უვიზო მიმოსვლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვისაცაა

სოხუმი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ 2 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე, რომელიც ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას მიეძღვნა, განაცხადა, რომ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებიც ისარგებლებენ. ეს განცხადება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „მოსყიდვის მორიგ მცდელობად“ შეაფასა. როგორ აფასებს, თავის მხრივ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების განცხადებას თბილისი?

Your browser doesn’t support HTML5

უვიზო მიმოსვლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვისაცაა

„აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აუცილებლად მიიჩნევს ხაზი გაუსვას, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გავრცელდება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე და არანაირად არ შეეხება აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალქეებს“, - ნათქვამია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ 2 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლება, შეეხებათ ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს.

მიხეილ ჯანელიძე

„ეს გადაწყვეტილება არის პრაქტიკული შედეგის მომტანი და მატარებელი ჩვენი მოქალაქეებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ეს შესაძლებლობა ხელმისაწვდომია მათთვისაც და ჩვენ გვინდა, რომ არა მხოლოდ სავიზო ლიბერალიზაცია, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღებული ყველა სარგებელი იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის“.

მიხეილ ჯანელიძის ამ განცხადებას აფაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო „აფასებს საქართველოს ხელისუფლების მორიგ მოუქნელ ნაბიჯად იმისათვის, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეები ჩართონ საქართველოს პოლიტიკურ-სამართლებრივ სივრცეში, რაც ე. წ. „ნეიტრალური პასპორტების“ წამოწყების სრული ჩავარდნის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მორიგი სატყუარაა აფხაზეთის მოქალაქეებისთვის, რაც, წინა მცდელობების დარად, განწირულია“, - ნათქვამია აფზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების განცხადებაში.

როგორც საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სახელმწიფო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, უვიზო გადაადგილების უფლება არის ერთ-ერთი ყველაზე კონკრეტული შედეგი, რომლით სარგებლობასაც საქართველოს თითოეული მოქალაქე შეძლებს და ახლა მისი ამოცანაა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს მაქსიმალურად მოქნილი პირობები შეუქმნას ამ თვალსაზრისით:

„ჩემი ამოცანა გახლავთ ის, რომ ეს იყოს როგორც გეოგრაფიულად მიახლოებული, ისე პროცედურულად მაქსიმალურად გამარტივებული, ხელმისაწვდომი საქართველოს პასპორტებზე“.

როგორც „მშვიდობის განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელი, კონფლიქტოლოგი შოთა შველიძე ამბობს, ადვილად პროგნოზირებადი იყო, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ ლოგიკურ შეთავაზებას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებისგან მსგავსი რეაქცია მოჰყვებოდა, ვინაიდან, მისი თქმით, საქართველოს მხრიდან ნებისმიერი პოლიტიკური შინაარსის განცხადება - თუნდაც, საერთო სიკეთის თაობაზე - აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ გაგებულია როგორც აფხაზეთის დაბრუნების მცდელობა. ასეთი განწყობა აქვს აფხაზეთში არა მხოლოდ მმართველ პოლიტიკურ ელიტას, არამედ სამოქალაქო სექტორის დიდ ნაწილსაც, ამბობს შოთა შველიძე:

„თბილისის მხრიდან მათ არ უნდათ ევროპაში გასვლა, ისინი ამ პრივილეგიაზე არ მიდიან განზრახ. ისინი ამ ყველაფერს აღიქვამენ, როგორც საქართველოშო დაბრუნებას, ანუ მათ არ უნდათ საქართველოს გამოყენებით ევროპაში გასვლა. უნდათ თავად დაამყარონ პირდაპირი კავშირები, რაზეც, პოლიტიკური თვალსაზრისით თუ შევხედავთ, თბილისის პოზიციაც ლოგიკურია, რომ თუ თქვენ არ იღებთ ქართულ პასპორტს, მაშინ ჩვენ როგორ უნდა შეგიწყოთ ხელი ევროპაში ისწავლოთ. მაგრამ არსებობს გზები და უნდა მოინახოს ეს გზები, რომ აფხაზეთის დეიზოლაცია მოხდეს“.

ნახონ, საფრანგეთში - ელზასში - რა ხდება, რომელიც მე-20 საუკუნეში სამჯერ გადავიდა ხელიდან ხელში და მოსახლეობამ სამჯერ გამოიცვალა მოქალაქეობა ისე, რომ საცხოვრებელი ადგილი არ შეუცვლია. ნახონ, როგორი განსხვავებულია ჰოლანდია დანარჩენი ევროპისგან და, ამავე დროს, რა ევროპულია...
ლევან გერაძე

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობისგან სხვაგვარი შინაარსის განცხადებას არც ელოდა „მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტის“ საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ლევან გერაძე. ამას, მისი განმარტებით, ორი მიზეზი აქვს. ერთი, რომ სავიზო ლობერალიზაციით სარგებლობაში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ხიფათს ხედავს, მეორე მიზეზი კი ისაა, რომ ისინი თავის არჩევანში თავისუფალნი არ არიან და ასეთი განცხადება მათი „საგარეო ორიენტირებითაა“ ნაკარნახევი. აფხაზეთის მოქალაქეებისგან ამ სიკეთეებით სარგებლობა იმ იდეოლოგიურ და ფიზიკურ გავლენას შეამცირებს, რომელსაც დღეს აფხაზეთი განიცდის, ამბობს ლევან გერაძე, ვინაიდან აფხაზ ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება კონფლიქტების გრძელვადიანი მოგვარების ევროპული მაგალითები ნახონ:

„ნახონ, ბავარიაში რა ხდება და როგორ აქვს ბავარიას შენარჩუნებული თვითმყოფადობა. ნახონ, საფრანგეთში - ელზასში - რა ხდება, რომელიც მე-20 საუკუნეში სამჯერ გადავიდა ხელიდან ხელში და მოსახლეობამ სამჯერ გამოიცვალა მოქალაქეობა ისე, რომ საცხოვრებელი ადგილი არ შეუცვლია. ნახონ, როგორი განსხვავებულია ჰოლანდია დანარჩენი ევროპისგან და, ამავე დროს, რა ევროპულია“.

ლევან გერაძის თქმით, სწორედ ამის გამო არ შედის აფხაზეთზე გავლენის მქონე პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებში ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭების თაობაზე.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც ნათქვამია, რომ 25 წლის წინ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ დამოუკიდებლობა აირჩია და არ სურს რაიმე საერთო ჰქონდეს საქართველოსთან. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც რუსეთის პასპორტები და დოკუმენტები აქვთ, შეუძლიათ სრულიად თავისუფლად იმოგზაურონ, საქართველოს ხელისუფლება და მათი ევროპელი მფარველები რომ არ აბრკოლებდნენ. საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებს შორის ურთიერთობას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობა მხოლოდ პარიტეტულ საფუძველზე ხედავს და სხვაგვარი თანამშრომლობის სურვილი არა აქვს.