობოდნენ, აღარ არსებობს. ბელარუსმა გამოიღვიძა. და მინდა გითხრათ, რომ ახალი ბელარუსი ყველა შემთხვევაში გახვეტავს აი ამ რეჟიმის ნარჩენებს. ჩვენ ძლიერი და თავისუფალი ქვეყანა ვართ, ჩვენ გამარჯვებული ხალხი ვართ,“ თქვა ბაბარიკამ.
ერთი კვირის შემდეგ ვიქტარ ბაბარიკა და მისი ვაჟი ედუარდი ცენტრალური საარჩევნო კომისიის გზაზე დააკავეს. ამის შემდეგ მინსკში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში და სოლიდარობის ცოცხალი ჯაჭვი შექმნა ბაბარიკების დაკავების გასაპროტესტებლად.
როგორც ზოგიერთი მათი მომხრე ფიქრობს, ისინი „ბელგაზპრომბანკში“ ჩხრეკიდან ერთი კვირის შემდეგ იმიტომ დააკავეს, რომ სურდათ, მამა-შვილს ქვეყანა დაეტოვებინათ და საამისოდ მათ დრო მისცეს.
მაგრამ ვიქტარ ბაბარიკამ არ ისურვა ქვეყნიდან წასვლა და ბრძოლის გაგრძელება არჩია. იმავე დღეს, 18 ივნისს, მინსკში იმდენი ადამიანი შეიკრიბა ბაბარიკას მხარდასაჭერად, რომ, როგორც გლებ გერმანი ამბობს, ხალხმა თავად გამოხატა სურვილი, რომ ვიქტარ ბაბარიკა კანდიდატი ყოფილიყო და მისმა გუნდა კამპანიის გაგრძელება გადაწყვიტა.
დაკავების შემთხვევისთვის გუნდს ორი გეგმა ჰქონდა შემუშავებული. გეგმა „ა“: თუკი აკავებენ ვიქტარ ბაბარიკას, კამპანიას მისი სახელით აგრძელებს შტაბის უფროსი ედუარდ ბაბარიკა. გეგმა „ბ“: თუკი ორივეს აკავებენ, საჭიროა მინდობილობების დაწერა, რათა გუნდმა შეძლოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხელმოწერების ჩაბარება და ამის შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის განაცხადის შეტანა.
18 ივნისს ცხადი შეიქნა, რომ აქტუალურია გეგმა „ბ“. გადაწყდა, რომ ლიდერი გახდება მაშა კალესნიკავა. 21 ივნისს ილია სალეიმ, მაქსიმ ზნაკმა და მაშა კალესნიკავამ ვიქტარ ბაბარიკას სახელით განაცხადი შეიტანეს ცენატრალურ საარჩევნო კომისიაში.
ბაბარიკას შტაბის მოხალისეებმა 434 985 ხელმოწერა მოაგროვეს, რაც ალტერნატიული კანდიდატისთვის აბსოლუტური რეკორდია დამოუკიდებელი ბელარუსის მთელი ისტორიის განმავლობაში. ცესკოში 365 ათასი ხელმოწერა შეიტანეს. მაგრამ ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვიქტარ ბაბარიკა კანდიდატად არ გაატარა რეგისტრაციაში. ამის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იყო სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ვიქტარ ბაბარიკა ხელმძღვანელობდა დანაშაულებრივ ჯგუფს, რომელიც „ფულის გათეთრებას“ ეწეოდა. მიუხედავად იმისა, რომ „ბელგაზპრომბანკის“ ყოფილი თავმჯდომარის ბრალეულობა დამტკიცებული არ არის და სასამართლო პროცესიც კი არ დაწყებულა, ცესკომ გადაწყვიტა, რომ ეს საკმარისია უარის სათქმელად.
მაგრამ ბაბარიკას გუნდს ასეთი შემთხვევისთვისაც ჰქონდა მომზადებული გეგმა. „გვესმოდა, რომ აქტიურობა უნდა შეგვენარჩუნებინა და თუ არ დაგვარეგისტრირებდნენ, გადავინაცვლებდით სხვა პროექტებში, რომლებიც, ჩვენი რწმენით, ცვლილებებს გამოიწვევდა,“ ამბობს გლებ გერმანი. ასე რომ, გამოცხადდა 1994 წლის კონსტიტუციის დაბრუნების შესახებ რეფერენდუმის თაობაზე და პარტია „ვმესტეს“ („ერთად“) შექმნაზე.
ბაბარიკას გუნდის ნაწილი შევიდა საკოორდინაციო საბჭოში, რომელიც დემოკრატიულმა ოპოზიციამ შექმნა ბელარუსში პოლიტიკური კრიზისის გადასალახად. მარია კალესნიკავა კი ოპოზიციის კანდიდატის, სვიატლანა ციხანოუსკაიას, საარჩევნო კამპანიის აქტიური მონაწილე გახდა.
ასევე ნახეთ ლუკაშენკამ მთავარი კონკურენტი 14 წლით დააპატიმრებინა2021 წლის 6 ივლისს, დაკავებიდან ერთი წლის შემდეგ, ვიქტარ ბაბარიკას 14 წლით პატიმრობა და ჯარიმა (დაახლოებით 53 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი) მიუსაჯეს, ხუთი წლის ვადით აუკრძალეს ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავება, ასევე აუკრძალეს განაჩენის გასაჩივრება. ვიქტარ ბაბარიკას დანაშაული არ უღიარებია.
2022 წლის მაისში გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტმა რეგისტრაციაში გაატარა საჩივარი ვიქტარ ბაბარიკას სახელით. მიმართვაში იურისტები ითხოვენ, აღიარებულ იქნეს ბაბარიკას მიმართ კანონდარღვევები (მინიმუმ 11), ასევე გაათავისუფლონ ის და გააუქმონ უკანონოდ გასამართლების შედეგები. ადამიანის უფლებების კომიტეტმა უკვე აღძრა საქმე და ამ საკითხში ბელარუსის ხელისუფლებისგან პასუხს ელოდება.
მარია კალესნიკავა და მაქსიმ ზნაკი 2020 წლის სექტემბერში დააკავეს და მათ შესაბამისად 11 და 10 წლით პატიმრობა მიესაჯათ. ილია სალეი შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, მაგრამ შეძლო ბელარუსის დატოვება.
ედუარდ ბაბარიკა 2020 წლის 18 ივნისიდან არის წინასწარ დაკავებაში. მის თავდაპირველ ბრალდებას (გადასახადებისთვის თავის არიდება) დაემატა კიდევ ორი მუხლი: „მასობრივი არეულობების ორგანიზება“ და „შუღლის გაღვივება“. მაგრამ მისი სასამართლოს თარიღიც კი არ არის დანიშნული.
მამა კოლონიაში, ვაჟი - წინასწარი დაკავების იზოლატორში
სასამართლოს განაჩენით, ვიქტარ ბაბარიკამ 2033 წლის 13 მაისამდე უნდა დაყოს პატიმრობაში.
მისი მეგობრების თქმით, უკანასკნელ რამდენიმე თვეში შეწყდა მასთან მიმოწერა. მაგრამ როცა წერილები მეტნაკლებად რეგულარულად მოდიოდა, არ ყოფილა არცერთი, რომელიც შეიცავდა პესიმიზმს ან სინანულსო. „ედუარდიც ყოველთვის ოპტიმისტურად წერს და გამხნევებასაც კი ცდილობს. მას მამის მსგავსი ხასიათი აქვს: ყოველთვის ყველაფერი კარგად იქნება. სწამთ, რომ სიკეთე ყოველთვის გაიმარჯვებს ბოროტებაზე,“ ამბობს ვიქტარ ბაბარიკას მეგობარი ძმიტრი ჟერდეცკი.
ის იხსენებს, რომ როცა საარჩევნო კამპანია იწყებოდა, არავითარი „უკანდასახევი“ ვარიანტები კანდიდატს და მის გარემოცვას არ ჰქონიათ:
„შესაძლოა, არ მოელოდნენ ასეთ შედეგებს, მაგრამ ის, რომ ის ციხეში შეიძლება ჩაესვათ, ვიქტარს არ გამოურიცხავს. წინათ როგორი არჩევნები გვქონდა: ყველა [კანდიდატს] აპატიმრებდნენ, მაგრამ არჩევნების შემდეგ. ამჯერად კი ხელისუფლება ძალზე დაფრთხა, რადგან იმაზე წავიდა, რომ ჯერ კიდევ კანდიდატად რეგისტრაციამდე დააკავეს.“
„ასეთი შიშები არ გვქონდა. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან გულუბრყვილოები ვიყავით ამ სფეროში და ვფიქრობდით, რომ თუკი არაფერს ვაშავებთ, მაშ რაღატომ უნდა დავეპატიმრებინეთ?“ - ჰყვება ბაბარიკას თანაშემწე ელენა კარაგაჩევა. ის იხსენებს, რომ სასამართლოში დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას ბაბარიკამ თქვა, რომ მას არ რცხვენია. ბაბარიკა მაშინაც და ახლაც გრძნობს თავს ადამიანად, რომელსაც კანონი არ დაურღვევია, დარწმუნებულია კარაგაჩევა. მას არ რცხვენია იმის გამო, რაც არ გაუკეთებია და არ ნანობს, რომ არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა.