მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქუთაისში, რეგიონალური შეხვედრის ფარგლებში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის - „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ - დემოკრატიის სკოლაში გაიმართა, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებსა და გამოწვევებზე, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის შემუშავებულ დახმარების პროგრამებზე, მათი გამოყენების შესაძლებლობებსა და სამოქალაქო საზოგადოების როლზე იმსჯელეს. საჯარო შეხვედრის ორგანიზატორი იყო „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, იმერეთის ბიურო“. „საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელ გიორგი გოგუაძის შეფასებით, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის მსგავსი ხელშესახები შედეგი უახლოეს წლებში მოსალოდნელი აღარ არის, რადგან საქართველოს ევროკავშირთან შემდგომი დაახლოებისთვის კიდევ არაერთი ვალდებულება აქვს შესასრულებელი:
„ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის ყველაზე რთული პროცესი იწყება ახლა, ანუ ჩვენ რაც აქამდე შევასრულეთ, იყო აისბერგის ზედა ნაწილის მცირე ნაწილი. ამიტომ უნდა მოვემზადოთ 2020 წლისთვის სურსათის უვნებლობის კუთხით შესასრულებელი ვალდებულებებისთვის. 2008 წლის შემდეგ ევროკავშირის მხრიდან ფინანსური დახმარება საქართველოსადმი თითქმის 200 % –ით გაიზარდა და 2017 –2020 ეს არის 475 მილიონი ევრო, რომლის დიდი ნაწილი იხარჯება სოფლის მეურნეობის და რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და ჯანდაცვის და ეკონომიკის სექტორების წამოწევისთვის“.
„საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის“ წარმომადგენლის გიორგი გოგუაძისვე განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების უმნიშვნელოვანესი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება, რომელმაც საქართველოს გზა გაუხსნა ევროკავშირის ბაზრისკენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო – საქართველოს“ ფინანსური მენეჯერის, დავით სარალიძის, განცხადებით, კონკრეტული პროგრამების განხორციელებასთან ერთად აუცილებელია სოფლად მცხოვრებთა ინფორმირება და მათთვის წარმატებული მაგალითების გაცნობა, რაც მათ დაინტერესებას გაზრდის:
„კარგი მაგალითი ყოველთვის გადამდებია. მაგალითად, საწარმოების, სათბურების, სამაცივრე და გადამამუშავებელი მეურნეობების შექმნის შესახებ აინტერესებს მოსახლეობას. მოდიან, ინტერესდებიან და ღია არიან დიალოგისთვის. უბრალოდ, მათ არა აქვთ შესაბამისი რესურსი, რომ ინფორმაცია მოიპოვონ, არ აქვთ კომპეტენცია შეავსონ საგრანტო განაცხადები, არ მიუწვდებათ ხელი ელექტრონულ რესურსებზე, ინფორმაციაზე, თუ ვინ რა ტექნიკურ დახმარებას გეგმავს და ა. შ. როდესაც ვუხსნით და ვაცნობთ ამ კარგ მაგალითებს, თავისთავად უჩნდებათ სურვილი და მოდიან თანამშრომლობაზე“.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2020 წლისთვის შესასრულებელი ვალდებულებების შესახებ - სურსათის უვნებლობის შესახებ - ინფორმირება. როცა მაქვს ფერმერებთან შეხება, თვალსაჩინოა, რომ ნაკლებია ინფორმირება და მეტი შიში აქვთ, რომ „აი ამას აგვიკრძალავენ, აი ეს არ შეგვეძლება“ და მგონია, რომ სწორად ინფორმაციის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათთვის.მარიამ პატარაია
„ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო–საქართველოს“ ფინანსური მენეჯერის, დავით სარალიძის, შეფასებით, არასამთავრობო სექტორმა მეტი მუშაობა უნდა გასწიოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამების შესახებ ფერმერებისა და სხვათა ინფორმირებისთვის. საინფორმაციო სააგენტო „ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტის, მარიამ პატარაიას, დაკვირვებით, იმის გამო, რომ ფერმერების უდიდეს ნაწილს საკმარისი ინფორმაცია არ გააჩნია, ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად აუცილებელ ნორმებსა და წესებს შიშით უყურებენ:
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2020 წლისთვის შესასრულებელი ვალდებულებების შესახებ - სურსათის უვნებლობის შესახებ - ინფორმირება. როცა მაქვს ფერმერებთან შეხება, თვალსაჩინოა, რომ ნაკლებია ინფორმირება და მეტი შიში აქვთ, რომ „აი ამას აგვიკრძალავენ, აი ეს არ შეგვეძლება“ და მგონია, რომ სწორად ინფორმაციის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათთვის. მეც, როგორც ჟურნალისტი, ყოველ ჯერზე, როცა ამ თემაზეა მსჯელობა, ვიღებ მეტ და მეტ ინფორმაციას, ანუ ბოლომდე არ არის ამოწურული ჩვენს სექტორშიც თემა“.
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ფარგლებში, საქართველომ არაერთი ვალდებულება უნდა შეასრულოს. მაგალითად, სურსათის უვნებლობის სფეროში 2027 წლამდე უნდა შეიმუშაოს 102 საკანონმდებლო ნორმა, ვეტერინარიის სფეროში – 84 და მცენარეთა დაცვისთვის ეროვნული კანონმდებლობა უნდა დაუახლოვოს ევროკავშირის ოთხმოცდახუთ სამართლებრივ აქტს. თავის მხრივ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება საქართველოს აძლევს საშუალებას ეტაპობრივად მიიღოს ევროკავშირის შიდა ბაზრის ოთხიდან სამი თავისუფალი რეჟიმი - საქონლის, მომსახურების და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება. მეოთხე კი - ადამიანების თავისუფალი გადაადგილება - უკვე უზრუნველყოფილია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შედეგად.