ვალეში ტონობით კომბოსტოს ყრიან

პავლე ათუნაშვილის სარდაფში კომბოსტო ლპობას იწყებს. მოსავალი სასწრაფოდ გადარჩევასა და რეალიზაციას საჭიროებს, თუმცა მყიდველი არსად ჩანს. ვალელმა ფერმერმა შემოდგომით 15 ტონა კომბოსტო დაასაწყობა და დღემდე ერთი კილოგრამიც ვერ გაყიდა. ათუნაშვილების ოჯახი წელს მეორედ დაზარალდა. გასულ წელს მათ 40 ტონა მოსავლიდან 35 ტონა გაფუჭებული კომბოსტო გადაყარეს.

გასულ წლებში ფერმერებს კომბოსტოს თესლი თავად გამოჰყავდათ, დღეისათვის ისინი ჰოლანდიურ სათესლე მასალას იყენებენ. ერთ შეკვრაში, რომელიც დაახლოებით 25 გრამს იწონის, 50 ლარს იხდიან. შემდეგ სათითაოდ თესავენ და რწყავენ. გადარგვის პერიოდში ნერგებს წინასწარ გამზადებულ ფართობზე რგავენ, რის შემდეგაც სასუქის შეტანა და მორწყვაა საჭირო. ვალეში ფერმერები ერთი საათის განმავლობაში სარწყავი წყლით სარგებლობისათვის 7–დან 15 ლარამდე იხდიან, – ამბობს მარინა ათუნაშვილი.

ათუნაშვილებისგან განსხვავებით, გვირჯიშვილების დასაწყობებული კომბოსტო ჯერ არ ლპება, თუმცა მოსავლის რეალიზებას ვერც ისინი ახერხებენ. 100 ტონა კომბოსტოს მოსაყვანად 40 დაქირავებული ადამიანი მუშაობდა, თუმცა მყიდველის პოვნა ვერც ბიძინა გვირჯიშვილმა შეძლო. კომბოსტოს გარდა, მან 300 ტონა კარტოფილი და 50 ტონა ჭარხალი მოიყვანა. კარტოფილი ფერმერმა 40 თეთრად გაყიდა, ხოლო ჭარხალს 70 თეთრად აბარებს. ბიძინა გვირჯიშვილის მტკიცებით, მათ მიერ მოყვანილი პროდუქტი საქართველოში არ იყიდება. მისი აზრით, გამოსავალი ხელისუფლებამ უნდა მოძებნოს.

კომბოსტოს კულტურას ვალეში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესი ნაწილი აწარმოებს. მათი უმრავლესობა გვირჯიშვილებისა და ათუნაშვილების ოჯახის ბედს იზიარებს. ბოსტნეულის მოვლა ფერმერს მოსავლის რეალიზებიდან მიღებულ თანახზე ბევრად ძვირი უჯდება. დღეისათვის კომბოსტოს გასაყიდი ფასი ერთ კილოგრამზე 10-12 თეთრია. გამოსავალს ვალეში უცხოური ბაზრების გახსნაში ხედავენ.

იმას, რომ ვალეში მოსავლის რეალიზაციის პრობლემებია, ვალეს პირველი პირიც ადასტურებს. ფერმერების მსგავსად, ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებულსაც ერთადერთ გამოსავლად უცხოური ბაზრების გახსნა მიაჩნია. ზურაბ ნასყიდაშვილი ფიქრობს, რომ სახელმწიფო ამ კუთხით უკვე მუშაობს.

კომბოსტოს სამცხე–ჯავახეთში ძირითადად ვალეში აწარმოებენ. ისინი ბოსტნეულს უმთავრესად მიწურებში, სარდაფებში ან, უკეთეს შემთხვევაში, საწყობებში ინახავენ. სპეციალისტების განმარტებით, კულტურა დაბალ ტემპერატურაზე დაახლოებით მაისის თვემდე არ ფუჭდება, თუმცა ვალელების უმეტესობას კომბოსტოს შესანახი პირობები არა აქვს.