2 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა ე.წ. „კორტების სპეცოპერაციის“ საქმე და, „განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით“, 11 პირი დააკავა. პროკურატურის მასალების თანახმად, 2006 წლის 2 მაისს ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი სამართალდამცველებმა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავას „პირადი დაინტერესების“ კვალდაკვალ დახოცეს. წლების წინ მომხდარი ამბავი, რასაც საზოგადოების მაღალი ინტერესი უკავშირდება, ისევ პოლიტიკურ ჭრილში განიხილება.
თითქმის 9 წლის წინ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მომხდარი სისხლიანი ამბავი მთავარმა პროკურატურამ სამართალდამცველთა მხრიდან განხორციელებულ „შეიარაღებულ თავდასხმად“ გამოაცხადა. იმ მასალების მიხედვით, რომელიც 2 თებერვალს საზოგადოებას პროკურორმა კოკა კაციტაძემ გააცნო, 2006 წლის 2 მაისს სამართალდამცველებმა სროლა დაუწყეს ავტომანქანას, რომელიც შუქნიშნის ამკრძალავ წითელ ფერზე იყო გაჩერებული:
„მანქანასთან მიახლოებისთანავე, მიუხედავად იმისა, რომ იმყოფებოდნენ ხალხმრავალ ადგილას, ამასთან, ავტომანქანაში მყოფი პირებისაგან არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდათ, ირაკლი ფირცხალავას მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ყოველგვარი მოწოდებისა და გამაფრთხილებელი გასროლის გარეშე, ცეცხლი გაუხსნეს ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას და მის მგზავრებს“.
გამოძიების თანახმად, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა: იასონ მილაძემ, გიორგი გულბიანმა, ალექსანდრე ციმაკურიძემ, ზურაბ ჯოხაძემ, დავით ალელიშვილმა, სოსო ჩაკვეტაიამ, ალექსანდრე სანიკიძემ და კახაბერ ნაკანმა სროლა მას შემდეგაც განაგრძეს, რაც ვაზაგაშვილის ავტომობილი გზიდან გადავიდა და ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა. შემდეგ კი, მასალების მიხედვით, საგანგებო როლი ითამაშა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ცააძემ:
„წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად, ირაკლი ფირცხალავას მიერ ორგანიზებული დანაშაულის დაფარვის, თვითმხილველი მოწმეების განადგურების და წარმატებული ოპერაციის დასრულებაში დარწმუნების მიზნით, მიუახლოვდა ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს და თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა საკონტროლო გასროლები სალონის წინა ნაწილში მჯდომი ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მისამართით“.
როგორც მთავარი პროკურატურის განცხადებაში არაერთგან არის ხაზგასმული, 2006 წლის 2 მაისს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებთან ერთად, ირაკლი ფირცხალავას „დანაშაულებრივი გეგმით“ მოქმედებდნენ. ეს გეგმა კი, თავის მხრივ, შურისძიებას ეფუძნებოდა. საქმე ის არის, რომ 2006 წლის 07 აპრილს სოდის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს ირაკლი ფირცხალავას ძმა ლევან ფირცხალავა და ეს მოხდა იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც სამართალდამცველებს მიაწოდა მოგვიანებით სპეცოპერაციის დროს მოკლულმა ალექსანდრე ხუბულოვმა და ირაკლი ფირცხალავამაც შურისძიება სწორედ ამის გამო გადაწყვიტა:
„ირაკლი ფირცხალავას დანაშაულებრივი გეგმით, იგი შსს სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად შეიმუშავებდა ალექსანდრე ხუბულოვის მიერ ყაჩაღობის მომზადების სცენარს და, დანაშაულთან ბრძოლის საქვეყნოდ გაცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის ფარგლებში, ,,წარმატებული“ სპეცოპერაციის ფორმით მოახდენდა ალექსანდრე ხუბულოვის ლიკვიდაციას, რითაც იგი, ერთი მხრივ, შურს იძიებდა ალექსანდრე ხუბულოვზე, რომელმაც ამხილა მისი ძმა ნარკოტიკებთან კავშირში, ხოლო, მეორე მხრივ, ეს სპეცოპერაცია მას და მის თანამზრახველებს დანაშაულთან მებრძოლი სამართალდამცავების იმიჯს დაუმკვიდრებდა“.
სამწუხაროდ, ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვერგო ჩვენ და ამის გამოძიება იყო აუცილებელი. მინდა გითხრათ, რომ პრაქტიკულად ეს საქმეები არის გამოძიებული, ბევრი მათგანი დასრულების სტადიაშია...ირაკლი ღარიბაშვილი
ალექსანდრე ხუბულოვის მსგავსად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა ზურაბ ვაზაგაშვილიც, ხოლო ბონდო ფუთურიძემ სიცოცხლისათვის საშიში მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. ავტომანქანას, რომლითაც ახალგაზრდები გადაადგილდებოდნენ, 97 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.
არ დადასტურდა თავდაპირველი ვერსია იმის თაობაზე, თითქოს ახალგაზრდები ყაჩაღობას გეგმავდნენ და სამართალდამცველებმა სწორედ მათი ეს განზრახვა აღკვეთეს. გამოძიების თანახმად, „ყაჩაღობის მომზადების სცენარი შეთხზულ იქნა ირაკლი ფირცხალავას ორგანიზებით, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის გზით“. მათ შორის იყო იარაღის ჩადების ფაქტიც:
„შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა აუცილებლად გულისხმობდა ავტომანქანაში ცეცლხლსასროლი იარაღის არსებობას, სხვა შემთხვევაში კი, ავტომანქანისა და მისი მგზავრებისათვის ცეცხლის გახსნა კანონიერ სახეს ვერ შეიძენდა, რის გამოც, ირაკლი ფირცხალავას დავალებით, შსს თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილზე მიიტანეს და ავტომობილში ჩააწყვეს ცეცხლსასროლი იარაღები, მასრები, რაციები და ყაჩაღობისათვის საჭირო სხვა ნივთები, რითაც მოახდინეს მტკიცებულებების ფალსიფიცირება“.
ე. წ. „კორტების საქმის“ გახსნილად გამოცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლიტიკური განცხადებით გამოეხმაურა და თქვა, რომ „ქართული ოცნების“
ხელისუფლება იმთავითვე დიდ ყურადღებას უთმობდა გახმაურებული საქმეების გამოძიებას:
„სამწუხაროდ, ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვერგო ჩვენ და ამის გამოძიება იყო აუცილებელი. მინდა გითხრათ, რომ პრაქტიკულად ეს საქმეები არის გამოძიებული, ბევრი მათგანი დასრულების სტადიაშია და სულ ერთი-ორი გახმაურებული საქმე რჩება, რომელიც არ არის გამოძიებული“.
იმ დღესვე, როდესაც მიხვდნენ, რომ ვერ გახსნიან იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეს და იმისათვის, რომ საკუთარი უნიათობა კიდევ ერთხელ გადაფარონ, დადგეს ეს სპექტაკლი...გივი თარგამაძე
ე. წ. „კორტების საქმის“ გახსნილად გამოცხადებას განსხვავებულად შეხვდნენ ოპოზიციის რიგებში. „თავისუფალი დემოკრატები“ მიიჩნევენ, რომ საქმის გამოძიება ძალიან გაჭიანურდა და, მაგალითად, უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატის ზურაბ აბაშიძისთვის გაუგებარია, რას აკეთებდა ახალი ხელისუფლება, ამ მხრივ, ამდენი ხნის განმავლობაში.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, „კორტების“ საქმის გახსნილად გამოცხადებას პოლიტიკური პარტია „სპექტაკლს“ უწოდებს და, როგორც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა გივი თარგამაძემ განაცხადა 2 თებერვალს, ეს ყველაფერი ზურაბ ვაზაგაშვილის მამის მკვლელობას უკავშირდება:
„იმ დღესვე, როდესაც მიხვდნენ, რომ ვერ გახსნიან იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეს და იმისათვის, რომ საკუთარი უნიათობა კიდევ ერთხელ გადაფარონ, დადგეს ეს სპექტაკლი, რომელიც, საბოლოო ჯამში, არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანების ოჯახებს დააზარალებს, არამედ საბოლოოდ დაანგრევს ქვეყანაში პოლიციურ სისტემას“.
ბევრი ფიქრობს, რომ „კორტების საქმემ“ განსაკუთრებული აქტუალურობა მას შემდეგ დაიბრუნა და პროცესებიც მას შემდეგ დაჩქარდა, რაც იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს. თუმცა, თუკი ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატის ირმა ჭკადუას სიტყვებით ვიმსჯელებთ, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დროისთვის მისი ვაჟის საქმის გამოძიება უკვე დასკვნით ეტაპზე იყო.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება ჯერ ისევ გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლის (109-ე მუხლის „ა“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები, 369-ე მუხლის მესამე ნაწილი და 147-ე მუხლის პირველი ნაწილი) შესაბამისად, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 20 წლამდე ანდა უვადო პატიმრობას.