ვენეციის კომისიამ 111-ე პლენარულ სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები მიიღო. ვენეციაში გამართულ სხდომაზე, საქართველოდან მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.
საარჩევნო სისტემაში საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე სახელმწიფო კომისიის მიერ დაწერილი ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და საკამათო ცვლილება, რომელიც ე.წ. გადაუნაწილებელ მანდატებად, ანუ ბონუს სისტემადაც, მოიხსენიება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით იქნება გადაწერილი. ეს ცნობილი გახდა 16 ივნისს, ვენეციაში ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის 111-ე პლენარული სესიაზე, სადაც საქართველოს კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები მიიღეს.
როგორც საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განაცხადა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად შემუშავებული საარჩევნო სისტემის ახალი ცვლილება ქართულმა დელეგაციამ ვენეციის კომისიის თავმჯდომარესა და კომისიის მდივანთან ერთად ზეპირად განიხილა. თამარ ჩუგოშვილის თქმით, ვენეციის კომისიამ პლენარულ სხდომაზე პოზიტიურად შეაფასა საქართველოსთან თანამშრომლობა და ეს ურთიერთობა, მისივე სიტყვებით, მართლაც, უპრეცედენტო იყო:
„უპრეცედენტო იყო ის, რომ პარლამენტმა დადო პირობა, რომ სრულად გაითვალისწინებდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ეს ყველაფერი ძალიან კარგად არის აღქმული და მიღებული“.
საარჩევნო სისტემაში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ცვლილებების მიხედვით, ანუ იმ პროექტის მიხედვით, რომელიც ვენეციის კომისიამ გაზაფხულზე განიხილა და რეკომენდაციები დაწერა, დაგეგმილი იყო, რომ არჩევნებში მონაწილე იმ პარტიების ხმები, რომლებიც 5 %-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, მთლიანად გამარჯვებულ პარტიას აეღო. ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში კი, რომელიც თბილისში პლენარულ სესიამდე რამდენიმე დღით ადრე გახდა ცნობილი, მითითებული იყო, რომ ამგვარი მიდგომა ზღუდავს პროპორციული სისტემის გავლენას უფრო მცირე პარტიებისა და პლურალიზმის საზიანოდ და ცვლილებებზე მომუშავე კომისიას ურჩევდა, რომ განხილული ყოფილიყო გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების ისეთი ვარიანტები, როგორიც არის: პირველი, პროპორციული განაწილება ყველა პოლიტიკურ პარტიაზე, რომელმაც არჩევნებში 5 %-იანი ბარიერი გადალახა; მეორე - არჩევნებში გამარჯვებული პარტიისთვის გაუნაწილებელი ხმების განაწილების ზღვარის დადგენა და მესამე - ბარიერის შემცირება 2-3 %-მდე. თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, სწორედ ეს რეკომენდაციები გაითვალისწინა ქართულმა მხარემ და ვენეციის კომისიას საარჩევნო სისტემაში შესატანი ახალი ცვლილებების დოკუმენტი შესთავაზა:
“ჩვენ მაქსიმალურად შევზღუდეთ ე.წ. ბონუსი და მოვაქციეთ ჩარჩოებში. ძალიან მცირე იქნება რაოდენობა იმ მანდატებისა, რომლებიც შეიძლება გაუნაწილებელი ხმებისა და ბონუსის სახით გადაეცეს პირველ ადგილზე გასულ პარტიას. ჩვენ ეს ზეპირად განვიხილეთ ვენეციის კომისიის პრეზიდენტსა და მდივანთან და მათი მხრიდან ძალიან მკაფიოდ და ნათლად ითქვა, რომ ეს არის სრულ შესაბამისობაში მათ რეკომენდაციასთან და ამ დოკუმენტის მიღების შემდეგ რეკომენდაციების ეს ნაწილი სრულად იქნება გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის მხრიდან“.
ანუ საკონსტიტუციო კომისიამ გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება და ე.წ. ბონუს სისტემისთვის ზედა ზღვარი დააწესა. უფრო ზუსტად კი, გადაუნაწილებელი მანდატების შემთხვევაში, გამარჯვებული პარტია 89 მანდატზე მეტს ვერ მიიღებს. ეს ცვლილებები უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, ჟურნალისტებისათვის პარლამენტში განმარტა:
„ჩვენი შეთავაზებული მოდელით, წესდება ბონუსის ზედა ზღვარი, რაც ნიშნავს, რომ პირველ ადგილზე გასულ პოლიტიკურ პარტიას ბონუსის გამოყენებით 89 მანდატზე ზევით ვერ შეევსება მანდატების რაოდენობა“.
არჩილ თალაკვაძისავე განმარტებით, გარდა ზედა ზღვარისა, წესდება კიდევ ორი ზღვარი. პირველი, ეს არის ფარდობითი ზღვარი - პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსად ვერ აიღებს თავის მიერ მიღებული ძირითადი მანდატების 35 %-ზე მეტს, დანარჩენი გადაუნაწილებელი მანდატები კი პროპორციულად გადანაწილდება. და მეორე, ქვედა ზღვარი: თუკი პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსით ვერ აგროვებს უბრალო უმრავლესობას, ანუ 75 მანდატზე მეტს, ის ბონუსს ვერ მიიღებს და გაუნაწილებელი მანდატები პროპორციულად განაწილდება ყველა იმ პარტიაზე, რომელმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღო.
იმ 23 რეკომენდაციიდან, რომელიც ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე დაწერა, საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებები იქცა განსჯის ერთ-ერთ უმთავრეს საგნად. ამის შესახებ 16 ივნისს ვენეციაში პლენარული სესიის დაწყებამდე განაცხადა ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ ჯანი ბუკიკიომ, რომელიც 15 ივნისს შეხვდა საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს:
„ეს არის ის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც გუშინ ქვეკომიტეტში განვიხილეთ. რადგან ეს იყო საკონსტიტუციო რეფორმის პროექტის, პარლამენტისა და მთავრობის შენიშვნების პირველი განხილვა, მე იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენ ყველასთვის კარგ გამოსავალს ვიპოვით“.
ე.წ. ბონუს სისტემა იმთავითვე მწვავე კრიტიკის საგნად იყო ქცეული ოპოზიციური პარტიების მხრიდან. მათ ეს სისტემა ჯერ კიდევ საერთო სახალხო განხილვებისას შეადარეს ბენიტო მუსოლინის სისტემას. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას საარჩევნო სისტემაში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად შეაქვს ცვლილება, ოპოზიციური პარტიები კვლავაც მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება საზოგადოებას თავს ახვევს კონსტიტუციას, რომელსაც არავინ იზიარებს, და მას ერთი პარტიის კონსტიტუციად მოიაზრებენ. ასე ფიქრობს „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი:
„უმრავლესობა ცდილობს ყველანაირად შეიმსუბუქოს მომავალში მდგომარეობა. მათ იციან, რომ მათი რეიტინგი საგრძნობლად იკლებს და ამ ფონზე სურთ, რომ ისეთი კანონი მიიღონ, რომელიც მათ გამარჯვებას მოუტანს“.
საზოგადოებაში განსჯისა და ვნებათაღელვის კიდევ ერთი საგანი იყო პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებული ცვლილება, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი უქმდება და მას საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომლის შემადგენლობაში შედის 300 ხმოსანი, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლები. როგორც თამარ ჩუგოშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აცხადებს, ვენეციის კომისიას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი და უფლებამოსილებები არის სრულ შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან და ეს არის ნათელი პასუხი იმ ვნებათაღელვის საპირწონედ, რაც პრეზიდენტის არჩევის წესში დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებს უკავშირდებოდა.
თამარ ჩუგოშვილისავე ინფორმაციით, ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით ორ ეტაპად გამოქვეყნდება. პირველი ნაწილი გამოქვეყნდება 19 ივნისს და საჯარო გახდება ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია, მოგვიანებით კი, მას შემდეგ, რაც კომისია შეაფასებს სახეცვლილ კანონპროექტს, გამოქვეყნდება ვენეციის კომისიის საბოლოო განცხადება.