უცხოეთის პრესის მიმოხილვა

19 დეკემბრის საღამოს, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში რუსეთის ელჩი მოკლეს. რამდენიმე საათში ბერლინის საშობაო ბაზრობაზე შეიჭრა სატვირთო მანქანა, რომელმაც მოკლა 12 და დააშავა 50-მდე პირი. გასულ კვირაში, სწორედ ეს მოვლენები მოექცა უცხოეთის მედიის ყურადღების ცენტრში.

21 დეკემბერს ამერიკის გამოცემამ „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ გამოაქვეყნა წერილი სათაურით - „ბოროტი ტესტი გერმანიისა და ევროპისათვის“, რომელიც ხსნის, თუ რა სარგებელი შეიძლებოდა დაენახათ ევროპის პოპულისტ პოლიტიკურ პარტიებს, ბერლინის საშობაო ბაზრობაზე მომხდარ ტრაგიკულ ინციდენტში. „პოპულისტი მემარჯვენეები დროს არ კარგავენ იმის დასადგენად, თუ ვინ დგას ბერლინში მომხდარი თავდასხმის უკან. მათ ეს იმისათვის სჭირდებათ, რომ შემდეგ გააკრიტიკონ გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საემიგრაციო პოლიტიკა და ბიძგი მისცენ თავიანთ ქსენოფობიურ დღის წესრიგს. ასეთი სახიფათო და ალბათ პროგნოზირებადი რეაქციები პირდაპირ ისლამური სახელმწიფოს ხელში იყრის თავს. მათთვის ამაზე უკეთესი საბაბი არც არსებობს ომის დასაწყებად ევროპაში, ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის“, - მიაჩნია წერილის ავტორს, რომელსაც მოჰყავს ის შეფასებები, რომელიც მერკელის დადანაშაულების მიზნით გააკეთეს გერმანიის, საფრანგეთის, ჰოლანდიისა და ბრიტანეთის რადიკალურმა პოლიტიკურმა პარტიებმა.

გერმანიის კანცლერის წინაშე არსებულ ურთულეს გამოწვევებზე წერს სლოვაკეთის ყოველდღიური გამოცემა „პრავდა“. წერილის ავტორის აზრით, ბერლინში მომხდარი ინციდენტი აუცილებლად აისახება მომავალ წელს გერმანიაში დაგეგმილ არჩევნებზე. „მომავალი არჩევნების მთავარი თემა არ იქნება ეკონომიკა და ფინანსები, ამ მიმართულებით გერმანია ისედაც კარგად გრძნობს თავს... ამის ნაცვლად, მეტი ყურადღება დაეთმობა მიგრაციისა და უსაფრთხოების თემებს“, - წერს სლოვაკეთის ყოველდღიური გამოცემა „პრავდა“ .

ესპანეთის ყოველდღიური მემარცხენე-ცენტრისტული გამოცემა „ელპაისი“ კი გერმანიას მოიხსენიებს, როგორც „უკანასკნელ იმედს“. 22 დეკემბერს გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ, რომ გერმანია შეძლებს გაუმკლავდეს ქსენოფობიის ტალღას, როგორც დაავადებას, რომლის ბაცილებს, ავტორის თქმით, ავრცელებენ დონალდ ტრამპი, გირტ ვაილდერი და მარინ ლე პენი. „ზუსტად იმის გამო, რომ გერმანიამ ერთხელ უკვე გამოსცადა პოპულისტური ქსენოფობიის სატანისტური გამოვლინება, ახლა ის მეტი ძალებით შეეწინააღმდეგება მას. ღმერთმა ქნას, ამ ტაბუმ იმუშაოს“. - წერს ტიმოთი გარტონ ეში, მემარცხენე-ცენტრისტულ გამოცემა „ელპაისში“

თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობაზე საუბრისას, რამდენჯერმე გაიხსენეს ავსტრია-უნგრეთის პრინცის ფრანც ფერდინანდის მკვლელობა სარაევოში 1914 წელს, რაც კავშირშია პირველი მსოფლიო ომის დაწყებასთან. ამაზე საუბრით დაიწყო თავისი წერილი როჯერ ბოისმაც. მისი მოსაზრებები ბრიტანეთის გამოცემა „ტაიმსის“ გვერდებზე 21 დეკემბერს გამოქვეყნდა, სახელწოდებით „თურქეთისა და რუსეთის სარფიანი ქორწინება“. ციტატა წერილიდან: „გაისმა სროლის ხმა და გაჩნდა მოლოდინი იმისა, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ განეწყობოდა ორი მსხვილი და ამბიციური ძალა - მაგრამ, არა, ფრანც ფერდინანდის შემთხვევა ახლა არ განმეორებულა. თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობა საბოტაჟის წარუმატებელი მცდელობა იყო, მოსკოვი-ანკარის ალიანსისათვის თამაშის წესების ჩამოყალიბების გზაზე“, - აღნიშნულია გამოცემაში, რომელიც განაგრძობს, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი ცდილობს გადახედოს თავის პოლიტიკურ მოკავშირეებს და თუკი მანამდე მხარს უჭერდა ასადის წინააღმდეგ მებრძოლ მეამბოხეებს, ახლა რუსეთთან და ირანთან ერთად ებრძვის ტერორისტულ დაჯგუფებებს. ავტორი შენიშნავს, რომ ბოლო პერიოდის მოვლენების ფონზე, მისთვის უფრო მეტად მომხიბვლელი გახდა რუსეთი და ისეთ ანტიდასავლური გაერთიანება, როგორიცაა „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია“.

ბოისის მოსაზრება გაიზიარა ფერნანდომ სობრალმა, პორტუგალიური ყოველდღიური გაზეთის, „საერთაშორისო მოლაპარაკებების“ გვერდზე. მისი აზრით, თურქეთი სულ უფრო შორდება ნატოსა და ევროკავშირს და უახლოვდება რუსეთსა და ცენტრალურ აზიას. „ახლა ის დროა, რომ პანიკის მოვეშვათ და ამოვიცნოთ ნამდვილი „დარს ვეიდერი“, რადგან ტერორიზმი ახალი ალიანსების გარსით იმოსება და ცვლის დემოკრატიულ წყობას“, – წერს ავტორი.

შეფერხების შემდეგ 22 დეკემბერს, გავრცელებული ინფორმაციით, დასრულდა ალეოპოდან სამოქალაქო პირებისა და მეამბოხეების გამოყვანის პროცესი. თუმცა დასავლეთის მედიაში არ წყდება მსჯელობა იმაზე, თუ რა იქნება სირიაში, სადაც მეამბოხეები კვლავ აკონტროლებენ ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს. გერმანიის ყოველდღიური გამოცემა „ცაიტუნგი“ აქვეყნებს წერილს, რომელშიც კონფლიქტის მონაწილე ყველა მოთამაშეა გაკრიტიკებული, ალეპოს ტრაგედიის გამო. „ერთ მხარეს არის რუსეთი და ჩინეთი, მეორე მხარეს - აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი. თავიანთი პოლიტიკური ინტერესებითა და ეგოიზმით მათ შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ დიდმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ვერ შეასრულეს პასუხისმგებლობა, რომელზეც მაგალითად გაეროს ქარტიაშია საუბარი „საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის“ კონტექსტში . „სახის შენარჩუნების“ ყველა მცდელობა ჩავარდა“, - წერილის ავტორი მიიჩნევს ასევე, რომ სირიის სამოქალაქო ომის გახანგრძლივებასა და ესკალაციაში პასუხისმგებლობა რუსეთთან ერთად ეკისრება ობამას ადმინისტრაციასაც.

დასავლეთისაგან მივიწყებული ალეპოს კიდევ ერთ შედეგზე ამახვილებს ყურადღებას 21 დეკემბერს ამერიკის ყოველკვირეულ გაზეთ, „ნიუსვიკში“ გამოქვეყნებული პუბლიკაცია, რომლის თანახმად, რუსეთის ელჩის მკვლელობა ანკარაში და თავდასხმა ბერლინის საშობაო ბაზრობაზე, უკვე არის გამოძახილი იმ შედეგებისა, რაც მოჰყვება ალეპოში მიმდინარე კონფლიქტს. "აღმოსავლეთ ალეპოსკენ მიმავალი დამკვირვებლები შესაძლებელია გააჩერონ ნებისმიერ გამშვებ პუნქტთან და ამის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ შიიტმა სამხედროებსაც და ბაშარ-ალ ასადის სამთავრობო ძალებსაც. ასეთ პირობებში დამასკიდან ალეპომდე მისასვლელად შესაძლებელია მათ საათები და დღეები დასჭირდეთ... სანამ დოკუმენტები დამასკში მაგიდაზე იდება, ამ პერიოდში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს“, - წერს „ნიუსვიკი“.

დასავლეთის მედიაში გასული კვირაში კვლავ განიხილებოდა ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ხელისუფლების შესაძლო ჩარევის თემა. ამჯერად შემოვიფარგლებით მხოლოდ ამერიკის ანალიტიკური გამოცემა „პოლიტიკოთი“, რომელიც აქვეყნებს წერილს სათაურით - „ნუ გახდები პუტინისთვის სასარგებლო იდიოტი“. წერილი მიუთითებს საფრთხეზე, რომლის თანახმადაც ტრამპი შესაძლოა ვერც მიხვდეს ვისთან აპირებს ურთიერთობებს: „პუტინი გარიგებების კაცი არ არის. ის არც რეალისტია. ის არის კაცი, რომელიც მოქმედებს ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბეული რწმენა-წარმოდგენებით და მიზნების მთელი წყებით“. წერილის ავტორი ერთმანეთს ადარებს ტრამპის და ობამას, ასევე მათი სახელმწიფო მდივნების შეხედულებებს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების თაობაზე. მაგალითად, თუკი ობამა თვლის, რომ „რუსეთი არის პატარა და სუსტი ქვეყანა, რომელიც გაზისა და ნავთობის გარდა, არც არაფერს აწარმოებს“, ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის შეძლებს ააწყოს ურთიერთობებს ვლადიმერ პუტინთან.

რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების პერსპექტივის კიდევ უფრო მეტად სჯერა ალბერტ ჰანტს, რომელმაც 18 დეკემბერს ამერიკის გამოცემა „ბლუმბერგის“ გვერდზე წერილი გამოაქვეყნა. ავტორის თანახმად, დონალდ ტრამპისთვის რუსეთი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მოსაზრების განსამტკიცებლად, მას მოჰყავს ფაქტი, რომლის მიხედვითაც ტრამპმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარადგინა რექს ტილერსონი, ადამიანი რომლის ბიზნესს კავშირი აქვს რუსეთთან, მაშინ როდესაც, შენიშვნას წერილის ავტორი, სახელმწიფო მდივნის პოსტზე ერთ-ერთი კანდიდატი, რესპუბლიკელი მიტ რომნი რუსეთს ასახელებდა ამერიკის შეერთებული შტატების „უპირველეს გეოპოლიტიკურ მტრად“. „1980-იან წლებში, საბჭოთა კავშირის მიმართ რონალდ რეიგანის პოლიტიკა ასე ხასიათდებოდა - „ენდე, მაგრამ გადაამოწმე“. პუტინის კრიტიკოსები შიშობენ, რომ ტრამპმა შესაძლოა უგულებელყოს ამ პოლიტიკის მეორე ნაწილი“, - წერს ბლუმბერგი.