ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურისა და მოლითის 400-მდე ოჯახისთვის ტაბაწყურის ტბაში დაჭერილი თევზი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ორი სოფლის მოსახლეობა ტბაში მოხელთებული თევზის რეალიზებით ირჩენს თავს. შვიდი წლის წინ სახელმწიფომ ტაბაწყურის ტბა კერძო პირზე გაასხვისა, რამაც ადგილობრივებთა პროტესტი გამოიწვია. პროტესტის მიზეზი
მეპატრონის მიერ ტბაში გაშვებული კიბორჩხალა გახდა, რამაც, ადგილობრივების მტკიცებით, ტბაში თევზი, ხოლო მათ ოჯახში შემოსავალი შეამცირა.
Your browser doesn’t support HTML5
ტბის მეპატრონე ვართან აივაზიანმა ტაბაწყურის ტბით სარგებლობის 20-წლიანი ლიცენზია მოიპოვა. შპს „ტბები“ ძირითადად კიბორჩხალების რეალიზებას ახდენს. გეოგრაფიული არეალისა და ბუნებრივი პირობების გამო ტაბაწყურს დამსვენებელი არ აკლია. სოფლის საოჯახო სასტუმროებში ერთი ნომრის ფასი 30 ლარიდან იწყება. სოფელში ამბობენ, რომ, ამბულატორიის არსებობის მიუხედავად, აქ სამედიცინო პუნქტი არ ფუნქციონირებს, ინფრასტრუქტურის მოწესიგება კი ახლახან დაიწყო.
ტაბაწყურის გარდა, ჯავახეთის ზეგანზე კიდევ სამი ტბა მდებარეობს, თუმცა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გაგიკ ქარსლიანის, განცხადებით, ტურისტების სიმრავლით არც ერთი არ გამოირჩევა.
ტაბაწყური ტბის მიდამოებში სოფელია, რომელიც ნახევარკუნძულზეა გაშენებული. ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი ტბა საკმაოდ ღრმაა – 40.2 მ - და ცივი წლით გამოირჩევა. ნოემბრიდან 6 თვის განმავლობაში ტერიტორია თოვლით არის დაფარული. ტაბაწყურის ტბა საუკუნეების მანძილზე თევზით მდიდარ ტბად ითვლებოდა. ამჟამად ტბაში 13 სახის თევზია წარმოდგენილი. სოფელი ტაბაწყური ჯავახეთის ზეგანზე (ზღვის დონიდან 2 200 მ) მდებარეობს. იგი ბორჯომის რაიონის ბოლო სოფელია, რომელიც ახალციხეს ესაზღვრება.