ვიქტორ ბეილი

დევიდ ბოუი, ლემი კილმისტერი, პოლ ბლეი, გლენ ფრეი, ჯორჯ მარტინი, პიერ ბულეზი, პრინსი, ლეონარდ კოენი, ლეონ რასელი... ეს იმ ადამიანების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც წელს აღესრულნენ.

Your browser doesn’t support HTML5

ვიქტორ ბეილი

დიახ, 2016 მეტად უცნაური პერიოდი გამოდგა მუსიკის ისტორიაში და, ალბათ, ყველაზე ტრაგიკული წლის სტატუსსაც დაიმკვიდრებს. 11 ნოემბერს კი კიდევ ერთი არტისტი დაკარგა ამჯერად ჯაზურმა სცენამ. 56 წლის ასაკში აღესრულა ამერიკელი ბასგიტარისტი ვიქტორ ბეილი.

ვიქტორ ბეილიმ მუსიკალური განათლება ბოსტონში, ბერკლის კოლეჯში, მიიღო. შემდეგ ნიუ-იორკში გადაბარგდა, სადაც დრამერ ომარ ჰაკიმს შეეკრა. ტანდემი მეტწილად სოლო პროექტებზე იყო ორიენტირებული, თუმცა სხვა არტისტებთანაც თანამშრომლობდა. ბეილი და ჰაკიმი რაღაც ხანს სამხრეთ აფრიკელ მომღერალს მირიამ მაკებას დაჰყვებოდნენ საკონცერტო ტურნეებში და მონაწილეობას იღებდნენ ისეთი ალბომების ჩაწერაში, როგორებიცაა: "Country Girl", "Sangoma" და "Welela". მოგვიანებით კი, 70-80-იანი წლების მთავარ ფიუჟენ ბენდში, სახელოვან Weather Report-ში აღმოჩნდნენ. ახალგაზრდა ვიქტორ ბეილიმ ლეგენდარული ბასგიტარისტი ჯაკო პასტორიუსი ჩაანაცვლა.

კარიერის დასაწყისშივე ვიქტორ ბეილიმ სახელი გაითქვა, როგორც ჩინებულმა სასესიო მუსიკოსმა. სხვადასხვა დროს ისეთ არტისტებს უწევდა აკომპანირებას, როგორებიც იყვნენ: სონი როლინზი, ლარი კორიელი, მაიკ სტერნი, მაიკლ ბრეკერი, კენი გარეტი, სტინგი, როი ჰეინსი, სანტანა, ბილი კობემი, ბილ ევანსი და მრავალი სხვა. მისი იმპროვიზაციები, დახვეწილი, არტიკულირებული ე.წ. ტეპინგი, აღმგზნები, შესასრულებლად ურთულესი მძლავრი ბასური გრუვი 50-მდე სტუდიურ თუ საკონცერტო ალბომში ისმის, მათ შორის, სოლო ნამუშევრებშიც.

ვიქტობ ბეილიმ სოლო კარიერა საკმაოდ გვიან დაიწყო. 1989 წელს გამოსცა პირველი დისკი, რომელსაც "Bottom's Up" ერქვა. დებიუტს 10-წლიანი პაუზა მოჰყვა, რადგან "დონ პეპემ", იმავე ჯო ზავინულმა, მიიწვია თავის "სინდიკატში". 2001 წელს ამ შემადგენლობით ბასისტი თბილისსაც ეწვია. გემახსოვრებათ, ფეხმოტეხილი ბეილი ფილარმონიის სცენაზე. როგორც ამბობენ, კონცერტის შემდეგ ქართულ სუფრაზეც მიუწვევიათ და შეზარხოშებული მასპინძლები პატივისცემის ნიშნად პროფესორ ბიჭიკო ასკურავასთან მიათრევდნენ სამკურნალოდ. სხვათა შორის, ვიქტორ ბეილი ერთადერთი მუსიკოსი გამოდგა, რომელიც ჯო ზავინულის ოთხივე პროექტის წევრი გახლდათ: უკრავდა Weather Report-ის თავდაპირველ და განახლებულ ფორმატში, სინდიკატში და, ბოლოს, კელნის ტელერადიო კომპანიის ბიგბენდთან ერთად განხორციელებულ პროექტში.

1999 წელს ვიქტორ ბეილიმ მეორე სოლო ალბომი, "Low Blow", გამოსცა, რის შემდეგაც ახალგაზრდა მუსიკოსებისგან საკუთარი ბენდი ჩამოაყალიბა და ბევრს გასტროლირებდა. 2001 წლის დისკი "That’s Right!" კრიტიკოსებმა ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს თანამედროვე ფანკ-ფიუჟენ ჟანრში და, საშემსრულებლო ოსტატობის გარდა, მუსიკოსის საკომპოზიტორო ნიჭსა და ინტელექტს გაუსვეს ხაზი. წლის ბოლოს ბეილი ახალი დისკის გამოცემას გეგმავდა, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ მოასწრო.