გახდება თუ არა საქართველო „უსაფრთხოების ექსპორტიორი ქვეყანა“

თბილისში შეხვედრებს მართავს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ. ის საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია, შეხვედრების მთავარი საკითხები კი არის: ნატო-საქართველოს შორის არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი, 2015 წლის ბოლოსთვის საქართველოში დაგეგმილი ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნა, ნატოში გასაწევრიანებლად საქართველოს მომზადებისათვის საჭირო სხვა საკითხები. 29 იანვარს ალექსანდრ ვერშბოუ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში ვერშბოუ იმ ადგილსაც მოინახულებს, სადაც წლის ბოლომდე ნატოს საწვრთნელი ცენტრი უნდა გაიხსნას.

„ნატოში ინტეგრაცია ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანია და ამ მიზნის მისაღწევად ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 29 იანვარს, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუსთან შეხვედრის შემდგომ. ალექსანდრ ვერშბოუ საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება და ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. პრემიერმა ღარიბაშვილმა მასთან შეხვედრის შემდგომ აღნიშნა, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის დელეგაციის ეს ვიზიტი კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა საქართველოს მიმართ ნატოსა და მისი წევრი ქვეყნების მხარდაჭერისა.

„საქართველო შესაძლოა გახდეს უსაფრთხოების ექსპორტიორი ქვეყანა, ამის დასტურია ქვეყნის გამოხატული მისწრაფება ევროატლანტიკური ალიანსისაკენ და საქართველოს სამხედრო კონტინგენტის ჩართულობა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში“ - ეს განცხადება კი ალექსანდრ ვერშბოუს ეკუთვნის, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს 29 იანვარს დილიდან ხვდებოდა:

„ჩვენ დავინახეთ როგორ ვითარდება ქვეყანაში დემოკრატია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და მინდა კვლავაც მოვუწოდო თქვენი ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს გააგრძელონ ეს კურსი. ვაფასებთ იმ რეფორმებს, რომელთაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს როგორც თავდაცვის სფეროში, ისე კანონის უზენაესობისა და მმართველობის გაუმჯობესების კუთხით. გასული წლის ნატოს სამიტის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ ნატო-საქართველოს პაკეტის გაძლიერება, რაც ამყარებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, ხელს უწყობს მის თავსებადობას ნატოს ქვეყნებთან და, ვფიქრობთ, ეს პაკეტი მოამზადებს საქართველოს ალიანსის წევრობისათვის“.

ალექსანდრ ვერშბოუმ ასევე თქვა, რომ ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის“ ფარგლებში საქართველოში იგეგმება ტრენინგისა და შეფასების ცენტრის შექმნა. ცენტრი წლის ბოლოსთვის უნდა ამოქმედდეს და ის არა მხოლოდ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს გააძლიერებს, არამედ ნატოს სხვა მოკავშირეებისათვისაც იქნება ღია.

დღის განმავლობაში ალექსანდრ ვერშბოუ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილსაც შეხვდა. „საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობა უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ უფრო ინტენსიურია“, - განაცხადა ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა:

„ჩვენ საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს არსებითი პაკეტის ფარგლებში და სასიამოვნოა, რომ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილისგან დღეს მოვისმინეთ სრული მზადყოფნის შესახებ ნატოს წევრი ქვეყნების, რომ შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები. ჩვენ ასევე მოვისმინეთ მათი შეფასება უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, ჩვენ კი კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ, რომ საქართველო იყო და არის თავისუფალი უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით“.

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის, ვიქტორ დოლიძის შეფასებით კი, საყურადღებოა ვერშბოუს ის რეკომენდაცია, რომელიც ძალოვანი სტრუქტურების რეფორმირებას უკავშირდება:

„იყო საუბარი იმაზე, რომ შსს-ს და პროკურატურის რეფორმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა განხორციელდეს, რადგან სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი რეკვიზიტი საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გატარებისა“.

ის, რომ ნატო-საქართველოს შორის არსებით ღონისძიებათა პაკეტის შესრულების პროცესი დადებითად მიმდინარეობს, ალექსანდრ ვერშბოუმ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგაც აღნიშნა. მათი საუბარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასაც შეეხო. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თქმით, ნატო არ ცნობს ე.წ. შეთანხმებას რუსეთსა და აფხაზეთს შორის და ადასტურებს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ კი განაცხადა, რომ არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციის საკითხს 5 თებერვალს ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე განიხილავენ.

"ჩვენ შევეხეთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ გამოწვევებსაც. ჩვენ გვაქვს ნატოსა და მისი წევრი ქვეყნების სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და შეთანხმებული პოზიცია იმ პოლიტიკისადმი, რომელიც ამ გამოწვევებთან დაკავშირებით უნდა გავატაროთ. ვისაუბრეთ 2014 წლის წლიური ეროვნული პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების წარმატებაზე, გავაცანით ის რეფორმებიც, რომელთა გატარებასაც საქართველო 2015 წელს გეგმავს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ალექსანდრ ვერშბოუს ვიზიტი საქართველოში გრძელდება. ხელისუფლების პირველი პირების გარდა, დაგეგმილია შეხვედრები ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც. 30 იანვარს კი ალექსანდრ ვერშბოუ იმ ადგილსაც მოინახულებს, სადაც, სავარაუდოდ, ნატოს საწვრთნელი ცენტრი ამოქმედდება.