პრაღაში მცხოვრებ ცნობილ ქართველოლოგს, მეცნიერსა და მთარგმნელს ვაცლავ ჩერნის საქართველოს სახელმწიფოს ჯილდო „ღირსების ორდენი“ გადაეცა. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი სიგელი და მაღალი ჯილდო საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურის უბადლო მცოდნე მეცნიერს ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ზაზა გოგსაძემ სახლში მიუტანა. მიუხედავად იმისა, რომ 83 წლის მეცნიერი ხშირად ავადმყოფობს, უჭირს მოძრაობა და სმენაც დააკლდა, ვაცლავ ჩერნი აგრძელებს ლიტერატურულ საქმიანობას და რადიო თავისუფლებას სამომავლო გეგმაც გაუმხილა. პრაღის გარეუბანში მცხოვრებ ცნობილ ქართველოლოგს საელჩოს თანამშრომლებთან ერთად 15 დეკემბერს ჩვენი კოლეგა კობა ლიკლიკაძეც ესტუმრა.
„დიდი მადლობა, ჩემო მეგობრებო, ჩემო ქართველებო! თქვენი ენა ყოველთვის მომწონდა და ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მქონდა ქართულად ლაპარაკისა და იმედი მაქვს, რომ სანამ ცოცხალი ვარ, რომ მაინც რამეს გავაკეთებ“, ასეთი ოპტიმისტური შემართებით და მადლიერებით დახვდა საქართველოს „ღირსების ორდენის“ კიდევ ერთი ჩეხი კავალერი მასთან სტუმრად მისულ საქართველოს ელჩსა და საელჩოს თანამშრომლებს, რომლებმაც ბინაში მიუტანეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება და მაღალი ჯილდო ღვაწლმოსილ ჩეხ ქართველოლოგს ვაცლავ ჩერნის - ადამიანს, რომლის სიყვარულიც საქართველოს კულტურის, ენისა და ლიტერატურისადმი სათავეს 1953 წლიდან იღებს. იმხანად სრულიად ახალგაზრდა ლინგვისტი პირველად ეწვია საქართველოს თავის მასწავლებელ, “ვეფხისტყაოსნის” ჩეხურად მთარგმნელ დოქტორ იარომირ იედლიჩკასთან ერთად.
„სკოლაში მასთან სწავლობდა იარომირ იედლიჩკას შვილი, რომელსაც მოჰქონდა სხვადასხვა დამწერლობით დაბეჭდილი წიგნები და 14 წლის ბიჭი გაიტაცა ამ წიგნებმა, შემდგომ კი ისე მოხდა, რომ ესაუბრა თვით დოქტორ ი. იედლიჩკას. მეცნიერმა გააცნო ვაცლავს ქართული ლიტერატურის ისტორია, ელაპარაკა ქართველი ხალხის უძველეს კულტურაზე, შოთა რუსთაველის გენიალურ “ვეფხისტყაოსანზე”, - საუბარში ერთვება ვაცლავ ჩერნის მეუღლე იანა, რომელიც ხანდაზმული ქართველოლოგის თანაშემწეც არის და მისი ბიოგრაფიც.
სანამ ცოცხალი ვარ მე და სანამ არსებობს ქართული ლიტერატურა, ქართული პოეზია და ქართველი ერი, მე ვიზრუნებ მასზე და ჩემი უახლესი გეგმა არის, რომ გადავთარგმნო რამდენიმე ახალი რომანი, რამდენიმე ახალი პოეზია...ვაცლავ ჩერნი
50-იანი წლებიდან ბატონი ვაცლავი აქტიურად ჩამოდიოდა საქართველოს ყველა კუთხეში და მეგობრული ურთიერთობა დაამყარა ცნობილ ქართველ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებთან: თამაზ და ოთარ ჭილაძეებთან, ჯემალ ქარჩხაძესთან, ოტია იოსელიანთან, არჩილ სულაკაურთან, ჭაბუა ამირეჯიბთან, ნოდარ დუმბაძესთან, გურამ ფანჯიკიძესთან, რეზო ჭეიშვილთან და ა. შ. თითოეული მათგანის ნაწარმოებები გადათარგმნა ჩეხურ ენაზე. ცნობილი ქართველოლოგის წიგნის თაროზე მის მიერ თარგმნილი 36 წიგნია. მან ჩეხურ ენაზე გადათარგმნა მიხეილ ჯავახიშვილის “თეთრი საყელო”, ვაჟა-ფშაველას “გველისმჭამელი”, ნიკო ლორთქიფანიძის თხზულებათა კრებული („დანგრეული ბუდეები“), “ქართული ენის საფუძვლები” (სახელმძღვანელო ჩეხებისათვის).
ვაცლავ ჩერნი მოკრძალებით ამბობს, რომ მისი დამსახურებაცაა, რომ ბევრი ქართველი ჩეხურად ლაპარაკობს:
„ბევრი ქართველები ჩეხურად ლაპარაკობენ და ეს არის ჩემთვის დიდი პატივი - დამსახურება კი არა, დიდი პატივი. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის დიდი პატივია, რომ ბევრმა ქართველმა დაიწყო ჩეხურად ლაპარაკი“.
ასეთ ქართველთა შორისაა ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ალექსანდრე ჭელიძე, რომელმაც ჯერ კიდევ სკოლის მერხიდან გაიცნო ცნობილი ქართველოლოგი ვაცლავ ჩერნი და მასთან ერთად საქართველოში შემოქმედებით ექსპედიციაშიც კი მონაწილეობდა:
„გარდა მთარგმნელობითი მუშაობისა, ძალიან ბევრი ჩეხი ჰყავს ჩამოყვანილი საქართველოში და, ყველანაირი პოლიტიკური კლიშეების გარეშე, რაც იმ დროისათვის იყო დამახასიათებელი, დაჰყავდა ისინი სვანეთში, ხევსურეთში და ისეთ ადგილებში, რომლებზეც მაშინ, პრინციპში, არავინ ზრუნავდა, და აცნობდა სულ სხვა საქართველოს. მე ვარ ერთ-ერთ ასეთ ექსპედიციაში ნამყოფი და მეგზური ოტია იოსელიანი იყო“.
ფაქტობრივად, ვაცლავ ჩერნი ჩეხეთის ისტორიაში არის მესამე ქართველოლოგი, რომელმაც თავის წინამორბედებს ქართულიდან ჩეხურად გადათარგმნილი ნაშრომების რაოდენობით ბევრად გადააჭარბა. თუმცა არც სხვების ღვაწლი უნდა დავივიწყოთ. პირველი ჩეხი ქართველოლოგი იყო ალოის კოუდელკა, მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე სასულიერო პირი, ლინგვისტი, რომელმაც 1911 წელს ქართულიდან ჩეხურ ენაზე გადათარგმნა და გამოსცა “ბაში-აჩუკი”. ეს იყო პირველი ქართული წიგნი ჩეხეთში.
ზემოთ უკვე ვახსენეთ იარომირ იედლიჩკა, რომელმაც ჩეხურ ენაზე გადათარგმნა და გამოსცა “ვეფხისტყაოსანი” და ქართული ხალხური ზღაპრები, ასევე დავით გურამიშვილის, გიორგი ლეონიძის, დანიელ ჭონქაძის, ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, ლეო ქიაჩელის ნაწარმოებები. იარომირ იედლიჩკამ თბილისში ასევე გამოსცა ჩეხური ენის სახელმძღვანელო ქართველთათვის.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ხანებამდე ვაცლავ ჩერნი მონაწილეობდა სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებში და, როგორც ჩეხეთში მოღვაწე ერთადერთი კავკასიოლოგი, კავკასიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე საუბრობდა. ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის ზაზა გოგსაძის თქმით, საქართველოს „ღირსების ორდენით“ ვაცლავ ჩერნი არა მხოლოდ ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზების, არამედ ქართული და ჩეხური კულტურების დაახლოებისათვის დაჯილდოვდა:
„ღირსების ორდენით საქართველოს პრეზიდენტმა ბატონი ვაცლავი თავისი ბრძანებით დააჯილდოვა ივლისის თვეში, მაგრამ ძალიან საზეიმო ვითარებაში ამ ჯილდოს გადაცემა არ მოხერხდა მისი ჯანმრთელობის გამო. მაგრამ შემდეგში იმედს ვიტოვებთ, რომ, როდესაც მომჯობინდება, მოვიწვევთ საელჩოში და იქ მოვუწყობთ შეხვედრას. იმედი გვაქვს, რომ მისი ჯანმრთელობა სტაბილური გახდება და კიდევ ბევრი რამის გაკეთებას შეძლებს ჩვენი კულტურების დაახლოების საქმეში“.
ვაცლავ ჩერნი ფლობს ქართულ, სომხურ, ჩერქეზულ, ავარიულ, სპარსულ, არაბულ, თურქულ, ლათინურ, გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, ესპანურ, იტალიურ და აგრეთვე მალტურ ენებს. ეს უკანასკნელი ფილოლოგმა 75 წლის ასაკში შეისწავლა. ვინც შეხვდება, მაშინვე დარწმუნდება, რომ ასაკი ვაცლავ ჩერნისათვის არაფერს ნიშნავს. ახლაც კი 83 წლის ჩეხი ლიტერატორი და მთარგმნელი ქართული პოეზიის თარგმნას გეგმავს:
„სანამ ცოცხალი ვარ მე და სანამ არსებობს ქართული ლიტერატურა, ქართული პოეზია და ქართველი ერი, მე ვიზრუნებ მასზე და ჩემი უახლესი გეგმა არის, რომ გადავთარგმნო რამდენიმე ახალი რომანი, რამდენიმე ახალი პოეზია“.
ვაცლავ ჩერნი პირველი ჩეხი ფილოლოგი და მთარგმნელია, რომელიც „ღირსების ორდენით“ დაჯილდოვდა. მანამდე საქართველოს მაღალი სახელმწიფო ჯილდო ჩეხეთის პირველ პრეზიდენტს ვაცლავ ჰაველს გადაეცა.