უზენაესი სასამართლო თავმჯდომარეობის კანდიდატის მოლოდინში

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატების წარდგენის ვადა 9 თებერვალს იწურება. პრეზიდენტმა კანდიდატი პარლამენტს 23 თებერვლამდე, მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დღემდე, უნდა წარუდგინოს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, 9 თებერვლის მონაცემებით, ადმინისტრაციაში 40-მდე განაცხადია შესული.

პრინციპულობა, მენეჯერული თვისებები, პარტიული გავლენისგან თავისუფლება და პროფესიონალიზმი - ეს ის თვისებები, უნარები და კრიტერიუმებია, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტისთვის საქართველოს პრეზიდენტის რჩეული კანდიდატი. ასეთ კრიტერიუმებზე პრეტენზიას კი ოთხ ათეულამდე კანდიდატი გამოთქვამს - უფრო ზუსტად კი, ის ორგანიზაციები, რომლებმაც განაცხადები თავიანთი კანდიდატურების შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დატოვეს და გიორგი მარგველაშვილის საბოლოო გადაწყვეტილებას უკვე 10 თებერვლიდან 23 თებერვლამდე დაელოდებიან. სწორედ 23 თებერვალს ეწურება უფლებამოსილების ათწლიანი ვადა უზენაესი სასამართლოს ამჟამინდელ თავმჯდომარეს, კონსტანტინე კუბლაშვილს. გიორგი კვერენჩხილაძე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ განაცხადების მიღების დასრულებისთანავე დაიწყება პროცესი, რომლის შედეგადაც გამოვლინდება ერთი კანდიდატი:

„რა თქმა უნდა, პრეზიდენტის გადასაწყვეტია კონკრეტული კანდიდატურა, თუმცა კანდიდატის შერჩევა იმ ოთხი კრიტერიუმის გათვალისწინებით, პრეზიდენტთან ერთად, ადმინისტრაციის შიგნით განხორციელდება. მინდა გითხრათ, რომ პროცესი როგორც დღემდე მიმდინარეობდა გამჭვირვალედ, კვლავაც ასე გაგრძელდება. ჩვენ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“.

მიუხედავად იმისა, რომ, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას პრეზიდენტი არჩევს და შემდეგ პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს, გიორგი მარგველაშვილმა ჯერ კიდევ იანვრის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ აპირებდა უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე შეერჩია როგორც საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად. მისი სიტყვებით, მაშინ როდესაც სასამართლოს მიმართ ნდობის ფაქტორი ასამაღლებელია, ასეთი ღია და გამჭვირვალე პროცესი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. კრიტერიუმები კი, რომლებსაც თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს, სწორედ ამ კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნინო გვენეტაძეს აქვს როგორც უზენაეს სასამართლო სისტემაში მუშაობის გამოცდილება, - მათ შორის, მოსამართლედ, - ასევე მას აქვს მოსამართლეთა კონფერენციის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება...
ალეკო ცქიტიშვილი

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურები წარადგინეს როგორც არასამთავრობო სექტორის, ისე აკადემიური წრეებისა და ერთი პოლიტიკური პარტიის, „თავისუფალი დემოკრატების“, წარმომადგენლებმა. პარტიის კანდიდატურაა მათი გუნდის წევრი შალვა შავგულიძე. შავგულიძის თქმით, მისმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიჩნია, რომ ის არის ადამიანი, რომელიც გათავისუფლებული იქნება ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან და შეძლებს მსგავსი გავლენებისგან დაიცვას სასამართლო ხელისუფლებაც. საკუთარი კანდიდატურა დაასახელა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმაც. ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი ბურდულია. სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ლადო პაპავას სიტყვებით, ირაკლი ბურდული გამორჩეული პიროვნება დამნიშვნელოვანი იურიდიული სკოლის ხელმძღვანელია და ამიტომ ფაკულუტეტის გადაწყვეტილებას აკადემიურმა საბჭომაც დაუჭირა მხარი და ირაკლი ბურდულს ნდობა გამოუცხადა. კიდევ ერთი გახმაურებული კანდიდატი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე ანა დოლიძეა, რომელიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ წარუდგინა პრეზიდენტს. ისინი მიიჩნევენ, რომ ანა დოლიძეს გამოვლენილი აქვს პრინციპულობა სასამართლოს დამოუკიდებლობის, სასჯელაღსრულების სისტემის გამჭვირვალობასა და წამების აკრძალვასთან დაკავშირებული მრავალი საჯარო საკითხის თაობაზე. კიდევ ერთი კანდიდატი, რომელიც ძირითადად ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაასახელეს, ყოფილი მოსამართლე ნინო გვენეტაძეა. ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მათ მიერ წარდგენილი კანდიდატი, ნინო გვენეტაძე, სავსებით აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც კონსულტაციების შედეგად შეჯერდა:

ჩვენ ნათლად დავინახეთ გარკვეული გზავნილები ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან და ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ხელისუფლებისთვის არ იქნება მისაღები ის კანდიდატი, რომელსაც დავასახელებთ, და ამიტომ, ჩვენ არ გვინდა, რომ ღირსეულ კანდიდატს ამის გამო დამატებითი ბარიერები შევუქმნათ...
ნინო ლომჯარია

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნინო გვენეტაძეს აქვს როგორც უზენაეს სასამართლო სისტემაში მუშაობის გამოცდილება, - მათ შორის, მოსამართლედ, - ასევე მას აქვს მოსამართლეთა კონფერენციის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება, ასევე ის მაღალი ლეგიტიმაციით სარგებლობს საზოგადოებაში“.

მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად იყვნენ ჩართულნი პრეზიდენტთან კონსულტაციების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნები“, მათ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, რომელიც მათი საქმიანობის გამოკვლევას ეხებოდა, უარი თქვეს კანდიდატურის დასახელებაზე. ნინო ლომჯარია, ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში იმ მიზეზზე საუბრობს, რის გამოც მათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებისგან თავი შეიკავეს:

„ჩვენ ნათლად დავინახეთ გარკვეული გზავნილები ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან და ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ხელისუფლებისთვის არ იქნება მისაღები ის კანდიდატი, რომელსაც დავასახელებთ, და ამიტომ, ჩვენ არ გვინდა, რომ ღირსეულ კანდიდატს ამის გამო დამატებითი ბარიერები შევუქმნათ, თუმცა, რა თქმა უნდა, თუკი სურვილი იქნება პრეზიდენტის მხრიდან, ჩვენ კონსულტაციის პროცესში ჩავერთვებით“.

9 თებერვალს დაასახელა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ვინაობა ადვოკატთა ასოციაციამ. მათი რჩეული, დავით ასათიანი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და ასოციაციის მუდმივი წარმომადგენელია ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და იურიდიული გაერთიანების საბჭოში. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს ამჟამინდელ თავმჯდომარეს, კონსტანტინე კუბლაშვილს, ის ფიქრობს, რომ მისი შემცვლელი კეთილსინდისიერი ადამიანი და პროფესიონალი უნდა იყოს.

შეგახსენებთ: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პრეზიდენტმა პარლამენტს 23 თებერვლამდე უნდა წარუდგინოს. კანდიდატი კი არჩეულად ჩაითვლება მაშინ, თუკი მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. კანონმდებლობის მიხედვით, თუ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას, პრეზიდენტს აღარ აქვს უფლება იგივე კანდიდატი განმეორებით წარადგინოს. ასეთ შემთხვევაში მან პარლამენტს ახალი კანდიდატურა უნდა შესთავაზოს.